სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
ბიუჯეტის ათვისების ნაკლოვანებები
- „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მთავრობის განკარგულებებით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კომპანიამ სრულად ვერ აითვისა. 2017 და 2018 წლების ბოლოსთვის აუთვისებელი თანხების ჯამმა შეადგინა 14,243,474 ლარი. ამის გარდა, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ 5 პროექტისათვის 2017 წელს გამოყოფილი 28,444,310 ლარი, კომპანიამ საერთოდ ვერ აითვისა. ზემოაღნიშნული პრობლემები საინვესტიციო პროექტების არაჯეროვანი მართვის შედეგია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების სამიზნე მომხმარებლებს ოზურგეთში, ყვარელში, ხარაგაულში, ფასანაურში, გუდაურში, ფოთში, მარნეულსა და ბაკურიანში თავდაპირველად დადგენილ ვადებში არ მიეწოდათ გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურებები.
- 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული 6 სასესხო ხელშეკრულებით დამტკიცებული 477,533,244 აშშ დოლარის რესურსიდან, ათვისებულია მხოლოდ 217,173,863 აშშ დოლარი (45%). ამასთანავე, პროექტების განხორციელების ვადების გახანგრძლივების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი საკრედიტო რესურსების შემცირების ხარჯზე, პროექტებს პროცენტის სახით დამატებით დაერიცხება, სულ მცირე − 7,446,152 ლარი. ზოგიერთ პროექტს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის აუთვისებლობის საურავის სახით დაერიცხა 2,203,543 ლარი.
კომპანიისა და სამინისტროს აპარატის არასაკმარისმა ქმედებებმა ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების თავდაპირველ ვადებში დასრულება. ამასთანავე, მასშტაბური საკრედიტო რესურსების გამოყოფის პირობებში, სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების თავდაპირველი ვადების რამდენჯერმე გახანგრძლივების შედეგად, გაიზარდა საპროცენტო ხარჯები და ამ პროექტების ბენეფიციარების უმეტესმა ნაწილმა დროულად ვერ მიიღო გაუმჯობესებული ურბანული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელებით მომსახურება. შესაბამისად, ვერ იქნა მიღწეული ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი − პროექტის ბენეფიციართა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
ბიუჯეტის ფორმირებისა და ბიზნესგეგმებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
ბიზნესგეგმის შედგენისას კომპანიაში არ ხორციელდება მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებული კალკულაცია და სათანადო დოკუმენტირება. ცალკეული მუხლების არასათანადო დაგეგმვის გამო, კომპანია საანგარიშგებო წელს ცვლილებებს ხშირად ახორციელებს, რაც კომპანიის განმარტებით, გამოწვეულია პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი ხარჯების სიხშირით და მათ დასაფარად საკმარისი საოპერაციო შემოსავლების არარსებობით.
ამასთანავე, კომპანიას მინისტრის ბრძანებისა და შესაბამისი დანართების გათვალისწინებით არ აქვს წარდგენილი როგორც 2013-2018 წლების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე ბიზნესგეგმის დასამტკიცებელად გათვალისწინებული სრული ინფორმაცია.
სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის ხარვეზები
- არ არის შემუშავებული სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები, რაც კომპანიას მისცემდა სასმელი წყლის ხარისხის შეფასების, სისტემის დაცვის და მიწოდების პროცესის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობას. წყლის უსაფრთხოების გეგმების არარსებობა ზრდის სისტემური ჩავარდნის რისკს, ვინაიდან წინასწარ არ არის განსაზღვრული გაუთვალისწინებელ ვითარებაში წყლის ხარისხზე გავლენის მქონე მოვლენებზე (გვალვები, ძლიერი ნალექი ან წყალდიდობა და სხვ.) საპასუხო ღონისძიებები. შესაბამისად, კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლი არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადოდ ორგანიზებულად და ყოვლისმომცველად.
- კომპანიის მიერ სასმელი წყლის კონტროლის და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე არ არის შექმნილი ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა. ასევე არ არის უზრუნველყოფილი კონტროლის შედეგების პროაქტიული ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. ამასთანავე, ერთიანი ინფორმაციის არარსებობა ართულებს აღნიშნული მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ დამუშავებას და რისკების სათანადოდ შეფასებას.
- წყლის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასებისა და ანალიზის მიზნით, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების არარსებობის გამო, შეუძლებელია მენეჯმენტის იმ გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება, რომლებიც მიღებულია წყლის ხარისხის კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით.
- კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პროცესი არ მიმდინარეობს რეგლამენტით გათვალისწინებული საკონტროლო მაჩვენებლების შესაბამისად. კერძოდ:
- კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილი 50-ზე მეტი მაჩვენებლიდან, 5 მაჩვენებელზე ან არ კონტროლდება, ან შედეგები სათანადოდ არ დოკუმენტირდება;
- კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყალი, 3 მაჩვენებელზე კონტროლდება რეგლამენტთან შეუსაბამო ნორმატივებით.
- კომპანიაში არ არის დამტკიცებული ინსტრუქცია წყლის ხარისხის გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურების შესახებ.
- კომპანიის სამუშაო პროგრამებში არ არის გაწერილი იდენტიფიცირებული პოტენციური საფრთხეები და შემოწმებათა საჭირო რაოდენობა რეგლამენტით გათვალისწინებული მაჩვენებლების მიხედვით, ასევე სანიტარული დაცვის ზონების და რეზერვუარების მდგომარეობის შემოწმებების მიზნით, ადგილზე ვიზუალური ინსპექტირებები და მათი პერიოდულობა. შესაბამისად, სამუშაო პროგრამები არსებული სახით ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებას რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და არ ითვლება პასუხისმგებელი პირებისთვის ზუსტ საოპერაციო მონიტორინგის გეგმად.
- წყლის ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმები არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად. • წყლის ხარისხთან დაკავშირებით გამოვლენილი 16 შემთხვევიდან 15-ში სააგენტოსა და კომპანიის შემოწმების შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა;
- კომპანია სინჯებს არ ამოწმებს აკრედიტებულ ლაბორატორიებში. აღნიშნული გარემოება არ იძლევა კომპანიის მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგების სანდოობაში დარწმუნების შესაძლებლობას;
- 16-დან 10 შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევა კომპანიის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა;
- სააგენტო მომხმარებლებს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აცნობებს მხოლოდ მათი მოთხოვნით ჩატარებული კვლევების შემთხვევაში, სხვა დროს კი აბონენტების ინფორმირების რეკომენდაციას გასცემს წყლის მიმწოდებელ კომპანიებზე;
- ვერ მივიღეთ დასაბუთება, კომპანიის მხრიდან ხდება თუ არა მომხმარებლების ინფორმირება სააგენტოს მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით;
- სააგენტო განმეორებით შემოწმებებს არ ახორციელებს;
- სააგენტო წყლის ხარისხთან დაკავშირებულ დარღვევებს, რიგ შემთხვევაში, კომპანიას დაგვიანებით აცნობებს.
შემოსავლების ფორმირებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
აბონენტების სულადობის ცვლილება შესაძლებელია კომპანიის მიერ განხორციელებული ინსპექტირების ან აბონენტების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. 2017 და 2018 წლებში ასეთი სახის ინსპექტირება ჩატარდა მხოლოდ ერთხელ და შეეხო ქუთაისის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის სერვისცენტრებს. შესაბამისად, სულადობის შემცველ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება ძირითადად მინდობილია აბონენტებზე, რაც ზრდის კომპანიის ბაზაში უზუსტობების რისკს.
გარდა ზემოაღნიშნული პრობლემისა, დადგინდა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში აბონენტებს არასწორად დაარიცხავს გადასახადს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შერჩევით გადაამოწმა იურიდიულ პირებზე დარიცხვები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ორ შემთხვევაში აბონენტებს დარიცხული აქვთ ჯამურად 31,459 ლარით ნაკლები გადასახადი. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ კომპანია კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს.
შესყიდვებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
კომპანიამ 2017-2018 წლებში, სულ 535,515,047 ლარის 664 შესყიდვა განახორციელა, საიდანაც დონორების წესებით შესყიდვების მოცულობამ 471,875,454 ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით − 63,639,593 ლარი.
აუდიტის ჯგუფმა შერჩევით შეისწავლა 83 ელექტრონული ტენდერი, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანება ძირითადად შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- ბაზრის კვლევა;
- გაცემული ავანსები;
- კონტრაქტორების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
- კონტრაქტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები;
- საგარანტიო ვადები;
- ტენდერების ორგანიზება;
- არაერთგვაროვანი მიდგომები;
- პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება;
- ხელშეკრულების გაფორმება.
კერძოდ:
- 49 შემთხვევაში კომპანიას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისგან ფასების გამოკითხვის, შესასყიდი საქონლის არსებული პოტენციური მიმწოდებლების განსაზღვრის და მათი შესაძლებლობების შეფასების მიზნით. შესაბამისად, მინიმუმ, 55 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების შესყიდვა ბაზრის კვლევის გარეშე განხორციელდა, რაც ზრდის არაეკონომიური ხარჯვის რისკებს.
- კომპანიამ 20 გაცემული ავანსიდან 17 შემთხვევაში, რაც ჯამურად 6,058,657 ლარს შეადგენს, ვერ შეძლო სათანადო დასაბუთების წარმოდგენა. ასევე კონტრაქტორებს კომპანიისთვის არ წარუდგენიათ ავანსის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მოთხოვნებს და წარმოშობს ფულადი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს.
- შემოწმებული 29 სამშენებლო შესყიდვიდან, 10 შემთხვევაში, 17,837,421 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების შესყიდვებზე, კომპანიამ ვერ წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების პერიოდული ინსპექტირების დასკვნები. - ჯამურად 2,018,272 ლარის ღირებულების რვა კონტრაქტის შემთხვევაში, კომპანიამ ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო უფლების გამოყენება საგარანტიო ვადის პერიოდში მისთვის მიყენებული შესაძლო ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომპანიამ დაკარგა შესაძლებლობა ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, კონტრაქტორისთვის მოეთხოვა მათი გამოსწორება.
- 993,385 ლარის ღირებულების ორ ტენდერში, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა გამარტივებული ტენდერის ნაცვლად შესყიდვა განეხორციელებინა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რასაც შესაძლოა გაეზარდა კონკურენცია და დაეზოგა კომპანიის სახსრები.
- ორ შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა ჯამურმა სავარაუდო ღირებულებამ 8,283,450 ლარი შეადგინა, კომპანიამ არ გამოიყენა კანონმდებლობით მოთხოვნილი ერთგვაროვანი მიდგომის პრინციპი და მსგავსი შესყიდვები მნიშვნელოვნად განსხვავებული პირობებით გამოაცხადა. მაგალითად: 8,000,000 ლარის ღირებულების შესყიდვაზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრა ექვსი თვე, როდესაც მსგავს შესყიდვებზე პრეტენდენტებს კომპანიის მხრიდან 18 თვე ეძლეოდათ. აღნიშნულმა შეამცირა კონკურენცია, შესაბამისად, გაიზარდა სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკი.
დონორების სახსრებით განხორციელებული შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების მართვის ნაკლოვანებები
კომპანია უცხოელ კონტრაქტორებთან, ისეთ სამშენებლო ხელშეკრულებებს (და მათში ცვლილებებს), რომლებიც დავის გადაწყვეტის მექანიზმად ითვალისწინებდა საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენებას, აფორმებდა შესაბამისი ხელშეკრულებების/ცვლილებების პროექტების საქართველოს მთავრობასთან წინასწარი შეთანხმებისა და ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების გარეშე.
კომპანია ხელშეკრულებებს აფორმებს/ცვლილებები შეაქვს დადებითი სამართლებრივი ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში და სათანადოდ არ უზრუნველყოფს იმ ხელშეკრულებათა პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ.
აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული 16 პროექტიდან 9 შემთხვევაში პროექტების შესრულების ვადები მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა, რისი ძირითადი მიზეზებიც იყო:
ა) სამშენებლო ნებართვების დაგვიანებით აღება;
ბ) ხარვეზი საპროექტო სამუშაოებში;
გ) ზედამხედველის რეკომენდაციების უგულებელყოფა;
დ) თავდაპირველად დაუგეგმავი ცვლილებები პროექტებში და მათი შეთანხმების
გახანგრძლივება;
ე) კომპანიის მიერ წინასაექსპლოატაციო ტესტირებების არასათანადო დაგეგმვა;
ვ) კონტრაქტორის არასათანადო მზაობა.
პროექტის დასრულების ვადების გახანგრძლივებასთან ერთად, 8 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება გაიზარდა 30 მლნ-ზე მეტი ლარით, ხოლო ერთი პროექტის შემთხვევაში შემცირდა, დაახლოებით, 2 მლნ აშშ დოლარით. შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინება დაგეგმვის ეტაპზე, კომპანიამ არგუმენტირებული განმარტება ვერ წარმოადგინა.
2017-2018 წლებში საზედამხედველო კომპანიების მომსახურებაში გადახდილია 29 მლნ ლარზე მეტი, თუმცა კომპანია სათანადოდ არ რეაგირებს საზედამხედველო კომპანიების მიერ პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშებზე, სადაც აღწერილი საკითხები საჭიროებენ ოპერატიულ გადაწყვეტას. ამდენად, კომპანია სათანადოდ არ იყენებს საზედამხედველო მექანიზმს პროექტების გახანგრძლივების და არაჯეროვანი შესრულების თავიდან ასაცილებლად.
კომპანიის მიერ კონტრაქტორი დაჯარიმდა 751,374 აშშ დოლარით, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჯარიმა გაბათილდა და კომპანიას პირიქით დაეკისრა კონტრაქტორისთვის პროექტის ვადის გახანგრძლივების გამო 124,747 აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასწია ზედმეტი ხარჯები. მაგალითად: მშენებლობის პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის დაყოვნების გამო გადაიხადა 210,288 აშშ დოლარი, კონტრაქტორის ნაცვლად აანაზღაურა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანი − 295,199 ლარი, ოფისის მშენებლობისთვის გამოუყენებელ პროექტში გადაიხადა 97,665 ლარი. ამასთანავე, კომპანია სათავო ოფისის მშენებლობის გახანგრძლივების გამო იჯარაში ყოველწლიურად 1 მლნ ლარზე მეტს იხდის.
ძირითადი აქტივების აღრიცხვის ნაკლოვანებები
კომპანიის მიერ არ განხორციელებულა 2017-2018 წლებში ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია და შესაბამისად, არ არსებობს რწმუნება კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების სისრულის და არსებობის შესახებ. ამასთანავე, მიმდინარე ინვენტარიზაციის შედეგად კომპანია ინფორმაციას მიიღებს თავის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ მოქმედ ძირითად აქტივებზე. შესაბამისად, იზრდება ორგანიზაციის დაარსების დღიდან სახელმწიფოს მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი უმოქმედო აქტივების დაკარგვის რისკი.
ბალანსზე არსებული ძირითადი აქტივების გარკვეული ნაწილი არ არის რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებად.
სამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთები კომპანიის მიერ აღრიცხულია დუბლირებულად და ამასთანავე, სხვადასხვა ღირებულებით.