სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 07 აპრილი, 2023
შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შემოსავლები და ხარჯები 

ქონების იჯარით გაცემისა და საწვავის გამოყენებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელია 198.233 ლარი, ხოლო სათანადო დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გახარჯულია 13.341 ლარის საწვავი; ამასთანავე, არ არის უზრუნველყოფილი აქტივების ეფექტიანი გამოყენება.

სახელმწიფო შესყიდვები 

სატენდერო მოთხოვნების განსაზღვრასა და შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - აუდიტის პერიოდში ჩატარებული ტენდერებიდან რიგ შემთხვევებში პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ტენდერის სავარაუდო ღირებულება არასათანადოდ განისაზღვრა, ხოლო შერჩევა-შეფასების ეტაპზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ტენდერების და, შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეფერხება განაპირობა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას, სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების ღირებულების ფაქტობრივ ღირებულებებთან არსებული სხვაობები ბაზრის კვლევის ხარვეზებზე მიუთითებს, ხოლო არასრულყოფილად შედგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში გადახდილია 729.100 ლარი.

მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის პროცესის არასათანადო დაგეგმვა-განხორციელების შედეგად, სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ნაწილი სათანადო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების გარეშე წარიმართა, რაც შესრულებული სამუშაოების მოცულობებსა და ხარისხთან დაკავშირებით რისკებს წარმოშობს.

სამშენებლო სამუშაოების შესრულებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - პროექტების მართვის კომპანიაში არსებულმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო დადასტურება. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა-განხორციელების შედეგად ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვერ დასრულდა.
 

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“

რეკომენდაცია N1:

პროექტების მართვის კომპანიამ გააძლიეროს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების ოპტიმალურ გამოყენებასა და საიჯარო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობას. ამასთანავე, სახსრების დასაბუთებული და რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს მოქმედი ნორმატივების შესაბამისი საწვავის ხარჯვის კონტროლის სისტემა.

რეკომენდაცია N2:

შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრის მიზნით, პროექტების მართვის კომპანიამ დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების კანონმდებლობის შესაბამისად დროულ და ხარისხიან განხორციელებასა და პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების არგუმენტირებულ შეფასებებს.

რეკომენდაცია N3:

მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისა და ტენდერების სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრის უზრუნველსაყოფად, პროექტების მართვის კომპანიამ შეიმუშაოს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც შესყიდვების მომზადების ეტაპზე გააუმჯობესებს ყველა სამართლებრივი და ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და რელევანტური პირობის სათანადო შესწავლასა და ანალიზს.

რეკომენდაცია N4:

კომპანიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც მშენებლობის სათანადო ზედამხედველობით უზრუნველყოფს მშენებლობის ნორმების, წესებისა და ტექნიკური პირობების დაცვას და ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიან განხორციელებას.

რეკომენდაცია N5:

პროექტების მართვის კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულებასა და სათანადო დადასტურებას.