სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ მიერ განხორციელებული შესყიდვების გაანალიზებით გამოვლინდა, რომ სატენდერო კომისიის არამიზანშეწონილი გადაწყვეტილებების, ასევე პრეტენდენტებისადმი მოთხოვნებსა და შესყიდვის ობიექტის აღწერასა და დაუსაბუთებელი შესყიდვის შედეგად, ვერ მოხერხდა 333.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღება.
დაჯავშნული ავტომანქანების შესყიდვა - ავტომობილების „ჩანაცვლების წესით“ შესყიდვის გამო, განხორციელდა გამარტივებული შესყიდვა (ერთ პირთან მოლაპარაკებით). ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ ჩანაცვლებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან ჯამურად მცირე ღირებულების ძველი ავტომანქანები (16.5 ათასი ლარი) ჩანაცვლებულია მრავალჯერ მეტი ჯამური ღირებულების ახალი ავტომანქანებით (575.2 ათასი ლარი), რამაც კონკურენციის არ არსებობის პირობებში გამოიწვია ავტომანქანების მაღალ ფასად შესყიდვა. აღნიშნული რისკის დასაზღვევად, დეპარტამენტს შეეძლო გამოეცხადებინა ტენდერი.
ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახალი დაჯავშნული ავტომანქანების („Ford Transit“ და „Ford Ranger“) შეძენას ძირითადად აწარმოებდა შპს „აიემ კავკასიისგან“. შპს „აიემ კავკასია“ თავის მხრივ ავტომანქანების (დაუჯავშნელის) შეძენას ახდენდა შპს „ჯი თი მოტორსისგან“ და შემდგომ უტარებდა დაჯავშნის სამუშაოებს. შპს „აიემ კავკასია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას, რომ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტომობილს ნებისმიერი სახის ტექნიკურ მომსახურებას ჩაუტარებდა და საჭირო სათადარიგო ნაწილებს (გარდა საბურავებისა) შეიძენდა, მხოლოდ შპს „ჯი თი მოტორსის“ სერვის ცენტრებში. შედეგად, დეპარტამენტი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დამატებით ხელშეკრულებებს (თანდართული პრეისკურანტით) აფორმებდა აღნიშნულ კომპანიასთან. 1 ხელშეკრულებების საფუძველზე, ავტომანქანებისთვის ხუნდების გამოცვლა ხდებოდა გაცილებით უფრო მაღალ ფასად, ვიდრე არასაგარანტიო პერიოდში. კერძოდ, დეპარტამენტი, არასაგარანტიო პერიოდში, სამუხრუჭე ხუნდების შეძენას აწარმოებდა ელექტრონული ტენდერების საშუალებით, ხოლო შეძენილი ხუნდების მონტაჟს აწარმოებდა საკუთარი ძალებით (საკუთარ ავტოფარეხში), ან სხვა სერვის ცენტრების საშუალებით, რაც გაცილებით უფრო იაფი უჯდებოდა, ვიდრე შპს „ჯი თი მოტორსის“ მიერ გაწეული ანალოგიური მომსახურება. საილუსტრაციოდ, დეპარტამენტის მიერ საგარანტიო პერიოდში ხუნდების ტენდერების გზით შესყიდვის შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა 200.0 ათას ლარზე მეტი ეკონომია. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორი კომპანიების მიერ ზემოაღნიშნული პირობით ხელშეკრულების გაფორმება მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს, თუმცა, დეპარტამენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან მისი ავტოპარკის ექსპლუატაცია მნიშვნელოვან დანახარჯებს უკავშირდება (მაგალითად, გაცილებით უფრო ინტენსიურია ხუნდების ცვეთა), მიზანშეწონილია ხარჯების რაციონალიზაციის მიზნით დეპარტამენტმა შესყიდვების განხორციელებისას გამოიყენოს „ზღვრული ფლობის ღირებულებით“ 2 შესყიდვის პრაქტიკა (რომელიც ავტომანქანის ღირებულებასთან ერთად მოიცავს აუცილებელ საგარანტიო მომსახურებას) და ამ გზით რესურსები ეკონომიურად განკარგოს.
ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას პრეისკურანტის განსაზღვრის წესში არსებული ნაკლოვანება - ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ტენდერებით შესყიდვისას, არსებობს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის გაუმჯობესების პოტენციალი (ფასის პროპორციული კლების სისტემის მაგივრად, საშუალო შეწონილი ღირებულებით გაანგარიშება - დეტალურად იხილეთ აუდიტის ანგარიშში) რაც შეამცირებს ავტოტექმომსახურების შესყიდვაზე გაწეულ დანახარჯებს.
დაცვის პოლიციის ფინანსური მდგომარეობა - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საკუთარი შემოსავლებიდან 5 მლნ ლარზე მეტი ნაშთის სახით ერიცხებოდა. 2017 წლის განმავლობაში დეპარტამენტმა შემოსულობების სახით მიიღო 112 მლნ ლარზე მეტი, ხოლო წლის ბოლოს დეპარტამენტს თავისუფალი ნაშთი გაეზარდა, რამაც 6 მლნ ლარს გადააჭარბა. გარდა თავისუფალი რესურსისა, მიღებული შემოსავლებიდან დეპარტამენტი უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა უწყებებისთვის თანხების გადაცემას (3 მლნ ლარამდე ოდენობით). ამასთან, დეპარტამენტი დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც, რაც 9 მლნ ლარს აღემატება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლებიდან მობილიზებული დაახლოებით 9 მლნ ლარი (არსებული ნაშთი და სხვა უწყებებისთვის გადაცემული რესურსი) თავისუფალ განკარგვას ექვემდებარება, თუმცა აღსანიშნავია რომ წლის დასაწყისში (შემოსავლების მიღებამდე) დეპარტამენტს საწყისი რესურსები განსაკარგავად უნდა გააჩნდეს.