სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 07 თებერვალი, 2020
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში − 19,809.0 ათასი ლარი

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

  • მუნიციპალიტეტმა წყლის სისტემის, საგზაო სამუშაოების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ თავი აარიდა ელექტრონულ ტენდერებს და მათი შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვით, როგორც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუმცა შესაბამისი საფუძვლები არ არსებობდა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. გარდა აღნიშნულისა, ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო, პრეტენდენტთა მიმართ პროპორციული მიდგომა და შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობა.
  • მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას. კერძოდ, შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, ხოლო ექსპერტიზა შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გამოკვლევის მიზნით ჩატარებული არ არის და ეხება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
  • 2018 წელს საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მიზეზები, რის გამოც მიმწოდებელმა დროულად ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, არ არის სათანადოდ არგუმენტირებული. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ქმედებით თუ უმოქმედობით, დაკარგა ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის განსაზღვრული, საბანკო გარანტიის შესაბამისი თანხის მიღების შესაძლებლობა.
  • არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის არასათანადო მიდგომის გამო, დაუსრულებელია სოფ. ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე დაუსრულებელია ქ. სიღნაღში დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობისა და ქ. წნორში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების ნაწილი. მიუხედავად ამისა, როგორც პროექტანტის, ასევე საექსპერტო კომპანიის მიმართ, რომელმაც საპროექტო დოკუმენტაციაზე დადებითი დასკვნა გასცა, მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.
  • მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გამო, საგზაო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ხოლო ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება გაუფორმდა კომპანიას, რომელმაც იგივე სამუშაოები შეასრულა უფრო მეტი ღირებულებით. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაიხარჯა არაეკონომიურად.
  • მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტში არასაკმარისი კონტროლის მექანიზმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, დასუფთავების მოსაკრებლის მნიშვნელოვანი წილის გადამხდელები არიან ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირები. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის სრული აღრიცხვა. შედეგად, მუნიციპალიტეტში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას, დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე.
  • 2018 წელს ქ. სიღნაღისა და ქ. წნორის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 184 მოქალაქისათვის საკვების მომზადებისა და მიწოდების მომსახურებას შემსრულებელი ახორციელებდა არაჯეროვნად. მიუხედავად ამისა, მერიას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. შედეგად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი მომსახურება.
  • მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი.
  • 2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გრანტის სახით გადაეცა ფინანსური რესურსი. მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა ა(ა)იპ-მა და შედეგად რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
  • 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე არ არის დაწესებული სათანადო კონტროლი. შედეგად, არსებობს რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები და არ მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
  • მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევას, რისკების მართვასა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ.

რეკომენდაცია №1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, დროულად დაგეგმოს მიღებული შემოსულობების და საკუთარ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ხარჯვა. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის განსახორციელებლად, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობისათვის მიწოდებულ მუნიციპალურ სერვისებს.

რეკომენდაცია №2. მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, მოქმედი სტანდარტების დაცვით, სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის  შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც ევალებოდათ სამუშაოების მონიტორინგი, ობიექტების მიღება და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №3. სიღნაღის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ანგარიშსწორება არ განახორციელოს მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. გასული პერიოდის ხელშეკრულებებისათვის საჭიროა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა.

რეკომენდაცია №4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს ტენდერის შეწყვეტის მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიური და რაციონალური მართვა. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შერჩევა-შეფასების თითოეულ ეტაპზე დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს სატენდერო პროცესის სრულყოფილად წარმართვას და პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის დადგენას სატენდერო მოთხოვნებთან.

რეკომენდაცია №5. მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ასევე საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ, რომელიც მიზანშეწონილია დაფუძნებული იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პრინციპებზე. მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს საწვავის ხარჯვის საკითხი და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების მიმართ.

რეკომენდაცია №6. მუნიციპალიტეტის მერიამ, დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის გაანგარიშება. ასევე დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მობილიზებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას.

რეკომენდაცია №7. მუნიციპალიტეტის მერიამ, შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის, არ გადაიხადოს დამატებითი სახსრები. მიზანშეწონილია, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში სათანადო კვალიფიკაციის პირების დასაქმებას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს შეუძლია შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1% მიმართოს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №8. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ აანაზღაუროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულად შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №9. მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან. შედეგად, შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების (მეტობა ან დანაკლისი) დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, რაც გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.

რეკომენდაცია №10. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარად წარმართვა, რომ შესაძლებელი იყოს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლა და შეფასება, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენა. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №11. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს, რატომ არ განხორციელდა სათანადო რეაგირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის დროს გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, დამატებით შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ანგარიშში მითითებული დარღვევა-ნაკლოვანებების სრულად აღმოსაფხვრელად. ასევე გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევა-ნაკლოვანებაზე რეაგირება.