სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დანერგვა მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში სახელმწიფო სახსრების რაციონალური, პროდუქტიული და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, რომელიც საბოლოო ჯამში
მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე აისახება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2010-2012 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლენილ იქნა, რომ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების თანხლებით მიმდინარეობს, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად.
აუდიტის მოტივი
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საჯარო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას და სახელმწიფო სახსრების ეფექტიანად მართვას, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, გადახდილი გადასახადებით მიიღონ უკეთესი სახელმწიფო მომსახურება.
ამასთანავე, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დანერგვა საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკომისიის წინაშე აღებული ვალდებულებაა და ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
შიდა ფინანსური კონტროლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წელს სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“[1] კანონის მიღებამ, რომელმაც ფაქტობრივად შიდა კონტროლის დანერგვას ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნული კანონით, სამინისტროებს დაევალა შიდა აუდიტის სტრუქტურული ერთეულების შექმნა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც საჯარო ფინანსების რაციონალური ხარჯვის მთავარი მეთვალყურე, უშუალოდ არის დაინტერესებული რეფორმის წარმატებული განხორციელებით.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის განხორციელების პროცესში არსებულ პრობლემებზე მიანიშნებს.
აუდიტის მიზანი
შეაფასოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის მიმდინარეობა და გამოავლინოს ის პრობლემები, რომლებიც აფერხებს რეფორმის დროულ და სრულყოფილ განხორციელებას; ამიტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს, ჰარმონიზაციის ცენტრისა და სხვა სამინისტროების მიერ რეფორმის განხორციელების პროცესში გატარებული ღონისძიებები.
ეფექტიანობის აუდიტი განხორციელდა ISSAI-ის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდებით.
მნიშვნელოვანი მიგნებები
- შიდა აუდიტის ანგარიშებში კვლავ ფართოდ გამოიყენება ინსპექტირების მიდგომა - აქცენტი კეთდება დარღვევების გამოვლენასა და შესაბამისი სანქციების დაწესებაზე. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ შიდა აუდიტორებს არ აქვთ თანამედროვე შიდა აუდიტორისთვის საჭირო პროფესიული კომპეტენცია.
- ჰარმონიზაციის ცენტრმა ვერ უზრუნველყო საკმარისი და განგრძობადი ტრენინგების ორგანიზება შიდა აუდიტორთა პროფესიული უნარების გასავითარებლად. შედეგად, არასაკმარისი პროფესიული მომზადების გამო, შიდა აუდიტის ერთეულებს არ შესწევთ უნარი ჩაატარონ აუდიტები, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობისთვის დამატებით ღირებულებას შექმნიდა და შესაბამისობაში მოვიდოდა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან. ამას გარდა, სამინისტროებმა გამოიჩინეს არასაკმარისი ინიციატივა და ვერ შეძლეს, გადაეჭრათ საკადრო პრობლემები - გამოცდილი შიდა აუდიტორების დასაქირავებლად გამოეყენებინათ მოქნილი მიდგომები და უზრუნველეყოთ საკუთარი ტრენინგების ორგანიზება.
- არსებული ტრენინგისა და დაქირავების პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს ტრადიციული სახის აუდიტებისთვის სათანადო მზადყოფნას. ამასთან, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სისტემური და ეფექტიანობის აუდიტების ჩატარებისთვის მზადება, რომლებიც „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონით 2013 წლიდან უნდა განხორციელდეს, აუდიტის პერიოდში არ იყო დაწყებული.
- მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული იმგვარი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლითაც ფინანსთა სამინისტრო შეძლებს რეალურად განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დანერგვის კოორდინაციის ფუნქცია. უშუალოდ ჰარმონიზაციის ცენტრი არ წარმოადგენს ქმედით, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე ერთეულს, რომელიც ეფექტიანად დაეხმარება სამინისტროებს შიდა კონტროლის დანერგვის პროცესში.
- შიდა აუდიტის ერთეულების დამოუკიდებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება უკეთესი შიდა აუდიტის პრაქტიკის მქონე ქვეყნებში, საქართველოში გამოყენებული არ არის. შიდა აუდიტორთა დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია მათი დანიშვნისა და გათავისუფლების მეთოდები, რომელთა სათანადოდ განსაზღვრა მათი დამოუკიდებლობის გარანტიაა.
- ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტის დანერგვა სახელმწიფო სექტორში არ დაწყებულა, რომლის გარეშე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სრულად დანერგვა შეუძლებელია. ჰარმონიზაციის ცენტრში საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული შესაბამისი დანაყოფი, რომელიც მხოლოდ ფინანსური მართვისა და კონტროლის ხელშეწყობაზე იქნება კონცენტრირებული, ჯერ არ შექმნილა.
- ჰარმონიზაციის ცენტრი და სამინისტროები საკმარისად ვერ თანამშრომლობენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთაც ამგვარი რეფორმის პროცესში მყოფი ქვეყნების დახმარების დიდი გამოცდილება აქვთ.
რეკომენდაციები
ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობამ უზრუნველყონ საკანონმდებლო ცვლილებათა მომზადება და ინიცირება, რომელთა შედეგადაც:
- ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებული გახდება ფინანსთა მინისტრის წინაშე და გაუმჯობესდება მისი ქმედითუნარიანობა. ჰარმონიზაციის ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც მუდმივმოქმედი, კომპეტენტური ერთეული.
- ჰარმონიზაციის ცენტრში ჩამოყალიბდება 2 დანაყოფი, რომელთაგან ერთი იზრუნებს შიდა აუდიტის, ხოლო მეორე ფინანსური მართვისა და კონტროლის კოორდინირებასა და დანერგვაზე საჯარო სექტორში.
- განხორციელდება იმ საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკის გამოყენება, რომელიც დაიცავს შიდა აუდიტის ერთეულებისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ დამოუკიდებლობას.
- ჰარმონიზაციის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე ;დანიშვნა მოხდება შესაბამისი პერიოდით, იგი ანგარიშვალდებული იქნება უშუალოდ ფინანსთა მინისტრის წინაშე და მას მიენიჭება ის უფლება-მოვალეობანი, რომლებიც რეფორმის სტაბილურად წარმართვას შეუწყობს ხელს.
ჰარმონიზაციის ცენტრმა:
- უნდა უზრუნველყოს შესაფერისი და საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება (განსაკუთრებით, კანონის ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე).
- უნდა უზრუნველყოს შიდა კონტროლის დანერგვისათვის საჭირო ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების გამოცემა და სრულყოფა.
- მიიღოს ზომები საკუთარი კომპეტენციის გასაუმჯობესებლად და აქტიურად გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის თანამედროვე გზები.
სამინისტროებმა:
- გამოიყენონ მოქნილი მიდგომა სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე შიდა აუდიტორების დასაქირავებლად. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს საკითხს მრავალფეროვანი ცოდნის ბაზის არსებობის შესახებ.
- უზრუნველყონ შიდა აუდიტის ერთეულის თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განვითარება.
[1] 2011 წლის 9 დეკემბრის რედაქციით ცვლილება შევიდა 2010 წლის საქართველოს კანონში „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“, რის შედეგადაც იგი ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“.