სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 29 იანვარი, 2021
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შესყიდვები

საჭიროების განსაზღვრისა და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის ნაკლოვანებები - პროგრამის ამოქმედებისას სამინისტროს მიერ განხორციელებული საკომუნიკაციო აქტივობები ნაკლებად იყო კონცენტრირებული სამიზნე ჯგუფების მოზიდვისკენ და არ იყო ეფექტიანი საშუალება ბენეფიციართა ინფორმირებულობისა და პროგრამაში ჩართვისთვის. შედეგად, დაბალი იყო მედიკამენტებზე მიმართვიანობა და პროგრამის ფაქტობრივ მოსარგებლეთა რაოდენობამ პოტენციურ ბენეფიციართა მხოლოდ 9% შეადგინა.

შესასყიდი მედიკამენტების მოცულობის განსაზღვრისას არ იყო გათვალისწინებული ბენეფიციართა დაბალი მიმართვიანობა და შეძენილი მედიკამენტების რაოდენობა მაღალი იყო მის ხარჯვასთან შედარებით. აღნიშნულმა გამოიწვია არაოპტიმალური მარაგების შექმნა და გაზარდა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი. 2018 წლის მიხედვით, პროგრამული დაფინანსების ძირითადი ნაწილის დაკონტრაქტება და საკასო ხარჯვა განხორციელდა წლის ბოლოს.

  • საქონლის მიწოდების შეზღუდული ვადები - რიგ შემთხვევებში სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერებით გათვალისწინებული იყო საქონლის მიწოდების შემჭიდროებული ვადები. მედიკამენტების ხარჯვისა და მიმდინარე მარაგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევებში არ არსებობდა საქონლის შეზღუდულ ვადებში მიწოდების აუცილებლობა. მიწოდების არაგონივრული ვადები ზღუდავს პოტენციურ მიმწოდებელთა წრეს და ზრდის კონკურენციის შეზღუდვის რისკებს. ყოველივე აღნიშნული ქმნის მაღალი ფასის სატენდერო წინადადების გამარჯვების შესაძლებლობას, რაც ზრდის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს.

მედიკამენტების ხარჯვა

შეუთავსებელი მედიკამენტების გაცემა - რიგ შემთხვევებში ბენეფიციარებზე მედიკამენტის გაცემისას ჩამოყალიბებულია არაეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. შედეგად, გაცემული მედიკამენტების კომბინაცია და დოზები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. შეუთავსებელი მედიკამენტების კომბინაციაში ან/და მაქსიმალური დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები.

მედიკამენტების ხარჯვა, რომელთაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა - რიგ შემთხვევებში სააგენტოში დანერგილმა კონტროლის მექანიზმმა ვერ უზრუნველყო მედიკამენტების ვადების ეფექტიანი კონტროლი. შედეგად, ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა.

პროგრამის შეფასების ინდიკატორები

პროგრამის შეფასების არასრული ინდიკატორები - პროგრამის შეფასების ინდიკატორები ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგის გაზომვას და პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას. დაბალია პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ბენეფიციარებზე გაცემის მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ იქნა მიღწეული მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

შიდა კონტროლის სისუსტეები

შემუშავებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ხარჯვის პროცესში მედიკამენტების ვარგისიანობის ვადის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, პირველ ჯერზე იხარჯება მედიკამენტები, რომელთაც აქვთ ვარგისიანობის ხანგრძლივი მოხმარების ვადები, ხოლო შემდეგ - მედიკამენტები, რომელთა დარჩენილი ვარგისიანობის ვადა მცირეა.

დანერგილი კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს უფლებამოსილებების გამიჯვნას. შედეგად, ერთი და იგივე პირები პასუხისმგებელნი არიან როგორც საქონლის მიღებაზე, ასევე მათი არსებობის კონტროლზე.

სააგენტოს მიერ არ ხორციელდება მედიკამენტების ნაშთების პერიოდული და სრული ინვენტარიზაცია, რის შედეგად შეუძლებელია მარაგების არსებობის თაობაზე გონივრული რწმუნების მიღება.

ერთი და იგივე პირი მონაწილეობს მედიკამენტების განსაზღვრის პროცესში, ახორციელებს მის მიწოდებას და ლოგისტიკურ მომსახურებას, რაც შესაბამისი კონტროლის საშუალებების არარსებობის პირობებში წარმოშობს მედიკამენტების არამიზნობრივად გამოყენების რისკს.

რეკომენდაცია N1: სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს

მედიკამენტებზე რეალური მოთხოვნის მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად:

  • შესყიდული საქონლის მოცულობა განისაზღვროს წინა პერიოდში ფაქტობრივი ხარჯვის და სარეზერვო (ბუფერული) მარაგის შექმნის გათვალისწინებით;
  • შეიქმნას ისეთი სახელშეკრულებო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ფაქტობრივი მოთხოვნის შესაბამისი ოდენობის მიწოდებას და ანაზღაურებას;
  • წინასწარი ანგარიშსწორება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიმართული იქნება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისათვის.

რეკომენდაცია N2: სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს

ჯანსაღი კონკურენტული გარემოს საფუძველზე საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური ხარჯვის მიზნით, სატენდერო პირობებით განისაზღვროს შესყიდვის საგნის მოცულობის პროპორციული და გონივრული მიწოდების ვადები.

რეკომენდაცია N3: სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს

მედიკამენტების გაცემის პროცესზე უწყვეტი და ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვით, უზრუნველყოფილ იქნეს ვარგისიანობის ვადების კონტროლი და დაავადებათა მართვის გაიდლაინებით და პროტოკოლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

რეკომენდაცია N4: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

შედეგების შეფასების მიზნით განსაზღვრულ იქნეს ისეთი ინდიკატორები, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე მიღწეული შედეგების გაზომვას და პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას.

რეკომენდაცია N5: სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს

მედიკამენტების შესყიდვის, ლოგისტიკური მომსახურების და ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლების და საჭიროების შემთხვევაში ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავებით და დანერგვით უზრუნველყოფილ იქნეს:

  • დარჩენილი ვარგისიანობის ვადების გათვალისწინებით მედიკამენტების ხარჯვის კონტროლი;
  • მედიკამენტების შესყიდვის და ხარჯვის პროცესში უფლებამოსილებების გამიჯვნა;
  • არსებობის, შენახვის პირობების და ვარგისიანობის კონტროლის მიზნით, გონივრული პერიოდულობით და სისრულით ინვენტარიზაციის განხორციელება;
  • ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვისა და ლოგისტიკური მომსახურების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის პირობებში თაღლითობის რისკების თავიდან აცილება, პრევენცია.