სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 11 თებერვალი, 2022
ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019, 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანია სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი რეკომენდაციების გაცემა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

პროექტის დაგეგმვის ხარვეზები

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევები საჭიროებების შესახებ, დიასპორული პროექტების ეფექტიანად დაგეგმვისათვის არ  არის საკმარისი, ვინაიდან გამოკითხულია მხოლოდ დიასპორული ორგანიზაციები − საკვირაო სკოლები და სამრევლოები, რომელთა საჭიროებები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს დიასპორის ცალკეული წარმომადგენლის საჭიროებებისგან. არ არის განსაზღვრული პროგრამის შესრულებისა და მისაღწევი შედეგის ვადები, ასევე არ განხორციელებულა პროექტების ეფექტიანობისა და მიღწეული შედეგების შეფასება.

შედეგად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქტივობები რამდენად სრულყოფილად მოიცავდა და ეფექტიანად მართავდა დიასპორის საჭიროებებს.

ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეთა არასაკმარისი წვდომა დიასპორულ პროექტებზე

აუდიტის პერიოდში „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის“ პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების მართვა მიმდინარეობდა გარკვეული ხარვეზებით. კერძოდ, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმებში არ იყო ასახული კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგები. ამასთანავე, საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ ჰქონდა დადგენილი შესაბამისი ქულები. 

შესაბამისად, ვერ მივიღეთ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, რა მსჯელობებს ეყრდნობოდა კომისია როგორც დაფინანსებული, ისე უარყოფილი კონკურსანტების შემთხვევებზე.

არაეფექტიანად განხორციელებული პროექტები

ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტში არსებული კონტროლის მექანიზმები საჭიროებს სრულყოფას, ვინაიდან ორ შემთხვევაში შესრულებულ სამუშაოთა დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი, ასევე რიგ შემთხვევებში დიასპორის წარმომადგენლებს შორის არ იქნა სათანადოდ გავრცელებული ინფორმაცია დეპარტამენტის საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე. 

შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას - შეაფასოს განხორციელებული პროექტებით მიღწეული შედეგები და საგრანტო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევებზე კონკურსანტებისგან დროულად გამოითხოვოს გაცემული საბიუჯეტო სახსრები.

დაგეგმილი და შეუსრულებელი ღონისძიებები

2016-2020 წლების საქართველოს მიგრაციის სტრატეგიით, „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის პროგრამითა“ და საქმიანობის გეგმებით გათვალისწინებულ აქტივობებს/ღონისძიებებს დეპარტამენტი არ ახორციელებს სრულყოფილად. შედეგად, პროგრამის 48 აქტივობიდან, რვა არ შესრულებულა. ამასთანავე, დიასპორული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უწყებათა შორის კოორდინირებული სამუშაოები არ ჩატარებულა.

არასაკმარისი აქტივობა ერთიანი დიასპორული ქსელის შესაქმნელად

საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პროფესიული დიასპორული ქსელის შექმნა და განვითარება არ განხორციელდა. აღნიშნული ღონისძიებები შემდგომი წლების სამოქმედო გეგმებით არ არის განსაზღვრული, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ერთიანი და ძლიერი დიასპორის შექმნის მიზნებზე.
 

რეკომენდაცია N1:

დიასპორის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პროექტების განსახორციელებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, მიგრაციის სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ჩაატაროს კვლევები, რომლის საფუძველზე შეისწავლის დიასპორის წევრების საჭიროებებს და გამოწვევებს. შეაფასოს უკვე განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა და მომავალი პროექტების ბიუჯეტი დაიგეგმოს ჩატარებული კვლევებისა და პროექტების შეფასების შედეგების გათვალისწინებით.

რეკომენდაცია N2:

გაცემული გრანტების სათანადოდ განკარგვის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გრანტების გაცემის პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოს გამჭვირვალობის პრინციპი.

რეკომენდაცია N3:

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობის გასაზრდელად, მიზანშეწონილია დეპარტამენტმა გააძლიეროს არსებული კონტროლის მექანიზმები, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს ბენეფიციართა მიერ მიღებული გრანტების მიზნობრივად ხარჯვისა და შედეგების გადამოწმების შესაძლებლობას.

რეკომენდაცია N4:

მიგრაციის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების დადგენილ ვადებში შესრულების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანერგოს კონტროლის შესაფერისი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების დროულ და სრულყოფილ შესრულებას.

რეკომენდაცია N5:

დიასპორული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია, მიგრაციის საბჭოსთან კოორდინაციით ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში აისახოს ერთიანი დიასპორული ქსელის შექმნის ღონისძიებები, ხოლო დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის“ პროგრამის ფარგლებში, განახორციელოს ერთიანი დიასპორული ქსელის დანერგვის და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები.