სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 22 იანვარი, 2021
ქედის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფარული სამუშაოს დადასტურების გარეშე, ხარვეზით შესრულებული სამუშაოებისათვის ანაზღაურებული თანხები

მერიის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმღები კომისიის მიერ მიღება- ჩაბარების აქტებით არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან და ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობა, ფარული სამუშაოს აქტების წარმოდგენის გარეშე ანაზღაურებულია 1,305,016 ლარი. მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ხარვეზით შესრულებული სამუშაოების გამოვლენა და აღმოფხვრა. შედეგად, არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების პირობებში, ბიუჯეტიდან გადახდილია სრული სახელშეკრულებო ღირებულება – 456,030 ლარი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს და წარმოშობს არამართლზომიერი ქმედების რისკებს.

გარე განათების ქსელის გაფართოების და მოწყობის სამუშაოებში არსებული ხარვეზები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები არასრულყოფილად არის შესრულებული. კერძოდ, ფარული სამუშაოს აქტების წარმოდგენის გარეშე და განათების ბოძებზე საჰაერო კაბელის პროექტთან შეუსაბამოდ მონტაჟის პირობებში, მიმწოდებელზე გადახდილია, ჯამში, 56,037 ლარი.

არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული შესყიდვები

მერიის მიერ არათანაბარი კონკურენციის პირობებში, პრეტენდენტები შეირჩევა არაერთგვაროვანი მიდგომით. შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა მაღალი ფასის წარმომდგენი და შესაბამისი გამოცდილების არმქონე პრეტენდენტები. აღნიშნული გარემოება სახელმწიფო შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტზე მისადაგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა - სარგებლობა

მერიის მიერ რიგ შემთხვევებში საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებისათვის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა გარემოებათა დეტალური ანალიზის გარეშე, არასწორად განისაზღვრა სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, მიღებულია ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის შედეგად დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამუშაოები, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელს პირგასამტეხლო არ დაეკისრა. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად იყო, სამუშაოების შესყიდვა არ განხორციელებულა და არც პრიორიტეტის დოკუმენტებით არის დაგეგმილი.

საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება

ქედის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასცა 100,800 ლარი.

შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა

მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიას

რეკომენდაცია N1:

მერიამ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს განსახორციელებელი მომსახურების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას, ხარვეზის დროულად გამოვლენას და სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დაადგინოს მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების პირობებში სამუშაოების ჩაბარების მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია N2: 

მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რაც დროულად და სრულად გამოავლენს სატენდერო პირობებთან შეუსაბამოდ შესრულებულ სამუშაოებს და უზრუნველყოფს მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ განახორციელოს მიმწოდებლებზე დაუსაბუთებლად გადახდილი თანხის იდენტიფიცირება და ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვა, ხოლო შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N3:

მერიამ შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პრეტენდენტების მიმართ სამართლიან და ერთგვაროვან მიდგომას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ განიხილოს არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, გამოცდილების არმქონე პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადებისა და სათანადო დასაბუთების გარეშე ფარულ სამუშაოებზე ხარჯის გაწევის მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N4: 

მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზანშეწონილობას და ხელშეკრულების შესრულებაზე სათანადო მონიტორინგს. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების უკეთ წარმოებას და მინიმუმამდე შეამცირებს ხარვეზებით შედგენილი პროექტების მიღებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამოიკვლიოს შესყიდვაში არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

რეკომენდაცია N5: 

მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის პირობებში.

რეკომენდაცია N6: 

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემის შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი.