სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი. პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. აუდიტმა მოიცვა პროექტის მეოთხე წელი, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამოუკიდებელი აუდიტის დასრულების შემდგომ, გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკს წარუდგენს აუდიტის დასკვნას 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და SRAMP-ით გათვალისწინებული თანხის სესხად აღიარების მოთხოვნას. დამოუკიდებელი აუდიტი ჩატარებულია წინასწარ განსაზღვრული სამუშაო დავალების შესაბამისად.
პროექტის მიზნებია: გზით მოსარგებლეებისათვის სოციალურ სერვისებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მდგრადი ფორმით გაუმჯობესება, პროექტით გათვალისწინებული გზების მეშვეობით და საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება. 2016 წლის 28 მარტით დათარიღებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს პროექტის დამოუკიდებელი მონიტორინგი და შეფასება დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2020 წლისთვის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორები (DLI’s) სრულად არის მიღწეული, თუმცა DLI-1.3 (პროექტირება-მშენებლობის ქვეპროგრამის მიზნები), რომელიც უნდა დასრულებულიყო 2019 წელს, კვლავ შესრულების ეტაპზეა. DLI-ის მიზნების მიღწევის პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე, დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიშის მიხედვით, რეკომენდებულია 2020 წლისთვის 631,906 აშშ დოლარის სესხად აღიარება.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნება:
გზების სასარგებლო მომსახურების ვადა განსხვავებულია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის: შესრულებული სამუშაოების ტიპზე, საავტომობილო ნაკადის ინტენსივობასა და ადგილობრივ კლიმატზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ გზების დეპარტამენტის მიერ წლიური გეგმის შემუშავების პროცესში, არ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი გზების სავარაუდო, სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასება. შედეგად, გზების დეპარტამენტს არ აქვს შესაძლებლობა დაასაბუთოს, ირჩევს თუ არა საუკეთესო ვარიანტს მოვლა-შენახვას, პერიოდულ მოვლა-შენახვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს შორის.