სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის პრიორიტეტისთვის“ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სახელმწიფო შესყიდვები
- „კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის პრიორიტეტისთვის“ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა რიგ შემთხვევებში განხორციელებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას რიგ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბაზრის კვლევის ჩატარება, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და მომსახურების ტენდერის საშუალებით შესყიდვა, რითაც მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. აღნიშნული ფაქტები მენეჯმენტის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს წარმოშობს.
„კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის შესრულება
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქვეპროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა გამოვლენის მიზნით შექმნილი შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო ინიციატივების (პროექტების) გამოსავლენად თანაბარი შესაძლებლობებისა და განვითარების პირობების შექმნას, რასაც კომისიის წევრთა მიერ სათანადო არგუმენტების გარეშე განხორციელებული შეფასებები განაპირობებს და სუბიექტური გადაწყვეტილებების წინაპირობებს ქმნის.
დასაქმებულთა რაოდენობის განსაზღვრა
- პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებულ იურიდიულ პირებში მუშაკთა დასაქმების კუთხით არსებული კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს, ოპტიმალურად განისაზღვროს საშტატო რიცხოვნობა. ამასთანავე, კულტურის ცენტრის ბალანსზე რიცხული აქტივების გაუმართაობის გამო, ტექნიკური პერსონალი ვერ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც შეუსაბამოა საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების ვალდებულებასთან. აუდიტის პერიოდში კულტურის ცენტრში ფიქსირდება ორ სხვადასხვა საშტატო ერთეულზე მუშაკთა ერთდროულად დასაქმების ფაქტები. ამასთანავე, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში აღნიშნულ პირებს სრულად უნარჩუნდებოდათ ხელფასი ორივე საშტატო ერთეულზე, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივადაა გაცემული.
პროგრამებით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა
- პრიორიტეტის ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან არამიზნობრივადაა ანაზღაურებული მივლინების ხარჯები და სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება. ამასთანავე, სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისას ფიქსირდება სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების არასაბაზრო ფასით განსაზღვრისა და სატენდერო დოკუმენტაციაში შესასრულებელ სამუშაოთა არასათანადოდ აღწერის ფაქტები, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულებამ განაპირობა და შესაძლოა, არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული.
ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები
- კულტურის ცენტრის 2019 წლის ერთობლივ შემოსავალში არ არის გათვალისწინებული და შესაბამისად, მოგების გადასახადით არ არის დაბეგრილი უსასყიდლოდ გაცემული ქონების სარგებლობის სავარაუდო ღირებულება. რიგ შემთხვევაში სარგებლობის საფასური არასწორადაა განსაზღვრული და დასტურდება კომერციული პროექტებისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ცენტრის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან ერთად, კულტურის ცენტრის ბალანსზე რიცხული აქტივები არასათანადო მოვლა-შენახვის გამო ზიანდება და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი ხდება. შედეგად, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების მიზნით ხდება შესაბამისი ტექნიკის დაქირავება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ცენტრის დაკვეთით ჩატარებული ღონისძიებების საბიუჯეტო ხარჯს.
პროგრამების შედგენა შესრულება
- ცალკეული პროგრამის მისაღწევი შედეგების არასწორად განსაზღვრის გამო, ვერ დგინდება შედეგებისა და მიზნის მისაღწევად დახარჯული რესურსების ურთიერთკავშირი. შესაბამისად, შეუძლებელია მიღწეული შედეგების სრულყოფილი შეფასება.