სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 15 აპრილი, 2022
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

საბიუჯეტო რესურსების მართვა

რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 9% და 12% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

გამოუყენებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას შეისყიდა 178.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც გონივრულ ვადაში არ გამოუყენებია.

ხელშეკრულებების ადმინისტრირება - მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს საჯარიმო სანქციები დაარიცხა ხელშეკრულებების პირობების შეუსაბამოდ და დამატებით ვერ მიიღო 190.0 ათასი ლარის შემოსავალი.

შესყიდვების პროცესის მართვა

არაეკონომიური ხარჯი - სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვებითი მომსახურების შესყიდვისას, პროცესის არასათანადოდ წარმართვის გამო, მუნიციპალიტეტმა დაკარგა არსებითი მოცულობის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაცია - მერიისა და მის მიერ დაფუძნებული სუბიექტის მიერ პრეტენდენტების კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაციის შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა 16.8 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

შემოსავლების მართვა

მიუღებელი მოსაკრებელი - მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები, შემოსავლების ადმინისტრირების კუთხით, სუსტია - 2020 წლის ბოლოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებლის თანხამ 2,263.1 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 650.5 ათასი ლარი 2019-2020 წლებში წარმოქმნილი დავალიანებაა.

მიუღებელი საიჯარო შემოსავლები

2021 წლის 1 იანვრისათვის გადაუხდელი საიჯარო თანხა 144.0 ათას ლარს შეადგენდა. მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად, მერია არ ატარებდა ქმედით ღონისძიებებს დავალიანების მქონე მოსარგებლეების მიმართ.

არასაბაზრო ფასად გაცემული ქონება

სარგებლობის ფორმით გაცემული ზოგიერთი მუნიციპალური ქონების საფასური ნაკლებია საბაზრო ფასზე და ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს. მიუხედავად ამისა, მერიას არ გაუტარებია ქმედითი ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 70-77 ერთეულით აღემატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
 

მუნიციპალიტეტის მერიამ:

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად; ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად;
  • დანერგოს კონტროლის შესაფერისი მექანიზმები და საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტების წარმატებით განხორციელებას. ამასთანავე, შეისწავლოს და შეაფასოს გამოუყენებელი დოკუმენტაცია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დანიშნულების მიხედვით გამოსაყენებლად;
  • უზრუნველყოს ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დაცვა და არ დაუშვას მათი შეცვლა შემსყიდველის ინტერესების საზიანოდ. კერძოდ, საჯარიმო სანქციები გაიანგარიშოს სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულ დასრულებას, მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას;
  • დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობის შესაძლებლობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
  • გაატაროს ქმედითი ღონისძიებები გადაუხდელი საიჯარო თანხის და საურავის ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების მიზნით. ამასთანავე, შეისწავლოს სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საფასურის განსაზღვრის საკითხი და შესაბამისობაში მოიყვანოს მოქმედ საბაზრო ფასებთან. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების ზრდას და მუნიციპალური ქონების ეფექტიან გამოყენებას;
  • უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემებს, ასევე პროცესებში არსებული რისკებს და გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს სათანადო რეკომენდაციები და განახორციელოს მათი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ:

  • შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების მართვისა და განკარგვის პროცესის გაუმჯობესებას;
  • იმსჯელოს დასუფთავების მოსაკრებლის დაგეგმილი მაჩვენებლი მობილიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და კუთვნილი შემოსავლების მიღებას;
  • შეიმუშაოს წესი საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება მიღებულ კარგ პრაქტიკას, ხელს შეუწყობს საწვავის ხარჯების რაციონალიზაციას;
  • გადახედოს არსებულ პრაქტიკას, განიხილოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მეთოდები, დაფინანსების საკითხი და მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება, რაციონალურობის პრინციპის დაცვით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის სასარგებლო მომსახურების მიღება-გავრცელებასა და საბიუჯეტო თანხების რაციონალურ ხარჯვას.