სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრების - „ცხუმისა“ და „ბიჭვინთის“ 2015-2018 წლებში ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვა და მატერიალური ფასეულობების გამოყენება.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შრომის ანაზღაურება ხელფასების გაანგარიშებისა და გაცემის ნაკლოვანებები
ცენტრის − „ცხუმის“ ხელმძღვანელობის არასათანადო კონტროლისა და ბუღალტრის მიერ დაკისრებული მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო, შრომის ანაზღაურების სახით ადმინისტრაციაზე გაიცა კუთვნილზე მეტი, ხოლო თანამშრომლებზე − კუთვნილზე ნაკლები თანხები. გაანგარიშებებში დაშვებული შეცდომების შედეგად თანამშრომლებს არ დაუკავდათ ხელფასიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, რითაც, ერთი მხრივ, დაირღვა ცენტრის თანამშრომელთა კანონიერი ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, ბიუჯეტს დააკლდა კუთვნილი გადასახადი.
თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ნაკლოვანებები
მედიცინის ცენტრებში − „ცხუმსა“ და „ბიჭვინთაში“ თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ჟურნალებში უმეტეს შემთხვევაში დაფიქსირებული ნამუშევარი დრო ნაკლები იყო შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო დროზე. ამავდროულად არ იწარმოებოდა სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელი, რომელიც ხელფასის გაანგარიშებისა და გაცემის საფუძველია. ზემო აღნიშნული ფაქტები განპირობებული იყო ცენტრების ხელმძღვანელთა არასათანადო/შეუსაბამო კონტროლით და ქმნიდა ხელფასების არასწორად (უსაფუძვლოდ) გაანგარიშება/გაცემის რისკებს.
არაფინანსური აქტივების განკარგვა უძრავი ქონების გამოყენების ნაკლოვანებები
ცენტრი „ბიჭვინთა“
ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და შესაბამისი ანაზღაურების გადახდის გარეშე, იყენებდა სახელმწიფო ფართს საკუთარი შემოსავლების მისაღებად, რის გამოც ცენტრის − „ბიჭვინთის“ ხელმძღვანელობისა და მისი დამფუძნებლის არასაკმარისი (არასათანადო) ქმედებების გამო, დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი გამოყენება და ბიუჯეტში სარგებლის სახით თანხების გადაუხდელობის ფაქტები.
ცენტრი „ცხუმი“
ცენტრის − „ცხუმის“ ხელმძღვანელობის მიერ არასათანადოდ/შეუსაბამოდ გატარებული ღონისძიებებისა და დამფუძნებლის მხრიდან არასაკმარისი კონტროლის გამო, დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე გამოყენების ფაქტები.
ინვენტარიზაციის პროცესში არსებული ნაკლოვანებები
ცენტრი „ბიჭვინთა“
ხელმძღვანელობისა და საინვენტარო კომისიის მხრიდან არასათანადოდ/შეუსაბამოდ განხორციელებული ღონისძიებების გამო, შეიქმნა ცენტრის ბალანსზე რიცხული ფასეულობების დაუცველობისა და არაეფექტიანად გამოყენების რისკები.
ცენტრი „ცხუმი“
ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული მოვალეობებისადმი არასათანადო/შეუსაბამო დამოკიდებულების გამო, შეიქმნა ცენტრის ბალანსზე რიცხული ფასეულობების დაუცველობისა და არაეფექტიანად გამოყენების რისკები.
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას უნებართვოდ გაფორმებული ხელშეკრულებები
ცენტრი „ბიჭვინთა“
ცენტრის − „ბიჭვინთის“ წესდებით განსაზღვრულია იმ ხელშეკრულებების შეთანხმების წესი, რომელთა ღირებულება აჭარბებს ცენტრის საწესდებო კაპიტალის 15%-ს. მიუხედავად აღნიშნულისა, დადგენილი წესის უგულებელყოფით (დამფუძნებლის ნებართვის გარეშე) დაფიქსირდა თანხების ხარჯვის ფაქტები, რითაც შეიქმნა ფულადი სახსრების არარაციონაალურად და არაეფექტიანად ხარჯვის რისკები.
შეუთანხმებელი სახელფასო განაკვეთები და კალკულაციები
ცენტრები: „ბიჭვინთა“ და „ცხუმი“
ცენტრებში − „ბიჭვინთასა“ და „ცხუმში“ ხელფასების კალკულაციები წესდების შესაბამისად არ იყო შეთანხმებული დამფუძნებელთან, რითაც წარმოიქმნა ხელფასების არამართლზომიერად გაანგარიშება/გაცემის რისკები.
არასრულად წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება და არასწორად ნაწარმოები ხარჯების აღრიცხვა
ცენტრები: „ბიჭვინთა“ და „ცხუმი“
დამფუძნებლისათვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, არ შეიცავდა ყველა ფორმას, რის გამოც ცენტრების მიერ არასრულად და არასწორად მოხდა ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.
ბუღალტრული აღრიცხვა არ წარმოებდა უშუალოდ სამეურნეო ოპერაციების განხორციელებისას, როგორც ეს დადგენილია მოქმედი წესითა და სტანდარტებით. პირველადი დოკუმენტაციის მოგროვება წარმოებდა ერთიანად და მიმდინარე თვის დასრულების შემდგომ, ასევე ერთიანად აისახებოდა ბუღალტრული გატარებები.
ცენტრების −„ბიჭვინთისა“ და „ცხუმის“ ბუღალტრების მიერ არასათანადოდ განხორციელებული ქმედებები და არასრულყოფილი კონტროლის ღონისძიებები ქმნიდა მიღებული შემოსავლების არასწორი კლასიფიკაციისა და არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს.
სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვების ნაკლოვანებები
ცენტრი „ბიჭვინთა“
ცენტრის − „ბიჭვინთის“ პასუხიმგებელი პირების მათზე დაკისრებული მოვალეობებისადმი არასათანადო დამოკიდებულებამ, ხელმძღვანელობის შეუსაბამო კონტროლმა და დადგენილი მონეტარული ზღვრების დარღვევით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებამ, წარმოქმნა ფულადი სახსრების არამართლზომიერად გახარჯვის რისკები.
სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულად წარმოებული დოკუმენტაცია
ცენტრები: „ბიჭვინთა“ და „ცხუმი“
ცენტრების − „ბიჭვინთისა“ და „ცხუმის“ მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორი წარმოება-გამოყენებით და სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელთა მხრიდან არასათანადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებით, საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად/არამართლზომიერად დაიხარჯა და ამავდროულად დარიცხული თანხების (ჯარიმების) გამო საწარმოებს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.