სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი. პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. აუდიტი დაიწყო 2019 წლის მაისსა და 2020 წლის ივლისში მიღებული წერილების საფუძველზე და მოიცვა 01.01.2018 – 31.12.2019 წლების პერიოდი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამოუკიდებელი აუდიტის დასრულების შემდგომ, გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკს წარუდგენს აუდიტის დასკვნას და 2018 წლის 31 დეკემბრისა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, SRAMP-ით გათვალისწინებული თანხის სესხად აღიარების მოთხოვნას. დამოუკიდებელი აუდიტი ჩატარებულია წინასწარ განსაზღვრული სამუშაო დავალების შესაბამისად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2018 და 2019 წლებისთვის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორები (DLI’s) სრულად არ არის მიღწეული. DLI-ის მიზნების მიღწევის პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე, დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიშის მიხედვით, რეკომენდებულია 2018 წლისთვის - 6,475,592 აშშ დოლარის, ხოლო 2019 წლისთვის – 4,636,148 აშშ დოლარის სესხად აღიარება.
დამოუკიდებელმა აუდიტმა გამოავლინა ორი მიმართულება, სადაც შესაძლებელია საქმიანობის გაუმჯობესება:
ა) სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ გზების დეპარტამენტი არ ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი გზების მოსალოდნელი სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასებას. ამრიგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ სასურველია გზების დეპარტამენტმა დანერგოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს გზების სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასებას მათი პერიოდული მოვლა- შენახვის სამუშაოების დაწყებამდე;
ბ) სამშენებლო სამუშაოები გზის ერთ მონაკვეთზე წინასწარ დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა. შედეგად, კონტრაქტორებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ოფიციალური სახელმძღვანელო მითითებები. აღნიშნული ხელს უშლის სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტურ კონტროლს და ზედამხედველის მიერ სამუშაოების მიმდინარეობის შეფასებას.
პროექტის მიზნებია:
გზით მოსარგებლეებისათვის სოციალურ სერვისებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მდგრადი ფორმით გაუმჯობესება, პროექტით გათვალისწინებული გზების მეშვეობით და საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება. 2016 წლის 28 მარტით დათარიღებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს პროექტის დამოუკიდებელი მონიტორინგი და შეფასება დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებით.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
- ზედამხედველის ყოველთვიური ანგარიშების თანახმად, თიანეთი-ახმეტა- ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა წინასწარ დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად, კონტრაქტორებისთვის მშენებლობის ოფიციალური სახელმძღვანელო მითითებები არ იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, ვერ მოხერხდა სარეაბილიტაციო პროცესის ხარისხის ეფექტური კონტროლი და ზედამხედველის მიერ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის შეფასება. აღნიშნული მიუთითებს საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცების პროცესის მართვაში არსებულ ნაკლოვანებაზე;
- აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ხუთწლიანი პროგრამისა და წლიური გეგმის განახლებაში უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობას. გზების დეპარტამენტის განმარტებით, ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ გეგმის მომზადების პროცესში, თუმცა მათი გადაწყვეტილებები არ არის დადოკუმენტირებული. შედეგად, მომზადების პროცესი არ არის საკმარისად გამჭვირვალე. გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოახერხა ხუთწლიანი პროგრამისა და წლიური გეგმის მთავარი პრიორიტეტების, კრიტერიუმებისა და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირებულობაზე დაკვირვება და შეფასება;
- გზების სასარგებლო მომსახურების ვადა განსხვავებულია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის: შესრულებული სამუშაოების ტიპზე, საავტომობილო ნაკადის ინტენსივობასა და ადგილობრივ კლიმატზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ გზების დეპარტამენტის მიერ წლიური გეგმის შემუშავების პროცესში, არ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი გზების სავარაუდო, სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასება. შედეგად, გზების დეპარტამენტს არ აქვს შესაძლებლობა დაასაბუთოს, ირჩევს თუ არა საუკეთესო ვარიანტს მოვლა- შენახვას, პერიოდულ მოვლა-შენახვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს შორის.