სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 06 ივნისი, 2016
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული და საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2015, 2014, 2013

სახელწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში  2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული  და საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოებები:

  • 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში პრემიის სახით გაიცა 3 682.0 ათასი ლარი.  2013 წელს -1 334.4 ათასი ლარი, რაც „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლით დახარჯული თანხის 49%-ს შეადგენს. 2014 წელს პრემიის მოცულობა 1 943.5 ათასი ლარია, თანამდებობრივი სარგოს - 76%. 2015 წლის 6 თვეში საპრემიო თანხა და სახელფასო დანამატი 496.7 ათას ლარს შეადგენს, რაც თანამდებობრივ სარგოს 39 %-ია.
  • 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში  საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე, სულ დახარჯული საპრემიო თანხის 85.8% - 3 160.9 ათასი ლარი გაიცა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას გაირკვეს, რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და პრემირება.
  • 2014 წლის 22 აგვისტოს საკრებულოს დადგენილებით პრემიის გაცემა  საჯარო მოხელეზე შესაძლებელია კვარტალში მხოლოდ ერთჯერ. 2014-2015 წლებში აღნიშნული ნორმის დარღვევით  გაცემულია 191.8 ათასი ლარის პრემია.
  • 2015 წლის იანვრიდან მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დაწესდა წლის განმავლობაში ყოველთვიურად სახელფასო დანამატის გაცემა. 2015 წლის 6 თვის განმავლობაში  გაიცა 92.6 ათასი ლარის დანამატი. მიზანშეწონილია ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი დანამატის შესახებ გამოცემულიყო ყოველთვიურად ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით, რომლის გამოცემის უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, გააჩნია მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ყოველთვიური დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული, წლის დასაწყისში. დანამატის გაცემის საფუძველს წარმოადგენს მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია, რის საფუძველზე განისაზღვრა წინასწარ მთელი წლის განმავლობაში, რომელი საჯარო მოხელე იმუშავებდა ზეგანაკვეთურად და შეასრულებდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებებს.
  • კანონის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/ მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 26 ერთეულს. 2015 წლის 6 თვის მანძილზე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებულია სხვადასხვა რაოდენობის  შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა რიცხოვნობა მერყეობს 28-დან 53-მდე.
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში 2013 წელს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 219, 2014 წელს - 270, 2015 წლის 6 თვეში - 70 შტატგარეშე მოსამსახურეს, რომელთა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 3 020.9 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, შტატგარეშე მოსამსახურეთა მაღალი რიცხოვნობა რამდენად იყო ობიექტური საჭიროებით განპირობებული.
  • 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა მოსამსახურეთა ქვეყნის გარეთ მივლინებაზე  დახარჯა 191.4 ათასი ლარი. საზღვარგარეთ მივლინებული პირების მიერ არ არის შედგენილი ანგარიში  მივლინების შედეგების შესახებ. 
  • 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში შიდა სატელეფონო ნომრებიდან ქვეყნის შიგნით მობილურ ოპერატორებთან განხორციელებულ საუბრებზე დაიხარჯა 79 ათას ლარზე მეტი, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტს შესყიდული ჰქონდა კორპორატიული ნომრებით მომსახურება სასაუბრო ლიმიტებით.
  • 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო ტელეკომპანიას სხვადასხვა სარეკლამო მომსახურებისათვის აუნაზღაურა 368.3 ათასი ლარი. აღნიშნულ პერიოდში თვითმმართველი ერთეულისგან მიღებული დაფინანსება ტელეკომპანიის საერთო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს - 57 %-ს შეადგენს.
  • 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის მანძილზე ქალაქ რუსთავის მერიამ სხვადასხვა სარეკლამო მომსახურებისათვის კერძო გაზეთს აუნაზღაურა 143.1 ათასი ლარი. 2015 წელს შესყიდვა განხორციელდა ექსკლუზიური უფლებამოსილების მოტივით, გამარტივებული შესყიდვის გზით, თუმცა აღნიშნული შესყიდვა არ წარმოადგენდა  მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიურ უფლებას.
  • 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში მერიამ შადრევნის შეიარაღებული დაცვის მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა 162.4 ათასი ლარი. ვინაიდან შადრევანი მდებარეობს მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა აღნიშნული ობიექტის დაცვის საჭიროების საკმარისი და შესაფერისი რწმუნება.
  • 2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობდა 2 ერთეული პლანშეტური კომპიუტერით, 2 ნოუთბუქით და 1 პერსონალური კომპიუტერით. გარდა ამისა, 4 ერთეული პლანშეტური კომპიუტერი გამოუყენებელია და შენახულია მერიის ადმინისტრაციის სამსახურის სეიფში.
  • საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, 2013 წელს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტს თანამშრომლების სამსახურებრივი მიმოსვლისათვის უნდა გამოეყენებინა 6 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2014 წელს რეკომენდირებული იყო - 9 ერთეული, ხოლო 2015 წელს - 8 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა. თუმცა მუნიციპალიტეტი სარგებლობდა 15 ერთეული ავტომანქანით, რაც აღემატება კანონმდებლობით რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას.
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების   ადგილსამყოფელის შესახებ. აუდიტის ობიექტის მიერ არ არის გატარებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.
  • 2015 წელს მერის სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ჩანაცვლდა ახალი ავტომანქანით. კანონმდებლობით, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 21.0 ათას დოლარს. ჩანაცვლებული ავტომანქანის ღირებულებამ შეადგინა 25.0 ათას დოლარზე მეტი, რაც აღემატება კანონმდებლობით რეკომენდირებულ ნორმას.
  • 2013-2014 წლებში შეიცვალა მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების სანომრე ნიშნები. კერძოდ, RST 555 - RST 009-ით, ღირებულებით 300 ლარი; SAK 010 - RST 041-ით, ღირებულებით 315 ლარი. მერიის მიერ არ არის დასაბუთებული სანომრე ნიშნების შეცვლის აუცილებლობა.
  • ქალაქ რუსთავის მერიამ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხელშეკრულება გააფორმა გზების მოწყობის სამუშაოებზე ღირებულებით 1 999.9 ათასი ლარი. აღნიშნული შესყიდვა არ შეიძლება ჩაითვალოს გადაუდებელ აუცილებლობად, რადგან სამუშაოების წინასწარი დაგეგმვა და ელექტრონული ტენდერის გზით შესყიდვა რეალურად შესაძლებელი იყო.
  • კანონმდებლობის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვისას, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 1 973.6 ათასი ლარის ღირებულების გზების მოწყობის სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით.
  • 2013 წელს შიდა კვარტალური ეზოების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშოებზე ჩატარდა საინჟინრო და სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით, 3 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ზოგიერთი სამუშაო იყო უხარისხო. მიუხედავად აღნიშნულისა, მერიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია.
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა გზების მოწყობის ტექნიკური ზედამხედველის მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა 101.1 ათასი ლარი. თუმცა მერიაში არსებობს შესაბამისი სამსახური, რომელსაც ევალება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა.
  • 2013 წელს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გზების მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს სახით მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 167.0 ათას ლარზე მეტი.