სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 05 მარტი, 2021
ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017

ტყის ხანძრები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას, ასევე ეკოსისტემას. ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენცია მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთი აქტუალური ამოცანაა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2017 – 2019 წლების პერიოდს მოიცავს.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ხანძრების პრევენციისთვის განხორციელებული ღონისძიებების ნაკლოვანებები

ტყის ხანძრების საფრთხისა და რისკის შეფასებისთვის პირველ ეტაპს ტყის ფონდის აღრიცხვა და მართვის გეგმების შედგენა წარმოადგენს, რა დროსაც ხორციელდება ტყეების ხანძარსაშიშ კლასებად დაყოფა. აღნიშნულის შემდგომ, იგეგმება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

ტყის მართვის გეგმებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ნაკლოვანებები - ტყის ფონდის აღრიცხვის, ხანძარსაშიში კლასების გამოყოფისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიების დაგეგმვის შედეგები აისახება ტყის მართვის გეგმებში.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ნაწილობრივ უზრუნველყოფილია გეგმების შედგენა-შესრულების საკითხები. კერძოდ, 21 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან, სსიპ დაცული ტერიტორიების მმართველობაშია 20, საიდანაც 14 ადმინისტრაცია იმართება მენეჯმენტის გეგმით, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ტყის მართვის გეგმები, მხოლოდ შვიდი ტერიტორიული ადმინისტრაციისთვისაა დამტკიცებული და მათი შემუშავება მნიშვნელოვანია სააგენტოს სისტემაში შემავალი ტყის ფონდის მართვისთვის.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მმართველობის ქვეშ მყოფი ტყის ფონდის 32 უბნისთვის (73%) არ არის შემუშავებული მართვის გეგმები. ამასთან, იმ უბნებშიც, რომლისთვისაც შესაბამისი გეგმები შემუშავებულია, ხანძარსაწინააღმდეგო აქტივობები განხორციელებული არ არის.

გარდა აღნიშნულისა, ნაკლოვანებით ხასიათდება გეგმის შედგენის პროცესიც. კერძოდ, არ არის დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო წყალსაცავების, ვერტმფრენის ასაფრენი მოედნების, მინერალიზებული ზოლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების მოწყობის სტანდარტები და კრიტერიუმები, რომელთა შემუშავება და დამტკიცება უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, განსაკუთრებით კი საგანგებო სიტუაციების სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით.

ტყის ფიზიკური დაცვის არსებული მოდელის არაპროდუქტიულობა − ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობას უარყოფითი გავლენა აქვს ხანძრებზე, რადგან უკანონო ჭრის შედეგად დატოვებული ნარჩენები გარკვეულ პერიოდში ხმება და ადვილად აალებად/წვად მასალად იქცევა.

საქართველოში, 2019 წლამდე, სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოში ფუნქციონირებდა „ტყის მცველების“ საშტატო ერთეულები. ტყის მცველები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან რგოლს, ერთის მხრივ, ტყის უკანონო სარგებლობის პრევენციაში, ხოლო მეორე მხრივ, ადგილზე აქრობდნენ მცირე ხანძრებს ან დროულად ავლენდნენ ინციდენტს, რისი მეშვეობითაც ამცირებდნენ მცირე ხანძრების დიდ მასშტაბში გადაზრდის რისკებს. 2019 წლამდე სატყეო სააგენტოში გათვალისწინებული იყოს ტყის მცველები დაახლოებით 500 საშტატო ერთეული.

ამავე პერიოდში, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა.

2019 წლის 25 იანვრიდან, ტყის ფიზიკური დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სატყეო სააგენტოს აღნიშნული ფუნქცია ჩამოშორდა, რის გამოც ტყის მცველის პოზიცია გაუქმდა და მის ხარჯზე, 304 საშტატო ერთეულით გაიზარდა სსდ ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა.

აქედან გამომდინარე, სატყეო სააგენტოში შტატები მნიშვნელოვნად შემცირდა იმ თანამშრომელთა ხარჯზე, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ტყეში აღეკვეთათ უკანონო ჭრის ფაქტები, ამასთანავე დროულად აღმოეჩინათ ტყის ხანძრები და მათი ლოკალიზება-ლიკვიდაცია მოეხდინათ.

საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებას ლოგიკურად ტყის უკანონო მოპოვებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის ზრდა უნდა გამოეწვია, თუმცა 2019 წელს ამ მიმართულებით არსებული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად (58%-ით) შემცირდა. შესაბამისად, ხანძრების პრევენციისთვის, ტყის მცველის მნიშვნელოვანი პოზიციების გაუქმებამ, ვერ უზრუნველყო ადგილზე (ტყის ფონდის ტერიტორიაზე) ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენის ზრდა, ხოლო სატყეო სააგენტოს შეუმცირა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსები.

ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი ინვენტარის არათანაბარი გადანაწილება − აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ტყის მართვის ორგანოების თანამშრომლების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვის შესაბამისი კრიტერიუმები დადგენილი არ არის. შედეგად, ინვენტარი არათანაბრადაა განაწილებული, როგორც ხანძარსაშიში რეგიონების, ასევე ტყის ფართობების მიხედვით.

ტყის ხანძრებისთვის მზადყოფნის ღონისძიებების ნაკლოვანებები

ტყის ხანძრებისთვის, როგორც საგანგებო სიტუაციებისთვის, მნიშვნელოვანია მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება, რაც საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში უზრუნველყოფს სწრაფ და სათანადო რეაგირებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ადამიანური რესურსებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის სწორი ორგანიზება და მართვა.

მეხანძრე-მაშველების განაწილების ნაკლოვანებები – სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა მცირეა. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, მოხალისეთა სისტემა ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია. ამ მიმართულებით არსებობს გაუმჯობესებისა და გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მეხანძრე-მაშველების არსებული რესურსები არათანაბრად არის განაწილებული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. აღნიშნული ნაკლოვანებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია რესურსების განაწილების კრიტერიუმების არარსებობა.

მეხანძრე-მაშველთა პროფესიული გადამზადების ნაკლოვანებები – არსებული მდგომარეობით, საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (სრულყოფილი მომზადების კურსი) მეხანძრე – მაშველთა მხოლოდ 20%-ს აქვს გავლილი.

სახანძრო მანქანების ტერიტორიულ გადანაწილებაში არსებული ნაკლოვანებები – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფლობს 372 სახანძრო სატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც – 146 არის მაღალი გამავლობის, რთული რელიეფისათვის განკუთვნილი სახანძრო ავტოცისტერნა (შემდგომში ტყის სახანძრო ცისტერნა), რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის (თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სხვა ხანძრების ქრობის პროცესშიც), ხოლო მათი განაწილება რეგიონების მიხედვით არათანაბარია. მაგალითად, აჭარის რეგიონში, სადაც ხანძრების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, სახანძრო მანქანები მეტია, ვიდრე კახეთის რეგიონში, სადაც ხანძრების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ აღემატება აჭარის რეგიონის ინციდენტებს. ამ შემთხვევაში შესაბამისი განაწილების კრიტერიუმები დამტკიცებული არ არის, რის გამოც ვერ მივიღეთ რწმუნება აღნიშნული ტექნიკის ოპტიმალური განაწილების შესახებ, რამაც უნდა უზრუნველყოს ხანძრებისთვის მზადყოფნის ერთნაირად მაღალი დონე ყველა რეგიონისთვის.

ტყის სახანძრო მანქანების არასათანადო მზადყოფნა − არათანაბარ განაწილებასთან ერთად, სახანძრო მანქანების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კერძოდ, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ 25% არის სრულად გამართული, ხოლო 21% გაუმართავ მდგომარეობაშია.

მანქანების გამოშვების წლების ანალიზმა გვაჩვენა, რომ ავტოპარკის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად მოძველებულია. კერძოდ, 25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს სატრანსპორტო საშუალებების 51%-ს. შესაბამისად, მაღალია მათი მოვლა-შენახვის ხარჯები (2017-2019 წლებში – 1.2 მლნ ლარი).

აღსანიშნავია, რომ სამსახური არსებული სახსრებით ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების შესყიდვას. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, მოძველებული ავტოპარკი მოვლა-შენახვის მნიშვნელოვან დანახარჯებს განაპირობებს და ხანძრის ქრობის დაბალი მაჩვენებელი გააჩნია. შესაბამისად, თანამედროვე, ახალი სატრანსპორტო საშუალებები ოპერატიული რეაგირების წინაპირობას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ავტოპარკის ჩანაცვლების ინტენსიური პროცესის გაგრძელება.

ტყის ხანძრების ქრობის პროცესში საავიაციო საშუალებების დეფიციტი − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საავიაციო საშუალებები არ გააჩნია, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ძირითადად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები გამოიყენება.

საკანონმდებლო ხარვეზები და მიუღებელი საკანონმდებლო აქტები

პრევენციული ღონისძებების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნორმატიული ბაზისა და მისი აღსრულების მექანიზმების არსებობა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, 2015 წელს დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა, განახლებული არ არის. პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად მისაღებია მრავალი ნორმატიული აქტი. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი კანონით გათვალისწინებული 32 ნორმატიული აქტიდან:

  • დამტკიცებულია − 11 ნორმატიული აქტი;
  • ინიცირებისთვის მზადაა − 9 ნორმატიული აქტი;
  • დამუშავების სხვადასხვა ეტაპზეა − 12 ნორმატიული აქტი.

მუნიციპალიტეტების მიერ ლოკალურ დონეზე რისკის და საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებისა და აღსრულებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილების დელეგირების განხორციელებაა საჭირო, რაც უზრუნველყოფილი არ არის. შედეგად, არცერთ მუნიციპალიტეტში შესაბამისი გეგმები შემუშავებული და დამტკიცებული არ არის.

გამოწვევას წარმოადგენს ტყის ხანძრის გაჩენისთვის მსუბუქი სასჯელის ზომაც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხის ინიცირება 2017 წელს იგეგმებოდა, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა.

აღნიშნული გარემოება დროში ახანგრძლივებს, ართულებს და გარკვეულ შემთხვევებში, შეუძლებელს ხდის აუცილებელი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს:

ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ტყის მართვის ორგანოებმა უზრუნველყონ:

  • შესაბამისი გეგმების (ტყის მართვისა და მენეჯმენტის გეგმები) დროული შემუშავება და გამოვლენილი რისკიანი ზონებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედგენის ორგანიზება;
  • საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან კოორდინაციით, ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების (მინერალიზებული ზოლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების მოწყობის და სხვ.) შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა და აღნიშნულ პროცესში რელევანტური ასპექტების გათვალისწინება − ხანძარსაშიში კლასი, რეგიონის მახასიათებელი, რელიეფი, მომეტებული ხანძრის საფრთხის შემცველი ზონის და სხვა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის შერჩევისა და განაწილების კრიტერიუმების, მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე პირველადი აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის ზრდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს:

ტყის ხანძრების პრევენციის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია სამინისტრომ სააგენტოსთან ერთად იმსჯელოს ტყის მცველების სისტემის საჭიროებაზე, მათ ოპტიმალურ რაოდენობასა და რეგიონულ განაწილებაზე. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია სააგენტომ გამოიყენოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს:

ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მნიშვნელოვანია სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, რათა განისაზღვროს და დაზუსტდეს სათანადო კონტროლის/მონიტორინგის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება ტყის მართვის ორგანოების მიერ დაგეგმილი და შესრულებული ღონისძიებების პერიოდული მონიტორინგი, შეფასება და საჭირო რეკომენდაციების გაცემა.

მზადყოფნის ღონისძიებების ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია სამსახურმა უზრუნველყოს:

  • რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით მეხანძრე-მაშველებისა და სახანძრო ავტოპარკის ოპტიმალური განაწილების კრიტერიუმების შემუშავება და დანერგვა;
  • მეხანძრე-მაშველთა მოხალისეობრივი საქმიანობის პრაქტიკის გაძლიერება-გაუმჯობესება;
  • საავიაციო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ტექნიკური ბაზის შესწავლა და სამინისტროს ჩართულობით სამსახურის ვერტმფრენით აღჭურვის შესაძლებლობის საკითხის ინიცირება.

პრევენციული ღონისძიებების გასააქტიურებლად, მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სფეროში მისაღები ნორმატიული და საკანონმდებლო აქტების ინვენტარიზაცია/პრიორიტეტიზაცია და ინიციატივების გზით, დააჩქაროს ამ მიმართულებით არსებული პროცესები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, შესაბამის უწყებებთან ერთად (სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო/სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო) უზრუნველყოს ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებული სასჯელის ზომების გამკაცრების საკითხის ინიცირება.