სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ პრიორიტეტისათვის 01.01.2019-31.12.2019 პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ქალაქის დასუფთავების მომსახურების განვითარება
- ქალაქის დასუფთავების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, შემსყიდველის მიერ სატენდერო წინადადებასა და ხელშეკრულებაში გაზრდილია ფაქტობრივად გასაწევი მომსახურების მოცულობა და ღირებულება; შემსყიდველის მიერ არ არის შეფასებული მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი მომსახურება, დადასტურებულია როგორც ფაქტობრივად გაწეული მომსახურება და გადახდილია არანაკლებ 30,501 ლარით მეტი. ამასთანავე, ბიუჯეტიდან გახარჯულია ქალაქში შინაური ცხოველების (მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვი) მოძრაობის აღკვეთისათვის 411,838 ლარი, თუმცა ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მომსახურება სრულყოფილად არ არის განხორციელებული და ვერ დგინდება, როგორ განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება.
გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა
- ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში მოქმედი რეგულაციების გაუთვალისწინებლობამ, ბაზრის კვლევის ჩაუტარებლობის პირობებში, 1,214,168 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის შეზღუდვა განაპირობა. ამასთანავე, აქტივების შეძენის მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შემსყიდველის მიერ ნაჩვენებია სამუშაოს შესრულებაში და მიმწოდებელს აუნაზღაურდა 827,333 ლარი, სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების დოკუმენტურად დადასტურების გარეშე მიმწოდებელს აუნაზღაურდა 310,180 ლარი, ხოლო მოქმედი რეგულაციებით გათვალისწინებულ საბაზრო ფასებთან შედარებით, მიმწოდებელზე გადახდილია არანაკლებ 41,668 ლარით მეტი. აღნიშნული გარემოებები სატენდერო პირობების კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესებზე მისადაგების და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაზე მიუთითებს და წარმოშობს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერი ქმედების რისკებს.
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა-სარგებლობა
- ქალაქ ბათუმის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის შემსყიდველის მიერ პროექტის მიმწოდებელზე ბიუჯეტიდან გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხა − 70,806 ლარი, თუმცა შესყიდვის პროცესში ბაზრის კვლევა ჩატარდა ხარვეზებით, არასწორად განისაზღვრა სამუშაოების სავარაუდო ღირებულება. საპროექტო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე არ განხორციელდა ინსპექტირება, მიღებულია 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის შედეგად დადგენილ დროში, ხშირ შემთხვევაში 6-12 თვის ვადაგადაცილებით ვერ დასრულდა სამუშაოები. ამასთანავე, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის შეეწყვიტა ხელშეკრულება და დაეკისრებინა პირგასამტეხლო, რაც ფაქტობრივად არ განხორციელებულა;
- ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ, პრომინადის მოწყობის, დაზიანებული ველობილიკებისა და გარე განათების აღდგენის შესახებ საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებისათვის, ბიუჯეტიდან გადახდილია 17,997 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით, შესყიდვა განხორციელდა გარემოებათა დეტალური ანალიზის გარეშე. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად იყო, 2019-2020 წლების ბიუჯეტში სამუშაოების შესყიდვა არ განხორციელებულა და არც 2021−2024 წლების პრიორიტეტის დოკუმენტებით არის დაგეგმილი. შედეგად: შესაძლოა, რომ შემდგომში აღნიშნული პროექტი საერთოდ არ გამოიყენონ ან ბაზარზე არსებული ფასების ცვლილების გათვალისწინებით, არარელევანტური გახდეს სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან მიმართებით არსებითად შეუსაბამო იყოს.
სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვა
- ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდული სამშენებლო სამუშაოებისათვის გადახდილია სრული სახელშეკრულებო ღირებულება − 327,490 ლარი, საიდანაც: 32,678 ლარის ხარჯების დანიშნულება და ფაქტობრივად გაწევა წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რაც წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს.
მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა - პატრონობისათვის შეთავსებით დასაქმებულ პირებზე შრომის ანაზღაურების გაცემა
- ა(ა)იპ − „ბათუმის სასაფლაოებში“ ერთდროულად ორ საშტატო პოზიციაზე დასაქმებული პირების შრომითი ურთიერთობა არ ეფუძნება მოქმედი რეგულაციების მოთხოვნებს, როგორიცაა: ხუთდღიანი სამუშაო კვირა და სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენება. წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ორ თანამდებობაზე ერთდროულად დასაქმებულის მიერ გაწეული საქმიანობა, რაც წარმოშობს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების გარეშე დასაქმებულებზე ანაზღაურების გაცემის რისკებს.
მუნიციპალურ სასაფლაოებზე პრიორიტეტით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის პირობებში გაწეული ხარჯი
- ა(ა)იპ − „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ, მუნიციპალურ სასაფლაოებზე სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, მიმწოდებელზე გადახდილია 45,539 ლარი, თუმცა პრიორიტეტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები არასრულყოფილად და ხარვეზებითაა შესრულებული. არ იქნა გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები და არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები, რასაც ითვალისწინებდა პრიორიტეტი და რისთვისაც გაფორმდა ხელშეკრულება: დაზიანებულია შენობები და სავალი ბილიკები, არ არის მოწყობილი სადრენაჟე არხი და კვლავ დგება წყალი.