უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად, ქართული ღვინოპროდუქციის წარმოების შესანარჩუნებლად განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა და დამკვიდრება.
შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სახელმწიფოს მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. ეფექტიანობის აუდიტი მოიცავდა 2009-2011 წლებს და 2012 წლის პირველ 6 თვეს. გამოვლენილი ნაკლოვანებების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
აუდიტის მოტივი
ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, გულისხმობს რა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, შედის ქვეკომპონენტის სახით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის განვითარების პროექტებში. გარდა ამისა, ღვინის პოპულარიზაცია მოიხსენიება მთავრობის მიერ შედგენილ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში. ქართული ღვინის ბიზნესს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა2006 წლის მარტში განხორციელებულმა რუსეთის ემბარგომ, სადაც ექსპორტირებული ღვინის 80%-ზე მეტი გადიოდა. ეფექტიანობის აუდიტის თემის შერჩევის კრიტერიუმებს სწორედ ქვეყნის განვითარებისთვის მისი აქტუალურობა და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი წარმოადგენს.
აუდიტის მიზანი
სახელმწიფო სააგენტოების მიერ განხორციელებული ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესწავლის მიზანია, გაანალიზდეს რამდენად ეკონომიურად, პროდუქტიულად და ეფექტიანად ტარდება ღონისძიებები.
ეფექტიანობის აუდიტი განხორციელდა ISSAI-ის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდებით.
მნიშვნელოვანი მიგნებები
- ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პრიორიტეტად აღიარების მიუხედავად, სააგენტოებში არ არსებობს ბაზრების მოსაპოვებლად ჩატარებული კვლევები და დარგის საერთო სტრატეგია, რაც ხელს შეუწყობდა ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას.
- სამინისტროებს შორის დაგეგმვის პროცესში არ ხდება კოორდინირებული შეთანხმება ღონისძიებების დუბლირებისა და არაკოორდინირებულობის თავიდან აცილების მიზნით. არ არსებობს სამინისტროებს შორის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გამიჯნავდა ღონიძიებების ჩატარების პროცესში თითოეული უწყების ფუნქციებსა და ამოცანებს.
- ღვინომასალის ცისტერნებით უცხოეთში გატანა ქმნის რისკს, რომ ბოთლებში ჩამოსხმისას და დაფასოებისას არ იქნება დაცული ხარისხის სათანადო სტანდარტები.
- სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ფორუმებში მონაწილეობას იღებენ თანამშრომლები, რომლებიც არ არიან ღვინის მარკეტოლოგები და ექსპერტები. ამავე დროს, კერძო კომპანიებიც განიცდიან აღნიშნულ სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტს.
- საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები არ ახორციელებენ ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამების საკმარის მონიტორინგს.
რეკომენდაციები
- ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით შემუშავებულ იქნეს დარგის საერთო სტრატეგია, სადაც თანმიმდევრობით გაიწერება, როგორც ქვეყნის შიგნით დარგის განვითარების, ასევე ახალ ბაზრებზე შესვლის სტრატეგიული მიმართულებები, კერძო კომპანიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
- ბიუჯეტის დაგეგმვა და დამტკიცება უნდა მოხდეს სააგენტოების მოთხოვნის საფუძველზე, ღონისძიებების მიხედვით, რათა რესურსები დაიხარჯოს სააგენტოების საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
- საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშაონ მაკოორდინირებელი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ფუნქციების გამიჯვნას და აამაღლებს აქტივობების ეფექტიანობას.
- ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ორგანიზება გაუწიოს ბაზრების მარკეტინგული კვლევის ჩატარებას, გაგრძელდეს მუშაობა საექსპორტო ბაზრის კონიუნქტურის გასაუმჯობესებლად.
- მეღვინეობის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ხელს შეუწყობს მეღვინეობის განვითარებას და ქართული ღვინის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე.
- სამინისტროებმა განახორციელონ სააგენტოების საქმიანობის მონიტორინგი და მოითხოვონ მათგან პერიოდული საქმიანობის ანგარიშები და სამომავლო სტრატეგია, რომლის შესახებაც სამინისტროს უნდა გააჩნდეს დეტალური ინფორმაცია;
- ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავდეს ჩატარებული ღონისძიების მონიტორინგის ფორმა, რომელსაც მონაწილე კერძო კომპანიები შეავსებენ ღონისძიებების დასრულების შემდეგ, რაც საშუალებას მისცემს ღვინის ეროვნულ სააგენტოს გაითვალისწინოს კომპანიების მოსაზრებები, შეაფასოს ჩატარებული ღონისძიებების ხარისხი და ეფექტიანობა შემდგომი საქმიანობის უკეთესად წარმართვის მიზნით;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს რეკომენდაცია გაუწიოს სამინისტროებს, რათა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები და ჩამოაყალიბდეს რეგულაციები, რომლებიც მოახდენენ მცირე და საშუალო ზომის ღვინის მწარმოებელთა სტიმულირებას მათი სწრაფი განვითარების მიზნით. ასევე მიზანშეწონილია გარკვეული საკანონმდებლო ბერკეტების შემუშავება, საქართველოს საზღვრებს გარეთ ღვინის ცისტერნებით გატანის შემთხვევაში ქართული ღვინის იმიჯის დასაცავად.