სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 07 თებერვალი, 2020
წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში − 17,284.6 ათასი ლარი

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

• მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებისა და გადასახდელების სათანადოდ დაგეგმვა. შედეგად, მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

• მოსახლეობას რიგ შემთხვევაში წყალი გრაფიკით მიეწოდება ან უმრავლეს შემთხვევაში მიეწოდება ტექნიკური წყალი. აღსანიშნავია, რომ პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია და არც სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული პრობლემის გამოსასწორებლად.

• მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტების ნაწილი დაზიანებულია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის შესაბამისი მექანიზმები ყველა შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების თავიდან აცილებას. ასევე არ მომხდარა სათანადო შემდგომი რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

• მუნიციპალიტეტმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შემთხვევაში პროცესი ვერ წარმართა ისე, რომ ობიექტები დასრულებულიყო დროულად და დაეწყოთ ფუნქციონირება. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულია მნიშვნელოვანი თანხები, პროექტები დაუსრულებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს.

• მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებზე რიგ შემთხვევებში სატენდერო მოთხოვნები განსაზღვრული იყო არაპროპორციულად, არ იყო განპირობებული აუცილებლობით და ხელს არ უწყობდა შესყიდვების კონკურენტულ გარემოში განხორციელებას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

• მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული თანხების არასწორად ასახვისა და ზედმეტად ანაზღაურების თავიდან აცილებას. ხარვეზი ვერ გამოვლინდა შესყიდვის შესაბამის ეტაპებზე, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხები ზედმეტად ანაზღაურდა.

• მერიამ, რიგ შემთხვევებში მიმწოდებლებს სათანადო დასაბუთების გარეშე გაუხანგრძლივა სამუშაოების დასრულების ვადები და არ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

• სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, მერიის მიერ განსაზღვრული სახელშეკრულებო პირობები რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას. აღნიშნული უარყოფითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულებასა და მიმწოდებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე.

• მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.

• მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

• მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაწევა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი. 

• მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

• მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად გაზრდილია რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

• მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური ვერ ასრულებს დებულებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს. არ არის ჩატარებული აუდიტორული შემოწმებები და არ გაცემულა რეკომენდაციები. აღნიშნული მიუთითებს მერიის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სისუსტეზე.

რეკომენდაცია №1. ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის განსახორციელებლად ან დაუსრულებელი პროექტების გასაგრძელებლად. ამასთანავე, ბიუჯეტი იმგვარად დაგეგმოს, რომ არსებული თავისუფალი ნაშთი დროულად და მაქსიმალურად გამოიყენოს მოსახლეობის სასიკეთოდ.

რეკომენდაცია №2. მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ.

რეკომენდაცია №3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას და პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №4. მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. მერიამ შეისწავლოს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების შეფერხების მიზეზები, უზრუნველყოს პრობლემების დროული აღმოფხვრა და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №5. მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების განხორციელებისას, სატენდერო დოკუმენტაცია განსაზღვროს იმგვარად, რომ მოთხოვნები გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან. დაწესებული მოთხოვნები იყოს შესასრულებელი სამუშაოს პროპორციული და ხელს უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას. აღნიშნული უზრუნველყოფს შესყიდვების პროცესში სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობას. მერიამ ასევე გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ სატენდერო დოკუმენტაციის სათანადოდ განსაზღვრა და შესყიდვის პროცესის კონკურენტულ გარემოში წარმართვა.

რეკომენდაცია №6. მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამოვლენას. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, მოსთხოვოს პრეტენდენტს დოკუმენტაციის დაზუსტება ან მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია. მიმწოდებლებთან ანგარიშსწორების დროს სათანადოდ შეისწავლოს გადახდილი თანხისა და შესრულებული სამუშაოების ფასების შესაბამისობის საკითხი. ასევე, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ და ეკონომიურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №7. მუნიციპალიტეტის მერიამ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების ცვლილება არ განახორციელოს დაუსაბუთებელი გარემოებებით, გაითვალისწინოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ვადებისა და სხვა პირობების დარღვევისათვის გაავრცელოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. შედეგად, დროულად მოხდება იმ პროდუქტის მიღება, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაცია №8. მუნიციპალიტეტის მერიამ, ხელშეკრულების პირობები განსაზღვროს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მისი, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, განსაზღვროს ადეკვატური საჯარიმო სანქცია, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტების მიწოდების დაგვიანების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას. ასევე, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ევალებოდათ ხელშეკრულების პირობების მუნიციპალიტეტის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრა და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №9. მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ასევე საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ. სასურველია, შემუშავებული წესი ეფუძნებოდეს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ პრინციპებს. მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის  პტიმიზაციას და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას.

რეკომენდაცია №10. მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები აანაზღაუროს მხოლოდ შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №11. მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების მიღების ფორმა, მიზანი და გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა კონტროლის მექანიზმები.

რეკომენდაცია №12. მუნიციპალიტეტის მერიამ, შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის, არ გადაიხადოს დამატებითი სახსრები. მიზანშეწონილია, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში სათანადო კვალიფიკაციის პირების დასაქმებას. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს შეუძლია შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1% მიმართოს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას. 

რეკომენდაცია №13. მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშება. ასევე შეიმუშაოს მოსაკრებლის გადახდევინების ინსტრუქცია, დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებას. მერიამ გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №14. მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) დანერგოს კონტროლის პროცედურა/სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ხელს შეუწყობს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, აქტივების შენახვის, დაცვისა და ექსპლოატაციის წესების შესრულებას, ასევე ვალდებულებებისა და აქტივების აღრიცხვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №15. მუნიციპალიტეტის მერიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოაწესრიგოს ბუღალტრული აღრიცხვა. სრულად და დროულად აღრიცხოს ეკონომიკური მოვლენები და მის საფუძველზე მოამზადოს ბუღალტრული ანგარიშგება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ უახლესი და სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ასევე, მერიამ გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ევალებოდათ ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №16. მუნიციპალიტეტის მერიამ შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა წარმართოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლა და შეფასება, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენა. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №17. მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოადგინოს ღონისძიებათა გეგმა აუდიტის ანგარიშში ასახული დარღვევა- ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის; გონივრულ ვადაში ასევე წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ; მერიამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ აღნიშნულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება და არ გაატარეს საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები აუდიტის წინა ანგარიშში ასახული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.