სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ბიუჯეტის შესრულებისა და ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამო შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 49% და 27% დააკლდა.
შესყიდვების მართვა პრეტენდენტის არასამართლიანი დისკვალიფიკაცია - მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ 3 შემთხვევაში კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება, რის გამო არაეკონომიურად დაიხარჯა 17.8 ათასი ლარი.
გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია - მუნიციპალიტეტის მიერ გამოუყენებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის შესყიდული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით – 109.1 ათასი ლარი. შედეგად, შესაბამისი პროექტების შესაძენად გადახდილი საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანია.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
საკონსულტაციო მომსახურება - მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი.
ინვენტარიზაცია
ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.