სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
არაფინანსური აქტივების და საწყობის მართვის ნაკლოვანებები
შემოწმებული 9 ორგანიზაციიდან 8-ში გამოვლინდა, რომ:
- სრულყოფილად არ არის დანერგილი არაფინანსური აქტივების მართვის ელექტრონული პროგრამა;
- არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციები აღირიცხება სხვადასხვა არასისტემატიზებული საშუალებით, რაც ვერ უზრუნველყოფს სწრაფი და ზუსტი მმართველობითი ანგარიშების გენერირებას;
- რეგისტრებში აქტივების შესახებ ინფორმაციები არასრულყოფილია;
- არ არის განსაზღვრული ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები;
- არ არის შემუშავებული ინფორმაციაზე წვდომის და დაშვების პოლიტიკები;
- არ არის დანერგილი ერთიანი მიდგომა არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებით, ორგანიზაციები ერთგვაროვან აქტივებთან დაკავშირებით აღრიცხავენ და წარმოადგენენ განსხვავებულ ინფორმაციებს.
არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის არსებული მიდგომები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს აქტივების შესახებ სრული და ოპერატიული ანგარიშების წარმოდგენას, არაფინანსური აქტივები და მათ შესახებ ინფორმაციები არ არის დაცული დაკარგვისა და დაზიანებისაგან, შედეგად, რთულდება სწრაფი და ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისა და ინვენტარიზაციის განხორციელების პროცესი.
ინვენტარიზაციის პროცესის ნაკლოვანებები
სახელმწიფო კომპანიებში ინვენტარიზაციის პროცესის ხარვეზები - სახელმწიფო კომპანიებში ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესზე საზედამხედველო კონტროლი არ არის ეფექტური, არ არის დადგენილი სახელმწიფო კომპანიების მიერ ზემდგომი ორგანოსათვის (პარტნიორისათვის) ინვენტარიზაციის მასალების, გამოუყენებელ და ჩამოსაწერ ქონებებზე ინფორმაციის წარდგენის ვადები, შედეგად, იზრდება აქტივების არაეკონომიურად, არამიზნობრივად და არაეფექტურად გამოყენების რისკი.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ნაკლებობა - ინვენტარიზაციის პროცესში შემოწმებული 9 ორგანიზაციიდან, 2019 წელს ინვენტარიზაცია ჩატარდა 5 ორგანიზაციაში. 3 ორგანიზაციაში საინვენტარო აღწერები ტარდება მანუალურად და არ არის გამოყენებული საინვენტარო აღწერის ელექტრონული საშუალებები, შტრიხკოდის წამკითხველები (სკანერები), რაც იწვევს ინვენტარიზაციის პროცესის დროში გაჭიანურებას, დამატებით ხარჯებს და შეცდომით ან თაღლითობით დაშვებულ უზუსტობის რისკებს.
ფინანსური აქტივების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ნაკლოვანებები - შემოწმებული ორგანიზაციების უმეტესობის მიერ, ფინანსური აქტივების და ვალდებულებების ინვენტარიზაციისას არ ხორციელდება ანაზღაურების შესაძლებლობისა და ზუსტი ნაშთის დადგენა. შედეგად წარმოიშობა რისკი, რომ ფინანსური ანგარიშგება შეიცავდეს არსებითი ხასიათის უზუსტობებს, ასევე შესაძლოა შეფერხდეს დებიტორული დავალიანებების ანაზღაურების პროცესი.
საგადასახადო ვალდებულებების ინვენტარიზაციის ხარვეზები - ეროვნულ ბიბლიოთეკას არ შეუფასებია საგადასახადო ვალდებულებების ხანდაზმულობის საკითხი, არ მოუპოვებია ინფორმაციები და არ მიუღია გადაწყვეტილება ასეთი დავალიანებების ჩამოწერაზე ან/და მისი დაფარვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. შესაბამისად, არ არის შესრულებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და არის რისკი, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ვალდებულებები გაზრდილად იყოს წარმოდგენილი.
საბიუჯეტო ორგანიზაციებში საინვენტარიზაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესში ნორმატიული დოკუმენტით დადგენილი ფორმები ვერ პასუხობს ინვენტარიზაციით მისაღწევ მთავარ მიზნებს, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს აქტივების მდგომარეობის,გამოყენების, შენახვის და გაუფასურების საკითხების შეფასებას, დოკუმენტირებას და საჭიროებს დახვეწას.
გამოუყენებელი და ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი აქტივების იდენტიფიცირება და შემდგომი განკარგვა
ორგანიზაციებში სათანადოდ არ ხორციელდება გამოუყენებელი და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი აქტივების იდენტიფიცირება და ზემდგომ ორგანოსთან ერთად შემდგომი განკარგვის ღონისძიებების გატარება, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს მისაღებ შემოსავლებზე.
სპეციფიკური აქტივების აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ნაკლოვანებები
შესწავლილი 9 ორგანიზაციიდან 5 ფლობს და აკონტროლებს სპეციფიკურ აქტივებს, რომელთა აღრიცხვის და ინვენტარიზაციის პროცესი რეგულირდება შიდა წესებით და ხარვეზებით ხასიათდება, ასეთი აქტივებია:
- საბიბლიოთეკო ფონდები;
- სამუზეუმო ფასეულობები;
- მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონებები;
- სახელმწიფო მიწები და შენობები;
- სახელმწიფო კომპანიებში არსებული წილები;
- სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და იჯარით გაცემიდან წარმოქმნილი მოთხოვნები, მათ შორის დარიცხული პირგასამტეხლოები.
აუდიტის ობიექტების მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული სპეციფიკური აქტივების აღრიცხვის და ინვენტარიზაციის პროცესები ხასიათდებოდა შემდეგი ნაკლოვანებებით:
საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის ნაკლოვანებები
- საბიბლიოთეკო ფონდების შესახებ ელექტრონული მონაცემები არასრულყოფილია, ხოლო ინვენტარიზაციის პროცესი არ არის ფორმალიზებული, არ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები და საბიბლიოთეკო ფონდების შედგენის სამართლებრივი ბაზა საჭიროებს განახლებას. შედეგად, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და მკითხველი მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სრულყოფილი და ოპერატიული ინფორმაცია ფონდებში რიცხული აქტივების, მათი მიღების, გასვლის და გადაადგილების შესახებ;
- ეროვნული ბიბლიოთეკის ბუღალტრულ ანგარიშებში, საბიბლიოთეკო ფონდების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია სინთეზურად, ნაცვლად ანალიზურისა, ამიტომ ვერ ხერხდება აქტივების იდენტიფიცირება და შეუძლებლია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ინვენტარიზაციის პროცედურების დაგეგმვა და ჩატარება;
- ვინაიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ არის შემუშავებული მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იქნებოდა არსებული ფონდების შესახებ ინფორმაცია, განუსაზღვრელია ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა და ინვენტარიზაციას დაქვემდებარებული აქტივების მოცულობა;
- ინვენტარიზაციის ბრძანებით არ არის განსაზღვრული, თუ რომელ ფონდს განყოფილებას ან შესაბამისი ფორმატის წიგნს უნდა ჩაუტარდეს ინვენტარიზაცია. არ არის შემუშავებული და გაწერილი ინვენტარიზაციის ჩატარების ტექნიკური საკითხები. გაურკვეველია, თუ რა მეთოდის გამოყენებით ხდება კომისიის მიერ შესაბამისი ობიექტის შერჩევა და პროცედურების განხორციელება.
სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ხარვეზები
- გამოვლინდა, რომ არ არის უზრუნველყოფილი სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და მართვის მოქნილი, ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რაც ხელს უშლის სამუზეუმო ექსპონატების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, შენახვას და პოპულარიზაციას, ართულებს ინვენტარიზაციის პროცესს და ზრდის სამუზეუმო ფასეულობათა დაკარგვის და უკანონო გამოყენების რისკებს;
- ხელოვნების სასახლეში, 2009 წელს დაწყებული ინვენტარიზაციის შედეგად, სამინისტროს თანხმობით, ჩამოიწერა ადრეულ პერიოდში დანაკლისად აღიარებული და დაზიანებული ნივთები. მოქმედი ინსტრუქციით, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია წარედგინება სამინისტროს, თუმცა, ამავე ინსტრუქციაში არ არის გათვალისწინებული დანაკლისებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოთა მიმართვის საკითხი. შესაბამისად, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე რეაგირების მიზნით გატარებული ღონისძიებები სრულყოფილად არ განხორციელებულა;
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სამხატვრო აკადემიაში საინვენტარო წიგნებში აღწერილია და ინფორმაცია დამუშავებულია მხოლოდ 625 ექსპონატის შესახებ. შედეგად, სამხატვრო აკადემია სრულად არ ფლობს ინფორმაციას მის საკუთრებაში არსებული ექსპონატების შესახებ, რაც ზრდის მათი დაკარგვის ან უკანონო გამოყენების რისკებს.
მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების ინვენტარიზაციის ხარვეზები
მიქცეული და განსაკარგავად გადმოცემული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა, მომსახურების სააგენტოს მიერ სამ წელიწადში ერთხელ არის განსაზღვრული, რაც საჯარო სექტორისთვის განსაზღვრულ 1 წლიან ვადას, მნიშვნელოვნად აღემატება და ვერ უზრუნველყოფს მყისიერ კონტროლს აქტივების დაცულობაზე. ასევე, ბრძანებით არ არის განსაზღვრული ინვენტარიზაციის ჩატარების ტექნიკური საკითხები და გასაფორმებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, მომსახურების სააგენტოში ინვენტარიზაციის პროცესი არ არის სისტემატიზებული.
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში წარსადგენი ინფორმაციის ნაკლოვანებები
- ახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ბალანსზე ირიცხება მშენებლობები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომელთა ბალანსიდან ჩამოწერა და შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემა ჯერ კიდევ დაუსრულებელია;
- სახელმწიფო მიწების და შენობების აღრიცხვა ქონების ეროვნულ სააგენტოში არ ხორციელდება, შესაბამისად, აღნიშნულ ქონებებს არ უტარდებათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ინვენტარიზაცია;
- ქონების სააგენტოს მიერ სრულყოფილად არ არის აღრიცხული სახელმწიფო კომპანიებში არსებული წილები. ასევე არ განხორციელებულა ინვენტარიზაცია
- ქონების სააგენტოში სახელმწიფო ქონებების პრივატიზებიდან და იჯარის გაცემიდან წარმოქმნილი ფინანსური აქტივები, მათ შორის, დარიცხული პირგასამტეხლოები სრულყოფილად აღრიცხული არ არის.
ყველა ზემოთ აღწერილი საკითხი მოწმობს, რომ სახელმწიფოს ნაერთი ფინანსური ანგარიშგება ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სამართლიან წარდგენას, ვინაიდან არსებითი ოდენობის აქტივი და ვალდებულება, საჭიროებს ზუსტ და დროულ აღრიცხვას.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნამუშევარი დროის და გადაადგილების აღრიცხვის კონტროლის სისუსტეები
სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიაში GPS მონიტორინგის პროცესი არ იძლევა საწარმოს საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენების სრულყოფილი ანალიზის საშუალებას, ხოლო ანგარიშგების არსებული წესები სრულად ვერ უზრუნველყოფს ტექნიკა-იმპლემენტების არასათანადო გამოყენების ფაქტების გამოვლენას.
მედიკამენტების და სხვა მარაგების ინვენტარიზაციის ნაკლოვანებები
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ, აქტივების აღწერა და ყოველთვიური ანგარიშების წარმოდგენა ხასიათდება საიმედოობის დაბალი დონით და ვერ უზრუნველყოფს აქტივების ზუსტი ნაშთის და არსებობის დადასტურებისათვის სათანადო კონტროლს.