სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სენაკის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 15.0% და 16.0% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში ერთი მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი ინფრასტრუქტურა - მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 284.2 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია და გაწეულია მხოლოდ 365.5 ათასი ლარის ხარჯი. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
სახელმწიფო შესყიდვების მართვა
სატენდერო ხარვეზი - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ ერთ შემთხვევაში დაუსაბუთებლად მისცა პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია, ხოლო მეორე შემთხვევაში – ტენდერი შეწყვიტა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა 339.7 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
სამუშაოების მიწოდების ვადის დაუსაბუთებელი ზრდა - მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა. შესყიდვების პროცესის კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა გეგმა-გრაფიკის დარღვევისას მიმწოდებლებს პირგასამტეხლო არ დაარიცხა. აღნიშნული ქმედებების შედეგად მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო, დაახლოებით, 497.9 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.
ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, საშუალოდ, 65 ერთეულით აღემატება საკრებულოს მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
ინვენტარიზაცია
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.