სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დასვენება და კულტურა 13 მარტი, 2020
სპორტული ინფრასტუქტურის მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017, 2016, 2015

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სადაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსახლეობაში და განსაკუთრებით, მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენება და სპორტის პოპულარიზაცია, რომლის განხორციელებაშიც დიდ როლს თამაშობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი ერთეულები.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „თბილისი 2015“-ის ფარგლებში რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სპორტული ინფრასტრუქტურის შემდგომი გამოყენებისთვის განხორციელებული ღონისძიებები. გააანალიზა მართვასთან დაკავშირებული საკითხები და სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენების გაუმჯობესების პოტენციალი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების უფრო შედეგიან ხარჯვასა და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გრძელვადიან პერიოდში პროდუქტიულ გამოყენებას.

სამინისტროს არ გააჩნია სამოქმედო გეგმა ფესტივალის ფარგლებში აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული ობიექტების შემდგომი გამოყენების შესახებ. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული კონკრეტული მიზნები, მათი მიღწევის მექანიზმები და შეფასების ინდიკატორები, რაც ხელს შეუწყობს ობიექტების პროდუქტიულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

ფესტივალისთვის აშენებული სპორტული ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა. აღნიშნულ პროცესში არ იყო გათვალისწინებული გეოგრაფიული მდებარეობისა და ხელმისაწვდომობის საკითხები, რაც საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით აპრობირებული მეთოდია.

სამინისტროს არ ჰქონდა შემუშავებული შესაბამისი გეგმა და კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც გამოიყენებდა ფესტივალის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების მონეტარული და სოციალური სარგებლის შესაფასებლად. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემდა გაანალიზებულიყო ფესტივალის ფარგლებში ქვეყნისთვის მისაღები პოტენციური სარგებელი, მიღწევის გზები, შეფასების ინდიკატორები და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები.

სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, ინვესტირებული კაპიტალის შემოსავლიანობის (ROI) ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სპორტული ობიექტებიდან შემოსავლების მიღების არსებული ტემპით გაგრძელების პირობებში, ინვესტიციების ანაზღაურების კოეფიციენტი 8%-ს გაუტოლდება, რაც ღონისძიებიდან მიღებული სარგებლის დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს. რაც შეეხება სოციალურ სარგებელს, სტატისტიკური ანალიზიდან არ იკვეთება ფესტივალის პოზიტიური ეფექტი ტურისტების მოზიდვასა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე.

სპორტული ობიექტების შემოსავლები არასტაბილურია და გარკვეულ შემთხვევებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. გარკვეული სპორტული ობიექტების ფუნქციონირების შედეგად გაწეული ხარჯი აჭარბებს მიღებულ შემოსავალს, ხოლო რიგ შემთხვევებში, ფუნქციონირებით მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოდ ფარავს ხარჯებს, მაშინ როდესაც მოცემული მიმართულებები სპორტის ერთ-ერთი მოთხოვნადი სახეობაა ბაზარზე.

სპორტული ობიექტების დატვირთვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და შესაბამისად, ფიქსირდება მიუღებელი შემოსავალი. 2019 წლის მდგომარეობით, გარკვეული სპორტული ობიექტები საშუალოდ დატვირთულია არსებული რესურსის 16%-ით, რაც დარბაზების არაპროდუქტიულ გამოყენებაზე მიუთითებს. დარბაზების დატვირთვის 20%-იანი ზრდის პირობებში შემოსავლები 1.2-ჯერ გაიზრდება.

მოსახლეობის დაინტერესების და სპორტში ჩართვის მიზნით არ არის შემუშავებული სპეციალური პროგრამები, რაც გაზრდიდა მოთხოვნას და შესაბამისად, დატვირთვის მაჩვენებელს. ფესტივალის ფარგლებში აშენებულ სპორტულ დარბაზებში უმეტეს შემთხვევაში ვარჯიშობენ ნაკრების წევრები და პატარა სპორტული ჯგუფები, შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტი, რაც აფერხებს შემოსავლების ზრდას.

რეკომენდაციები სამინისტროს:

რეკომენდაცია N1: სპორტული ინფრასტრუქტურის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანია სამინისტრომ შეიმუშაოს სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მდგრად განვითარებას.

რეკომენდაცია N2: პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით, სამინისტროს ჩართულობით შემუშავდეს სამოქმედო გეგმა თითოეული სპორტული ობიექტის შემდგომი გამოყენების შესახებ. შეფასდეს მათი საბაზისო მდგომარეობა, განისაზღვროს კონკრეტული მიზნები და მათი მიღწევის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ობიექტების პროდუქტიულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია N3: მოგების ზრდისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსახლეობის ჩართვის მიზნით მნიშვნელოვანია, თითოეული სპორტული ობიექტის მიხედვით შემუშავდეს სპორტული პროგრამები მომხმარებელთა სეგმენტების გათვალისწინებით, მოხდეს შექმნილი პროდუქტების სწორი პოზიციონირება ბაზარზე და განისაზღვროს დატვირთვისა და მოგების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები წლების მიხედვით.

რეკომენდაცია N4: პროცესების ეფექტიანად წარმართვისა და მიღწეული შედეგების შეფასების მიზნით მნიშვნელოვანია, სამინისტროს მხრიდან დაინერგოს მონიტორინგის სისტემა:

  • ცალკეულ სპორტულ ობიექტზე, თითოეული მიზნის მიხედვით გაიწეროს შესაბამისი შეფასების ინდიკატორები, რათა შესაძლებელი გახდეს გაიზომოს მიღწეული შედეგი, გახარჯული ფინანსური რესურსის ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დროული რეაგირება შემდგომი ღონისძიებების დასაგეგმად;
  • სამინისტრომ შექმნას მექანიზმი, რომელიც სავალდებულოს გახდის წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, მმართველი ორგანიზაციების მიერ შუალედური ანგარიშების წარდგენის პროცესს.