სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 2015-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შესყიდვებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
კომპანიამ 2015-2017 წლების ფინანსებით სულ 37,222,108 ლარის ღირებულების 1,272 ერთეული შესყიდვა განახორციელა, საიდანაც ტენდერით შესყიდვების მოცულობამ 96.5% შეადგინა, ხოლო დანარჩენი − გამარტივებულ შესყიდვაზე მოდის. აუდიტის ჯგუფმა შერჩევით შეისწავლა 21,732,807 ლარის ღირებულების 131 ელექტრონული ტენდერი, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, ძირითადად შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- შესყიდვების დაგეგმვა;
- ბაზრის კვლევა (მათ შორის, წარუმატებელი ტენდერები);
- კონკურენცია;
- ტექნიკური დოკუმენტაციის არსებითი ცვლილება;
- შემსყიდველის პირობების გაუარესება და ტენდერების
- ორგანიზება;
- ინტერესთა კონფლიქტი.
კერძოდ:
- შესყიდვების გეგმებით განსაზღვრული მოცულობები არ იყო კლინიკის რეალური საჭიროებების შესაბამისი, რის გამოც ტენდერები ცხადდებოდა საქონლის და მომსახურების საჭიროზე მეტი რაოდენობების მოთხოვნით, შესაბამისად, ფაქტობრივი ათვისებები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სახელშეკრულებო ღირებულებებს. კერძოდ, შესწავლილ 131 ტენდერში სახელშეკრულებო ღირებულებების საშუალო ფაქტობრივმა ათვისებამ 48% შეადგინა. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს კლინიკაში შესყიდვების დაგეგმვის პროცესის ნაკლოვანებებსა და კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე. - კლინიკის მიერ შესყიდვების ინდივიდუალური დაგეგმვისას სათანადოდ არ ხორციელდებოდა ბაზრის კვლევა, რაც იწვევდა დაბალ კონკურენციას, ტენდერების უშედეგოდ დასრულებას და ქმნიდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მაღალ ფასად შესყიდვის რისკს.
- კლინიკამ მომსახურების შესყიდვამდე არ გააანალიზა გადაწყვეტილების ხარჯსარგებლიანობა, რაც მაღალი ალბათობით შეამცირებდა კომპანიის ხარჯებს. ამასთანავე, შესყიდვის პროცესი წარმართა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით, რადგან კლინიკამ არ გამოიყენა დაზუსტებისა და დისკვალიფიკაციის მექანიზმები, ხოლო ხელშეკრულების შესრულების დროს არ დაიცვა ტენდერის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები.
- კლინიკამ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, დაზუსტების ეტაპზე არსებითად შეცვლილი სატენდერო წინადადებების გამო არ განახორციელა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია და გააფორმა ჯამში 469,538 ლარის ხელშეკრულებები. აღნიშნული ზრდის კლინიკის მიერ მოთხოვნილისგან განსხვავებული ხარისხის მქონე სამედიცინო პროდუქციის შესყიდვის რისკს.
- კლინიკამ სატენდერო პირობების დარღვევით, ხუთ შემთხვევაში კონტრაქტორებს ჯამურად 50,833 ლარით გაუზარდა ხელშეკრულების ღირებულება.
- სატენდერო დოკუმენტაციაში მიწოდების ვადების შესახებ დეტალური ინფორმაციის არარსებობამ შეზღუდა კონკურენცია. ამასთანავე, კლინიკამ ორ შემთხვევაში ისე გამოაცხადა გამარჯვებულად ერთი პრეტენდენტი, რომ არ ჰქონდა დადგენილი წარდგენილი წინადადების შესაბამისობა სატენდერო პირობებთან. აღნიშნული ზრდის სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკს.
- 2015-2017 წლებში კლინიკის მიერ სასტერილიზაციო და სადეზინფექციო საშუალებების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერების ტექნიკური დავალებები შედგენილი იყო არასათანადოდ, რაც განაპირობებდა კონკურენციის შეზღუდვას და ართულებდა კლინიკისათვის საჭირო საშუალებების დროულად და ეკონომიურ ფასად შესყიდვას. ამასთანავე, კლინიკამ შეისყიდა მისი მოთხოვნებისგან განსხვავებული სამედიცინო მახასიათებლების მქონე საშუალებები. გარდა ზემოაღნიშნულისა, სატენდერო კომისია არ იყენებდა დაზუსტების და დისკვალიფიკაციის მექანიზმებს, რითაც დაირღვა შესყიდვების კანონმდებლობა.
- კლინიკამ ერთი ექოსკოპიის აპარატის შესაძენად ჩაატარა 10 ტენდერი და შესყიდვის სრული პროცესი 22 თვე გაგრძელდა. ტენდერების პარალელურად ექოსკოპიის აპარატის იჯარით სარგებლობაში კლინიკამ 75,908 ლარი გადაიხადა. აპარატის შესყიდვის პროცედურების დროული დასრულების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდებოდა მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების დაზოგვა. ამასთანავე, კლინიკამ შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით, ექოსკოპიის აპარატით მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადების ნაცვლად პირდაპირ გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება კერძო კომპანიას, რომლის დირექტორიც კლინიკის დირექტორთან საგადასახადო კოდექსით დადგენილი ურთიერთდამოკიდებული პირი იყო.
- კლინიკის დირექტორმა, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, 12 შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, არ გააკეთა თვითაცილება და მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შერჩევა-შეფასებაში. მათ შორის, ოთხ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდნენ ისეთი კომპანიები, რომელთა დირექტორებსა და კლინიკის დირექტორს შორის არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რაც წარმოქმნის არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკს. ამასთანავე, აღნიშნული შემთხვევები მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ითვალისწინებდა იმჟამინდელი კლინიკის დირექტორის დაჯარიმებას, თითოეულ შემთხვევაზე 1,500 ლარის ოდენობით.
- კლინიკა, სსიპ − სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს რეგულარულად არ აწვდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ, რაც ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ითვალისწინებს კლინიკის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1,500 ლარის ოდენობით.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ნაკლოვანებები
- C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ბეჭდით არ იყო დამოწმებული. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ჟურნალებში დაფიქსირებული ინფორმაციის არასანქცირებული შეცვლა.
- C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსრულებლობით მცირდება სერვისის მიმწოდებელთან არსებული სამკურნალო მედიკამენტებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობის ხარისხი.
- 14 პაციენტის მიერ 36 შემთხვევაში დარღვეული იყო კლინიკიდან მედიკამენტების მიღების პროგრამით დადგენილი წესები, რის გამოც აღნიშნული პაციენტების მიმართ უნდა გამოყენებულიყო მედიკამენტების გაცემის განსხვავებული მეთოდი, რაც არ განხორციელებულა. მსგავს შემთხვევებში, იზრდება პაციენტის მხრიდან მედიკამენტების არამიზნობრივად გახარჯვის რისკი.
- მკურნალობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პროგრამით გათვალისწინებული სანქციების გამოუყენებლობა ან არასათანადოდ გამოყენება წარმოშობს მედიკამენტების არამიზნობრივად გახარჯვის რისკს.
- პაციენტის გარდაცვალების ან მკურნალობის შეწყვეტისას, მედიკამენტების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაბრუნების მოთხოვნის შეუსრულებლობა/არასათანადოდ შესრულება, რაც მოხდა ხუთ შემთხვევაში, წარმოშობს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების არამიზნობრივად გამოყენების რისკს.
- ლაბორატორიული კვლევის პროცედურების ჩატარებისა და შედეგების გაფორმების არსებული პრაქტიკა ნაკლებად გამჭვირვალეა.
- C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მკურნალობის შემდგომ კვლევებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევები ზრდის პაციენტების მხრიდან მედიკამენტების არამიზნობრივად გამოყენების რისკს. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის რეჟიმის ზემოაღნიშნულ დარღვევებზე კლინიკის მიერ სათანადო ზომები არ ყოფილა მიღებული.
- პროგრამის ზედამხედველების მიერ რევიზიისა და კონტროლის განუხორციელებლობა ზრდის კლინიკის მიერ პროგრამით განსაზღვრული პირობებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების რისკს.
დებიტორული დავალიანებების მართვის ნაკლოვანებები
კლინიკას აუდიტის პერიოდში არ ჩაუტარებია მოთხოვნების ინვენტარიზაცია და არ აქვს მოძიებული შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია, მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება დებიტორული დავალიანებების არსებობის, სისრულის და სიზუსტის შესახებ.
იმ შემთხვევებში, სადაც არ იქნა გამოყენებული დებიტორებისათვის თანხის მოთხოვნის უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, დიდი ალბათობით, დაიკარგა აღნიშნული თანხების მიღების შესაძლებლობა, რაც ორგანიზაციისთვის ფინანსურ დანაკარგს წარმოადგენს. კლინიკას არ აქვს 24,020,027 ლარის ღირებულების დებიტორების სრულყოფილი რეესტრი და მისაღებ თანხებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის დებიტორების ეფექტიან მართვას. აღნიშნული მიუთითებს ორგანიზაციაში არსებულ ფინანსური მართვის მნიშვნელოვან ნაკლოვანებაზე და ზრდის დიდი ოდენობით თანხების დაკარგვის რისკებს.
შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
- კლინიკაში არ არსებობს კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების დარიცხვას და გადახდას დირექტორის ბრძანებების შესაბამისად. გადაუმოწმებელი სახელფასო უწყისების გამო, იზრდება არაავტორიზებული ხელფასის გაცემის რისკი.
- კლინიკაში არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნები შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ. შრომით ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ანაზღაურების თანხა, რის გამოც იზრდება არაავტორიზებული ხელფასის გაცემის რისკი. ამასთანავე, კომპანიაში არ არის სისტემატიზებული სახით მოწესრიგებული შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
- კლინიკაში არ არსებობს თანამშრომლებთან საბოლოო ანგარიშსწორების პროცესის კონტროლის მექანიზმი. 6 გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ზედმეტად ხელფასის სახით გადახდილი 20,229 ლარი ექვემდებარება კლინიკის ანგარიშზე დაბრუნებას.
- „საქართველოს შრომის კოდექსი“ თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას. შესაბამისად, კლინიკამ კომპენსაციის სახით განთავისუფლებულ თანამშრომელს ზედმეტად აუნაზღაურა 4,000 ლარი კომპენსაცია, რაც ექვემდებარება კლინიკის ანგარიშზე დაბრუნებას.
- კლინიკაში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს „ფიქსირებული ხელფასის მქონე თანამშრომლების შვებულების დროს შეთავსების ანაზღაურების წესების“ შესახებ დირექტორის ბრძანების შესრულებას. აღნიშნული ბრძანების მოთხოვნის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს თანამშრომლების მიერ შეთავსებული ან/და მორიგეობების დროს მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება.
ძირითადი საშუალებების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
- კლინიკას ძირითადი საშუალების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით პარტნიორთა თანხმობები არ ჰქონდა მოპოვებული, რის გამოც არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება ფართების იჯარით გაცემის შესახებ. თანხმობის გარეშე გაქირავებული ფართებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2015-2017 წლებში ჯამურად 277,074 ლარი შეადგინა.
- პირისთვის, რომელიც ორი სხვადასხვა მხარისათვის დებს ერთ გარიგებას, რთული გადასაწყვეტია, რომელ წარმოდგენილ მხარეს შეუქმნას საუკეთესო პირობები, ვინაიდან ერთისთვის უპირატესობის მინიჭება, ავტომატურად მოქმედებს მეორე მხარის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტის რისკებს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში არასწორად დაფიქსირებული ფართის გამო, კლინიკამ შპს „ჰელსისგან“ 2012 წლის 24 დეკემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე პერიოდში მიიღო 22,175 ლარით ნაკლები შემოსავალი. ამასთანავე, შემფასებლის მიერ საიჯარო ფასი არასწორად იყო გამოთვლილი (იხ. წინამდებარე ანგარიშის 5.3 ქვეთავი).შემფასებლის აღნიშნული ხარვეზის გამო, 2013-2019 წლებში კლინიკამ საიჯარო ქირის სახით დაკარგა 199,944 ლარის შემოსავალი, მათ შორის, შპს „ჰელსისგან“ მიიღო 95,301 ლარით ნაკლები (იხ. წინამდებარე ანგარიშის 5.2 ქვეთავი).
საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით გატარებული ღონისძიებების შეუსაბამობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან
2015-2017 წლებში, კლინიკის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცალკეული სამედიცინო შემთხვევა არ სრულდებოდა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით და გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით, რის შედეგად სააგენტომ ორგანიზაციას არ აუნაზღაურა პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება. არასათანადო მენეჯმენტის გამო, კლინიკამ დაკარგა 786,594 ლარის მიღების შესაძლებლობა.