სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 22 იანვარი, 2021
შუახევის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულება

მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში ჯამურად აუთვისებელი დარჩა 1,580,568 ლარი, რაც ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. ამასთანავე, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის არსებული სისტემა არ იძლევა მიღწეული შედეგების გაზომვისა და შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას.

სახელმწიფო შესყიდვები

შუახევის მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოქმედი წესებისა და ნორმების დაცვით შესრულებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურების შესყიდვის სატენდერო პირობები და სავარაუდო ღირებულება განსაზღვრულია არასათანადო ანალიზისა და არასწორი გაანგარიშების საფუძველზე, რამაც გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და ფასის გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან 29,520 ლარის ზედმეტად გადახდა განაპირობა.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პროცესში არსებული სისტემური ნაკლოვანებების შედეგად სახეზეა არასწორად დაგეგმილი, გამოუყენებელი და უხარისხოდ შესრულებული 6,563,903 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურებულია 21,907 ლარი და გამოვლენილია 3,297 ლარის საბაზრო ღირებულების სამშენებლო მასალების დანაკლისი. ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო ვადების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლისთვის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების მოთხოვნით.

„საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზებული სახურავების შეცვლის მიზნობრივი პროგრამის“ შესრულება

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „საცხოვრებელი სახლების ამორტიზებული სახურავების შეცვლის მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში, ბენეფიციართა გამოვლენის მიზნით შექმნილი შიდა კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს განმცხადებლის ფინანსური და სოციალური მდგომარეობის სრულყოფილ შეფასებასა და პროგრამის ბენეფიციართა ობიექტურ შერჩევას, რაც წინააღმდეგობაშია პროგრამის მიზნებთან და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკებს შეიცავს.

ა(ა)იპ-ების მართვა

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, არ ხორციელდება მათი საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციების სათანადო ანალიზი. აღნიშნულის შედეგია დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობა, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება. აღნიშნული შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და შეუსაბამოა საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების ვალდებულებასთან.

საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურება

შუახევის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ 124,725 ლარი.

ქონების იჯარით გაცემა

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით, მერიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელია 100,423 ლარი, რომელიც ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. დიდი ოდენობით გადაუხდელი საიჯარო გადასახადის აღურიცხავი თანხები კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების ან/და საიჯარო გადასახადის გადაუხდელობის შესაძლებლობას.

შიდა აუდიტი

მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მიზნობრიობის დაცვას და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას

რეკომენდაცია N1:

მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს პროგრამების საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა არსებული ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, პროგრამებისა და ქვეპროგრამების დონეზე განისაზღვროს მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და მათი შეფასების გაზომვადი ინდიკატორები, რომელთა გამოყენებითაც შეფასდება პროგრამების ეფექტიანობა.

რეკომენდაცია N2:

მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც კონკრეტული შესყიდვის თავისებურებების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ფარული სამუშაოების სათანადო შემოწმებას, შედეგების დოკუმენტირებას და შესაბამის რეაგირებას, ასევე შესყიდვის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე სათანადო კონტროლის განხორციელებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით არსებული ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N3:

მუნიციპალიტეტმა დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომელიც მოსალოდნელი შედეგების ანალიზისა და შესაძლო ხელშემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხოლო მის განხორციელებაზე სათანადო მონიტორინგის დაწესებით, პროექტების დადგენილ ვადაში ხარისხიან შესრულებას. ამასთანავე, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადების გამოყენებით, მიმართოს შესაბამის პირებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების მოთხოვნით და უზრუნველყოს ზედმეტად გადახდილი 21,907 ლარის ბიუჯეტში დაბრუნება.

რეკომენდაცია N4:

მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის განმცხადებელთა ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას და არგუმენტირებული შეფასებების საფუძველზე შერჩეული ბენეფიციარების დახმარებით, უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია N5:

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც მოქმედი და ახალი იურიდიული პირების ფუნქციების ანალიზით უზრუნველყოფს მათი ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრას და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას.

რეკომენდაცია N6:

მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და შესაბამისად, ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის პირობებში.

რეკომენდაცია N7: 

მერიამ გააძლიეროს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საიჯარო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობას, შეუსრულებლობის ფაქტების დროულ გამოვლენას და სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, ბუღალტრულად აღრიცხოს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახდელები და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება დავალიანებების შესაძლო მოკლე ვადებში დაფარვის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაცია N8: შუახევის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა, არსებული რისკების შეფასებით და მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, საქმიანობა წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს ზოგადად, თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის გაუმჯობესება. ამასთანავე, შეიმუშაოს რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით და განახორციელოს მონიტორინგი რეკომენდაციების განუხრელად შესრულებაზე.