სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 31% და 17% დააკლდა.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
მოუვლელი და გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - მერიის მიერ დანერგილი არასათანადო კონტროლის მექანიზმების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა რეაბილიტაციაზე არსებითი მოცულობის ფინანსური რესურსი დაიხარჯა, მოუვლელია, რის გამოც ამ ობიექტებით სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ.
უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა პროცესები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარისხი არ იყო სათანადოდ დადასტურებული. შედეგად, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას.
სახელმწიფო შესყიდვების მართვა
სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, არაგონივრულად მაღალი გამოცდილების მოთხოვნის გამო, რიგ შემთხვევაში ტენდერები არ შედგა. აღნიშნულის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით, ხელშეკრულებები გაფორმდა ისეთ მიმწოდებლებთან, რომლებსაც არ გააჩნდათ მსგავსი მოცულობის და სპეციფიკის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
აფიდავიტის დარღვევის რისკი - საგზაო სამუშაოს შესყიდვისას ერთ შემთხვევაში გამოვლინდა რისკი იმისა, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები, კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შექმნის მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არსებული გარემოების გამოსავლენად შესაბამისი ღონისძიებები არ განუხორციელებია.
მმართველობითი გადაწყვეტილებები
სახელმწიფო შესყიდვის არასწორი ფორმით განხორციელებული შესყიდვები - მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, განახორციელა სამი შესყიდვა. აღნიშნული ვითარება არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, რადგან შესაძლებელი იყო მათი წინასწარი დაგეგმვა და ტენდერის გამოცხადება.
შიდა აუდიტი
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაკლოვანებები - შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუსწავლია ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენია სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუცია შესაბამისი რეკომენდაციები.