სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 14 დეკემბერი, 2016
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
პერიოდი: 2015, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად  გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები. კერძოდ:

  • კანონმდებლობის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვისას, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. მუნიციპალიტეტის მიერ 118 ხელშეკრულებაზე ღირებულებით - 2 303.7 ათასი ლარი, ფაქტობრივი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.
  • 2011-2016 წლებში მუნიციპალიტეტს გააჩნდა მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი - „სამეგრელო2“. 2015 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა 50.0 ათას ლარად შეისყიდა  პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდის სახელი - შპს „სასკო თბილისი“, რომელსაც შეეცვალა დასახელება და დაერქვა „სამეგრელო“.  აღნიშნული გუნდი იმავე წელს  დაფინანსდა 186.1 ათასი ლარის სუბსიდიით, თუმცა გუნდმა პირველივე საფეხბურთო სეზონში დაკარგა ადგილი პირველ ლიგაში და ჩამოქვეითდა მე-2 ლიგაში.
  • 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ „მექანიზაციის ცენტრი“ დააფინანსა სუბსიდიით 221.2 ათასი ლარი. გარდა ამისა, ა(ა)იპ-მა საკუთარი შემოსავლის სახით მიიღო 54.8 ათასი ლარი. შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში, მექანიზაციის ცენტრის ფუნქციონირებისათვის დაიხარჯა 276.0 ათასი ლარი, ხოლო შესყიდული საწვავისა და სამშენებლო მასალების ჩათვლით, დადგენილი ტარიფების მიხედვით მან მუნიციპალიტეტისათვის შეასრულა დაახლოებით 92.7 ათასი ლარის სამუშაო/მომსახურება.
  • 2015 წლის სექტემბერში მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება მიმწოდებელთან 414.9 ათას ლარზე, რომელიც ითვალისწინებდა 9 თვის განმავლობაში საბავშვო ბაღის მშენებლობას. შემსყიდველმა უამინდობის მოტივით, მიმწოდებელს დაუსაბუთებლად გაუგრძელა სამუშაოების დასრულების ვადა და არ დააჯარიმა 21.6 ათასი ლარით.
  • 2014 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტომობილებისთვის მოიხმარდა „ევრორეგულარის“ მარკის საწვავს. 2015 წელს მუნიციპალიტეტმა იმავე ავტომობილების ექსპლუატაციისათვის შეისყიდა „სუპერის“ მარკის საწვავი, მაშინ, როდესაც შეეძლო 2014 წლის მსგავსად შეეძინა „ევრორეგულარის“ მარკის საწვავი და ჯამში დაეზოგა 18 ათას ლარზე მეტი.