სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 19 ნოემბერი, 2021
საჯარო სექტორში IT პროექტების მართვის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017, 2016, 2015, 2014

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და ელექტრონული მმართველობის პროცესების დანერგვა საჯარო სექტორში. სახელმწიფო უწყებებში ბიზნეს-პროცესებმა ფურცლიდან ელექტრონულ სისტემებში გადაინაცვლა და მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. ელექტრონული სისტემების გამოყენებამ ხელი შეუწყო საოპერაციო ხარჯებისა და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების შემცირებასა და საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან, პროდუქტიულ და ეკონომიურ გამოყენებას.

ქვეყნის განვითარების პარალელურად, წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საჯარო სერვისების დიჯიტალიზაციის მიმართულებით. ელექტრონული სისტემები ინტეგრირდა საჯარო ფინანსების, ჯანდაცვის, სახელმწიფო შესყიდვების მართვისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვა სფეროებში. საჯარო სერვისების ტრანსფორმაციისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროცესების სისტემატიზაციისათვის 2014 წელს შეიქმნა ელექტრონული სტრატეგია. დოკუმენტით განისაზღვრა ქვეყნის პრიორიტეტები და შესაბამისი აქტივობები ელექტრონული სერვისების განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საჯარო სექტორში IT პროექტების განხორციელების ორი ძირითადი პარამეტრის − დროულობისა და ხარჯების აღრიცხვის პრაქტიკა, ასევე აღნიშნული პროცესების სათანადოდ წარმართვისთვის აუცილებელი მექანიზმების არსებობა.

აუდიტი მოიცავს 2014-2019 წლებს და შეისწავლის საკუთარი ადამიანური რესურსით შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის IT პროექტებს.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

  • სახელმწიფო ორგანიზაციების მიდგომა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესისადმი არაერთგვაროვანია. კერძოდ, ცალკეულ პროექტზე გაწეული ხარჯებისა და შესაბამისი დროითი ჩარჩოს იდენტიფიცირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია ერთი უწყების (მომსახურების მიმწოდებელი უწყების) მიერ სხვა საჯარო უწყებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე ან დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით. პროგრამული უზრუნველყოფის საკუთარი ადამიანური რესურსით შექმნის შემთხვევაში, არ განისაზღვრება ცალკეული პროექტისათვის შესაბამისი ხარჯი და დროითი ჩარჩო.

შესწავლილი ხუთი უწყებიდან მხოლოდ ერთ უწყებაშია განსაზღვრული გაწეული ხარჯების კალკულაციის მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება ხელშეკრულების საფუძველზე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების შემთხვევაში.

აღნიშნული ინფორმაციის არარსებობის პირობებში შეუძლებელია მონიტორინგის განხორციელება და პროექტისათვის საჭირო რესურსების შეფასება, როგორც პროექტის განმახორციელებლის, ასევე ცენტრალური მთავრობის ან/და შესაბამისი მაკოორდინირებელი უწყების დონეზე.

  • ინდივიდუალური უწყებების დონეზე IT პროექტების მართვის სისუსტეები ნაწილობრივ განპირობებულია ცენტრალური მთავრობის მიერ აღნიშნული პროცესების კოორდინაციისა და შესაბამისი მარეგულირებელი გარემოს მიმართულებით არსებული ნაკლოვანებებით.

კოორდინაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია ელექტრონული სტრატეგიით გათვალისწინებული მაკოორდინირებელი უწყებების, სსიპ − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ფუნქციები. უკეთესი პრაქტიკისაგან განსხვავებით, IT პროექტების მართვისა და მონიტორინგის, ასევე ანგარიშვალდებულების ქმედითი მექანიზმები განსაზღვრული არ არის. კერძოდ, ელექტრონული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინაციის სტრატეგიულ და საოპერაციო დონეებზე იდენტიფიცირებული მაკოორდინირებელი უწყებებისათვის არ განსაზღვრულა დეტალური ფუნქციები, პასუხისმგებლობები და როლები (დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციისა და IT პროექტებზე პერიოდული მონიტორინგის ჩათვლით).

ამასთანავე, სააგენტოს არსებული იურიდიული ფორმა, მისი სტრუქტურული დაქვემდებარება და მანდატი შესაძლოა არ იყოს შესაფერისი მაკოორდინირებელი ფუნქციის სათანადო ხარისხით განხორციელებისთვის. სააგენტო იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მისი უფლებამოსილება, კრიტერიუმისაგან განსხვავებით, რიგ შემთხვევაში არ არის საკმარისი საჯარო სექტორის მასშტაბით მნიშვნელოვანი ელექტრონული მმართველობის პრაქტიკის დანერგვის სათანადოდ ხელშეწყობისთვის. კერძოდ, სააგენტოს შესახებ კანონსა და დებულებაში არ არის განსაზღვრული ელექტრონული მმართველობის მიმართულებით საჯარო სექტორის მონიტორინგის უფლებამოსილება.

  • მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების ქმედითი მექანიზმების არარსებობამ განაპირობა ელექტრონული სტრატეგიით გათვალისწინებული ზოგიერთი პროექტის არასათანადო შესრულება/შეუსრულებლობა. მაგალითად, უკეთესი პრაქტიკის მიხედვით, ელექტრონული მმართველობის ეფექტიანი განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია ცალკეული IT პროექტის მართვის ერთიანი მოდელისა და მიდგომის შემუშავება. აღნიშნული მიმართულების აუცილებლობა ელექტრონული სტრატეგიისა და საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევშიც აისახა სააგენტოსათვის საწარმოო არქიტექტურისა და ურთიერთთავსებადობის ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების ვალდებულების სახით. თუმცა, შესაბამისი აღსრულების მექანიზმების არარსებობის პირობებში IT პროექტების მართვის ერთიანი მიდგომისა და, მათ შორის, ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია სააგენტოს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციას არ განუხორციელებია აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი ხარვეზების იდენტიფიცირება.

ზემოაღნიშნული გარემოების შედეგად, საჯარო სექტორში შემუშავდა რამდენიმე თვისობრივად მსგავსი პროექტი, რომლებზეც სხვადასხვა უწყების მიერ გამოიყო ადამიანური რესურსი და საბიუჯეტო სახსრები. შედეგად, საჯარო სექტორში დღესდღეობით გამოიყენება რამდენიმე ადამიანური რესურსებისა და დოკუმენტბრუნვის მართვის ელექტრონული სისტემა.

ამასთანავე, აუდიტის ფარგლებში იდენტიფიცირდა სხვადასხვა უწყების მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფების ტექნიკურ თავსებადობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები. კერძოდ, იმისათვის, რომ სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით საჯარო სექტორს ერთმანეთში გაეცვალა მონაცემები, საჭირო გახდა ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. 
აუდიტის მიმდინარეობისას სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მიმდინარეობდა რიგით მეორე ელექტრონული მმართველობის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. შესაბამისად, განახლებული სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელებისა და IT პროექტების უკეთესად მართვის მიზნით, მიზანშეწონილია დაინტერესებული მხარეების მიერ გათვალისწინებულ იქნეს წინამდებარე ანგარიშში იდენტიფიცირებული გამოწვევები და აღნიშნულ სფეროში დაგროვებული გამოცდილება.
 

მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ელექტრონული მმართველობის პროცესების კოორდინაციაზე პასუხისმგებელმა უწყებამ:

  • ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ან/და მატერიალური IT პროექტების ეფექტიანი და დროული მართვისათვის უზრუნველყოს ანგარიშვალდებულების ქმედითი მექანიზმების შექმნა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს:
    • პროექტის განხორციელება/კოორდინაცია/მონიტორინგში ჩართული მხარეების დეტალურ როლებს, პასუხისმგებლობებს, მათ შორის, კომუნიკაციის ფორმასა და პერიოდულობას.

მთავრობის ადმინისტრაციამ და სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტომ უზრუნველყონ:

  • ქვეყნისათვის სტრატეგიულად და მატერიალურად მნიშვნელოვანი პროექტების საოპერაციო/ტექნიკურ დონეზე მონიტორინგის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო მანდატისა და უფლებამოსილების საკითხების იდენტიფიცირება სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტოსათვის და შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა.

სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტომ, როგორც ციფრული მმართველობის მიმართულებით შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაზე უფლებამოსილმა უწყებამ, მთავრობის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით: 

  • განსაზღვროს IT პროექტების მართვის ერთიანი მოდელი და სახელმძღვანელო     დოკუმენტები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ან/და მატერიალური პროექტებისათვის დროითი ჩარჩოსა და ბიუჯეტის იდენტიფიცირება და პროექტების ურთიერთთავსებადობის ხელშეწყობა. აღნიშნული, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
    • IT პროექტების მენეჯერებისათვის სახელმძღვანელო მითითებებს, პროექტად იდენტიფიცირების კრიტერიუმებს/სტანდარტებსა და პროექტისათვის სავალდებულო პარამეტრების განსაზღვრას - ბიუჯეტსა და დროით ჩარჩოს;
    • ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის ჩარჩოს;

ამასთანავე, ხელი შეუწყოს აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების გამოყენების წახალისების მიზნით საჯარო სექტორში ცნობიერების ამაღლებას.

  • შეიმუშაოს ქვეყნისათვის სტრატეგიულად და მატერიალურად მნიშვნელოვანი IT პროექტების შეფასების ქმედითი სისტემა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თვისობრივად მსგავსი პროექტების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი მართვა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს:
    • სხვადასხვა უწყების მიერ ინიციირებული IT პროექტების განხილვასა და შერჩევას;
    • შერჩეული პროექტების IT პროექტების მართვის ერთიან მოდელთან შესაბამისობის დადგენას;
    • შესაბამისი დროითი და ფინანსური პარამეტრების მონიტორინგს.