სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 29 აპრილი, 2021
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა

2018-2019 წლებში კომპანიას არ გააჩნდა პარტნიორთან შეთანხმებული და ოფიციალურად დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი და მის განსახორციელებლად საჭირო სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, შეუძლებელია აუდიტის პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობის შეფასება წინასწარ განსაზღვრული შეფასების ინდიკატორების მიხედვით. ამასთანავე, აუდიტის პერიოდში არ დასტურდება კომპანიის სტრატეგიის შემუშავებისთვის ქმედითი აქტივობები.

ბიზნესგეგმებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

კომპანიის 2018-2019 წლების ბიზნესგეგმები არ იყო დამტკიცებული კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად, ასევე კომპანიაში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პარტნიორის მიერ კომპანიის ბიზნესგეგმების შეთანხმების/მოწონების ფაქტს. შესაბამისად, შეუძლებელია აუდიტის პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასება პარტნიორთან შეთანხმებული წინასწარ განსაზღვრული შეფასების ინდიკატორების მიხედვით. 

პარტნიორის მიერ კომპანიის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაკლოვანებები

სააგენტოს მიერ შედგენილი 2018 და 2019 წლების წლიური ანგარიშებიდან არ იკვეთება მისი, როგორც აქტიური პარტნიორის როლი. ანგარიშები არ მოიცავს საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად, რა მოცულობით და როგორ შეასრულა სააგენტომ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილებები. 
სააგენტოს მიერ სახელმწიფო საწარმოს შესახებ აგრეგირებული და გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაკლოვანებები მიუთითებს გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სისრულის და სისწორის კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე და ვერ უზრუნველყოფს განახლებული ინფორმაციის გასაჯაროებას სახელმწიფო საწარმოების შესახებ. 

პარტნიორის არასათანადო ჩართულობა

არ დასტურდება სააგენტოს მიერ მისთვის კანონმდებლობით (და მისივე ბრძანებით) განსაზღვრული ცალკეული პასუხისმგებლობების შესრულება, მათ შორის, წლიური შედეგების და საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება, ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, სააგენტოში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების პროექტების ფინანსური ანალიზი და სხვ. 
კომპანიის წესდების ფორმულირება, კომპანიის პარტნიორის უფლებამოსილების კონტექსტში, ნაწილობრივ არ შეესაბამება სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

პარტნიორის გადაწყვეტილებების ნაკლოვანებები

ცალკეული საკითხი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა საფუძვლის გათვალისწინებით, მოითხოვდა სააგენტოსთან შეთანხმებას, თუმცა მათთან დაკავშირებით სააგენტოს პასუხები/წერილები თავისი შინაარსით არ წარმოადგენს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას − თანხმობას ან უარს, ან ერთმნიშვნელოვან პოზიციას პარტნიორის უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომპანიის ზოგიერთ მიმართვაზე სააგენტომ არასრულფასოვნად განახორციელა სახელმწიფო საწარმოს პარტნიორისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

ბარათების აღრიცხვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

კურორტ გუდაურის მოლარეებზე ბარათების გადაცემა წარმოებს დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების გარეშე. ამასთანავე, არ ტარდება მათი ინვენტარიზაცია. შესაბამისად, არასათანადო კონტროლის მექანიზმების პირობებში, კომპანიაში ბარათების აღრიცხვის პროცესი ნაკლებად გამჭვირვალეა. 

ფასწარმოქმნის ნაკლოვანებები

კომპანიაში არ არსებობს მომსახურების ფასების გაანგარიშების პოლიტიკა და მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა სოციალური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ამასთანავე, ინფორმაციის მიწოდებაზე სათანადო კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში ბილეთები რეალიზებული იყო დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ფასებით. კომპანიაში ფასების გაანგარიშების პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის არარსებობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს კომპანიის შემოსავლების ფორმირებასა და ფინანსურ შედეგებზე. 

აბონემენტების უფასოდ გაცემის პროცესის ნაკლოვანებები

აბონემენტების უფასოდ ან/და შეღავათიანი ფასით გაცემის შესახებ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები არის ზოგადი და იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, გადაწყვეტილებებში არ ფიქსირდება უფასოდ გასაცემი აბონემენტების რაოდენობა. აღნიშნული რაოდენობები დგინდება ჩუქების ხელშეკრულებების ხელმომწერი პირების მიერ. ზოგ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული და გაურკვეველია გადასაცემი აბონემენტების რაოდენობის დამდგენ პირთა ვინაობა. 
რიგ შემთხვევებში უფასოდ გადაცემულ სახელობით აბონემენტებზე არ ფიქსირდება მფლობელის ვინაობა, რაც ართულებს მათი გამოყენების კონტროლს და წარმოშობს აბონემენტების არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოყენების რისკს. აბონემენტების უფასოდ გაცემის პროცესი არ არის გამჭვირვალე, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს კომპანიის შემოსავლებზე. 

დადგენილ ვადებში შეუსრულებელი ხელშეკრულებები

კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე დროულად არ განახორციელა რეაგირება და ოთხ ხელშეკრულებაში არ შეიტანა ცვლილებები სათანადო დასაბუთებით, შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო ერთ შემთხვევაში ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 148 დღის შემდეგ.

დარღვევებით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები

კომპანიამ შინოს საბაგიროს ფარეხის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვისა და მშენებლობის პროექტის სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე. დარღვევებით წარმოებული მშენებლობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა განმეორებითი შესყიდვების განხორციელება დაზიანებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. 

კომპანიამ თავდაპირველი მშენებლობისა და შემდგომი რეკონსტრუქციის სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვებისა და მშენებლობის წარმოების ეტაპების სავალდებულო საექსპერტო შეფასებების გარეშე, რითაც შექმნა განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის (V კლასის) სათანადო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რისკები. 

პროექტის შეუსაბამო სამუშაოები

კომპანიამ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა პროექტისგან განსხვავებით შესრულებულ სამუშაოებზე, პროექტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების გარეშე. აღნიშნული ქმნის სამუშაოების მიღების რისკს, რომელმაც შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს შემსყიდველის რეალური საჭიროებები.

ნებართვების გარეშე დაწყებული სამშენებლო სამუშაოები

კომპანიის მიერ განსახორციელებელი რთული და სპეციფიკური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.).

კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმები

2018-2019 წლებში სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის კომპანიაზე დაკისრებული მნიშვნელოვანი მოცულობის ჯარიმები მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა კომპანიისათვის არ არის პრიორიტეტული, მიუხედავად ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა. 

ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ნაკლოვანებები

კომპანიას 2018-2019 წლებში არ ჩაუტარებია ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია, შესაბამისად, ვერ მოვიპოვეთ რწმუნება ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების სისრულის და არსებობის შესახებ. ამასთანავე, ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობა ზრდის კომპანიის ქონების დანაკარგების რისკს. 

კომპანიის საკუთრებად დაურეგისტრირებელი ქონება

კომპანიის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული ბალანსზე რიცხული 19 მიწის ნაკვეთი, ასევე დაურეგისტრირებელია ბალანსზე რიცხული 16 შენობანაგებობა და არ აქვს მინიჭებული საკადასტრო კოდი. სასრიალო გზების უმეტესობა არ არის ბალანსზე აღრიცხული და კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული.

მოთხოვნების მართვის ნაკლოვანებები

კომპანიას 2018-2019 სამეურნეო წლების ბოლოს არ ჩაუტარებია მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. აქედან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება დებიტორული დავალიანებების არსებობის, სისრულის და სიზუსტის შესახებ. კომპანიის მიერ სათანადოდ არ იყო გამოყენებული 25 დებიტორის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში თანხის მოთხოვნის უფლება, რაც ამცირებს მათი მიღების შესაძლებლობას.

კომპანიის დირექტორის ხელფასის უსაფუძვლო ზრდა

არაუფლებამოსილი პირის მიერ შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით. 

პრემიების გაცემა სათანადო დასაბუთების გარეშე

კომპანიაში პრემიები გაცემულია მოქმედი პრემირების წესისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი პრემირების სათანადო დასაბუთებები. ამასთანავე, კომპანიის დირექტორების პრემირების ბრძანებები გამოცემულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე. შედეგად, პრემიები გაცემულია გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად. 

დანამატების გაცემა სათანადო დასაბუთების გარეშე

კომპანიაში დანამატები არ გაიცემა სათანადო დასაბუთების საფუძველზე, რაც შესაძლოა უსაფუძვლოდ ზრდიდეს კომპანიის ხარჯებს და ხელს უწყობდეს კომპანიის სახსრების გაუმჭვირვალე და არაეკონომიურ განკარგვას. 

საგადასახადო შეღავათის არასწორად გავრცელება

საგადასახადო შეღავათი გავრცელებულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შეუსაბამოდ. 23,903 ლარი გაცემულია დაბეგვრის გარეშე. აღნიშნული თანხის საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას. 

გაუმჭვირვალე ხარჯი

კომპანიამ ბაზრის კვლევის გარეშე მიმწოდებელთან გააფორმა 122,581 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, სადაც არ იყო განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი მომსახურების დეტალური სპეციფიკაცია. შესაბამისად, კომპანია მომსახურების მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მიღებული მომსახურების სისრულესა და ხარისხზე. აღნიშნული გარემოებების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე ვერ შეძლო მოეპოვებინა მტკიცებულებები გაწეული ხარჯების ეკონომიურობასთან დაკავშირებით. 

2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 133,000 ლარი. ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128,000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა.
 
მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების გარეშე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ხარჯებად აღიარება ეწინააღმდეგება კომპანიის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებებს, ხარჯები გაუმჭვირვალეა და არ იძლევა მათი საჭიროებისა და მიზნობრიობის დადგენის შესაძლებლობას. 

სალაროებში ყოველდღიური ნაშთების ლიმიტის არარსებობა

კომპანიის სალაროს დებულებაში არ არის განსაზღვრული სალაროებში დღის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ლიმიტები, რაც წარმოქმნის თანხების არასანქცირებული გამოყენების და დაუცველობის რისკებს.

საწვავის ხარჯვის და ლიმიტების ბრძანებების ნაკლოვანებები

კომპანიაში საწვავის ლიმიტების დადგენის შესახებ დირექტორის ბრძანებები შედგენილი იყო არასრულად და ხარვეზებით. ცალკეულ შემთხვევაში ლიმიტები განსაზღვრული იყო კომპანიის რეალურ საჭიროებებზე ნაკლები ოდენობით. ასევე, კომპანიაში დანერგილი კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, საწვავის დადგენილი ლიმიტის გარეშე ხარჯვა არ არის დასაბუთებული და იძლევა არამიზნობრივად გამოყენების საშუალებას.

რეზერვუარიდან საწვავის ხარჯვის ნაკლოვანებები

კომპანიაში არ რეგულირდებოდა რეზერვუარებიდან საწვავის გაცემის მიზნობრიობა, ასევე, რეზერვუარებზე პასუხისმგებილი პირის დანიშვნის ბრძანებებში 2019 წლის 23 ივლისამდე არ იყო გაწერილი რეზერვუარიდან საწვავის გაცემის აღრიცხვის წესი. აღნიშნული მარეგულირებელი აქტების არარსებობამ და კონტროლის მექანიზმების სისუსტემ გამოიწვია დიზელის რეზერვუარიდან საწვავის გაცემის არასრული აღრიცხვა და დაუსაბუთებელი ხარჯვა.

საწვავის მიღებისა და ხარჯვის კონტროლის მექანიზმების სისუსტე

დიზელის რეზერვუარებში საწვავის მიღებისა და საწვავის ბარათებიდან ხარჯვაზე არასათანადო კონტროლის მექანიზმების გამო, კომპანიაში განხორციელდა საწვავის დაუსაბუთებელი და არამიზნობრივი ხარჯვა.
 

 

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს

რეკომენდაცია N1:  

სამთო კურორტების განვითარებისთვის კომპანიის გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ამოცანების სათანადო დაგეგმვის, კომპანიის საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების გამართული სისტემის დანერგვის უზრუნველსაყოფად, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ − ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშაოს და დაამტკიცოს კომპანიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სტრატეგიის მიზნების, ამოცანების, მათი შესრულების შეფასების ინდიკატორების და ვადების მითითებით. 

სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 

რეკომენდაცია N2:   

დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის გამჭვირვალობის ინსტრუმენტის შექმნისა და საქმიანობის შეფასების შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განავითაროს სახელმწიფო საწარმოების შესახებ ინფორმაციის აგრეგირებისა და წლიური რეპორტინგის სისტემა, რომელიც მათ შორის, უზრუნველყოფს სააგენტოს, როგორც სახელმწიფო საწარმოების პარტნიორის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის სისრულეს და ხელმისაწვდომობას; ასევე, მომხმარებლებისთვის საიმედო და განახლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, სააგენტომ უზრუნველყოს მის მიერ გამოსაქვეყნებელი მონაცემების სისწორის კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლება გონივრული პერიოდულობით. 

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს

რეკომენდაცია N3: 

კომპანიის წესდების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ კომპანიის წესდების შინაარსის განახლება და მისი მიღებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება. 

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“

რეკომენდაცია N4: 

კომპანიის შემოსავლების ეფექტიანი მართვისათვის, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შეიმუშაოს კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ფასწარმოქმნის პოლიტიკა და მეთოდოლოგია, სადაც სოციალურ მიზნებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ასევე კომპანიის ეკონომიკური მიზნები. 

რეკომენდაცია N5:

აბონემენტების უფასოდ გაცემის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ შეიმუშაოს „სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროს აბონემენტების უფასოდ და შეღავათიანი ფასით გაცემის, საბაგიროს აბონემენტებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის“ საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესების ახალი რედაქცია, რითაც დადგინდება აბონემენტების უფასოდ და შეღავათიანი ფასებით გაცემის კრიტერიუმები და განისაზღვრება გადასაცემი აბონემენტების კატეგორიები, ტიპები და რაოდენობები. 

რეკომენდაცია N6: 

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რითაც სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრება ბარათების სარეალიზაციოდ და აბონემენტების/ბილეთების უსასყიდლოდ გადაცემისას შესადგენი პირველად დოკუმენტები, მათი გაფორმებისა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის ვადები და პასუხისმგებელი პირები. 

რეკომენდაცია N7: 

მოთხოვნების მართვის უზრუნველსაყოფად შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ განსაზღვროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინირებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას, დებიტორებთან მოლაპარაკებებს და ურთიერთშედარების აქტების გაფორმებას, მოთხოვნების წარმოშობის, ხანდაზმულობის და დაკმაყოფილების შესაძლებლობის შესწავლას. ასევე მიზანშეწონილია კომპანიამ დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დებიტორებთან დაკავშირებული მონაცემების სისტემატურ განახლებას და ხელმძღვანელი პირებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას, მოთხოვნების მართვასთან დაკავშირებით ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. 

რეკომენდაცია N8: 

შპს „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ სახსრების გამჭვირვალედ და ეკონომიურად განკარგვის მიზნით, განიხილოს სამუშაო საათების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის მთის კურორტებზე დანერგვის შესაძლებლობა და შეიმუშაოს დანამატების გაცემის კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს დანამატების დასაბუთებულობის შესახებ კომპანიის შინაგანაწესის მოთხოვნის დაკონკრეტებას და დანამატების აუცილებლობისა და ერთ ზეგანაკვეთურ საათზე გასაცემი მოცულობის მკაფიოდ განსაზღვრას.

რეკომენდაცია N9: 

სახსრების ეკონომიურად და გამჭვირვალედ განკარგვის მიზნით, დადგენილი წესით აბონენემენტების უფასოდ გაცემის შემთხვევაში, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების მიზნობრიობისა და საჭიროების განსაზღვრას.

რეკომენდაცია N10: 

სალაროში არსებული ნაშთების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ განსაზღვროს და სალაროს დებულებაში ასახოს სამუშაო დღის ბოლოს სალაროებში ნაღდი ფულის ლიმიტები. 

რეკომენდაცია N11:  

დიზელის რეზერვუარიდან საწვავის გაცემის მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად და საწვავის ხარჯვის სრულყოფილი აღრიცხვის მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ შეიმუშაოს დიზელის რეზერვუარებიდან საწვავის გაცემის ინსტრუქცია, სადაც გაწერილი იქნება საწვავის გაცემის მიზნობრიობა და პასუხიმგებელი პირის მიერ გაცემული საწვავის აღრიცხვის წესი.