სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 27% და 10% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,620.4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დაუცველობა - შესყიდვების პროცესის კონტროლის სისუსტის გამო, მერიამ გეგმა-გრაფიკის დარღვევისას მიმწოდებლებს პირგასამტეხლო არ დაარიცხა. აღნიშნული ქმედების შედეგად ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება დაგვიანდა. ამასთანავე, მერიამ ვერ მიიღო, დაახლოებით, 178.0 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.
საჯარიმო თანხების მოცულობის განსაზღვრის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართა და ხელშეკრულებების პირობები საჯარიმო სანქციების ნაწილში განსაზღვრა იმგვარად, რომ ვერ უზრუნველყო მიწოდების ვადების დარღვევის პრევენცია.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (55%) წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
შესყიდვების მართვა
კონკურენციის შეზღუდვა - მუნიციპალიტეტი დაუსაბუთებლად ამცირებდა სამუშაოების შესასრულებლად საპროექტო ორგანიზაციების მიერ დადგენილ მიწოდების ვადებს, რითაც ზღუდავდა კონკურენციას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა შესყიდვების განხორციელებისას ვერ მიიღო სატენდერო ეკონომია. ამასთანავე, არსებობს რისკი, რომ მხარეები რამდენიმე შემთხვევაში მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და სამუშაოები განხორციელდა ხელშეკრულებების გაფორმებამდე.
სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამის ხარვეზები - პროცესის არასწორი მართვის გამო, სამედიცინო დახმარების პროგრამის მიმდინარეობისას 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი იღებდა ბიუჯეტით განსაზღვრულზე მეტ ფინანსურ ვალდებულებას და აგრეთვე არ ითვალისწინებდა წინა წლებში დაუფარავ ვალდებულებებს. შედეგად, მუნიციპალიტეტს წლების განმავლობაში ერიცხება აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნებს.
მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების პროგრამის ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან 243.0 ათასი ლარი კანონშეუსაბამოდ დახარჯა ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების დასაფინანსებლად, სოციალური დახმარების პროგრამისათვის დადგენილი კრიტერიუმების გარეშე.