სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს მიერ დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
არაფინანსური აქტივები
აქტივის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენება - სააგენტოს სარგებლობის უფლებით ბალანსზე ერიცხება მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა. აღნიშნულ ფართზე სააგენტოს მიერ დაგეგმილი იყო დაფნის პირველადი გადამუშავების საამქროს მოწყობა და შემდგომი ფუნქციონირების პირობებში როგორც დევნილთა დასაქმება, ასევე მიღებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი სარგებლის მიღება. თუმცა, დაგეგმილი პროგრამა ფაქტობრივად ვერ განხორციელდა და დაფნის ნერგები განადგურდა, ხოლო შენობა-ნაგებობა არაუფლებამოსილი ფიზიკური პირის სარგებლობაშია, რომელსაც ფართზე მოწყობილი აქვს დაფნის საშრობი. შესაბამისად, შენობა-ნაგებობა (მიწასთან ერთად) და იქ განთავსებული აქტივები გამოიყენება მართლზომიერი და კანონიერი საფუძვლის გარეშე.
გამოუყენებელი უძრავი ქონება - სააგენტოს ბალანსზე ერიცხება ოთხი ერთეული მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, რომელთაც სააგენტო არ იყენებს რაიმე კონკრეტული დანიშნულებით. შესაბამისად, ფაქტობრივად დაკარგულია ის სარგებელი, რომელიც შესაძლოა მიიღოს სააგენტომ აღნიშნული აქტივების დანიშნულებისამებრ გამოყენებით.
კონსტრუქციების დანაკლისები - სააგენტოს მიერ 2016-2017 წლებში იჯარის ხელშეკრულებებით გაცემული სასათბურე კონსტრუქციებიდან, რიგ შემთხვევაში არ დასტურდება ბენეფიციართათვის კონსტრუქციების ფაქტობრივი გადაცემის ფაქტები. გარდა აღნიშნულისა, 2020 წელს კვლავ განხორციელდა კონსტრუქციების შესყიდვა და ბენეფიციართათვის იჯარით გაცემა, თუმცა ადგილზე გადამოწმებით გამოვლინდა, რომ ბენეფიციართა ძირითად ნაწილს არ მიუღია აღნიშნული კონსტრუქციები. შესაბამისად, ვერ დასტურდება 31,915 ლარის ღირებულების აქტივების არსებობა.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი - აუდიტის ჯგუფის მიერ აქტივების ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სააგენტოს ბალანსზე რიცხული სოფელ ქვალონში მდებარე კონტეინერი არ აღმოჩნდა მითითებულ მისამართზე. ასევე, სააგენტომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაატარა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოავლინა 113,126,29 ლარის (59 დასახელების აქტივი) დანაკლისი. აღნიშნულის შესახებაც ინფორმაცია სააგენტომ მიაწოდა მაკონტროლებელ სტრუქტურას (აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო).
დაკავშირებული მხარეები
დაკავშირებული მხარეების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტები - პროგრამების სააგენტოში 2019-2020 წლებში დასაქმებული უფროსი სპეციალისტი იყო სსიპ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ოჯახის წევრი (მეუღლე), რითაც დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ასევე, სააგენტომ 2019-2020 წლებში, ჯამში − 125,896 ლარის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა და, შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრები გადაუხადა სსიპ-ის დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშემწყობი პროექტებისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ოჯახის წევრის ახლო ნათესავს. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტია.
პროგრამების დაგეგმვა და შესრულება
პროგრამების შემუშავებისას არსებული ხარვეზები - სააგენტოს მიერ ადმინისტრაცული ხარჯების პროგრამისათვის არ იყო განსაზღვრული პროგრამის მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც მიღწეული შედეგების შეფასების საშუალებაა. ასევე სააგენტოს დანარჩენი პროგრამებით განსაზღვრული მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორები ატარებდა ზოგად ხასიათს. შესაბამისად, ვერ ხერხდება მიღებული შედეგის ზუსტი შეფასება.
პროგრამების შესრულების ნაკლოვანებები - სააგენტოს 2019-2020 წლების პროგრამების შესწავლით გამოვლინდა, რომ მოქმედი 10 პროგრამიდან ოთხი ფაქტობრივად არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ გაწერილი იყო ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო და გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, საბოლოო დაგეგმილი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. შედეგად, სააგენტოს მხრიდან 2019-2020 წლებში არამიზნობრივად არის გახარჯული, ჯამში − 252,643 ლარის საბიუჯეტო სახსრები.