სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შუახევის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - შუახევის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა 5,670,528 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯი
საწვავის ხარჯვაში არსებული ხარვეზები - საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას, რის გამოც 2020-2021 წლებში, ჯამში − 95,385 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
აქტივების მართვა
აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 46,016,553 ლარის ღირებულების აქტივების და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, ხოლო 32,210,639 ლარის ქონებას საინვენტარო ნომრები არ აქვს მინიჭებული. აღნიშნული გარემოება ზრდის აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებულ რისკებს.
შესყიდვები
მშენებლობა-რეაბილიტაციაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემამ რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა; არ არის შეფასებული ექსპერტიზის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა; მხოლოდ ხილულ სამუშაოებზე განხორციელებული აზომვების გამო, ვერ მივიღეთ რწმუნება 282,996 ლარის ღირებულების ფარული სამუშაოების ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებაზე.
პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოვლენის და ხელშეკრულების შეწყვეტის ნაკლოვანებები - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, რიგ შემთხვევაში, არაერთგვაროვანი მიდგომით განახორციელა სახელმწიფო შესყიდვა, გამარჯვებულის გამოვლენა და პრეტენდენტთა დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაცია, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებისათვის მიმწოდებლებზე არ დაუკისრებია არანაკლებ 84,194 ლარის საჯარიმო სანქცია.
გადაყვანის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, პროგრამების განსახორციელებლად, სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე მიმწოდებელზე გადახდილია გადაყვანის მომსახურების ღირებულება ჯამში 93,299 ლარი.
შრომის ანაზღაურება
შრომის ანაზღაურების ხარვეზები - მუნიციპალიტეტში სრულფასოვნად არ გამოიყენება სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა. ამასთანავე 8 პირი, რომელთა ანაზღაურებამ 2020-2021 წლებში შეადგინა 78,782 ლარი, შეთავსებით, ერთდროულად დასაქმებულია სხვა უწყებაში და მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება.
შიდა კონტროლი
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.