აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
მუნიციპალიტეტსა და მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში იდენტიფიცირებულია 1 949 000 ლარის ნაკლოვანებები, როგორიცა აქტივების არაზუსტი კლასიფიცირება, ცვეთის დარიცხვის ნორმების დაუცველობა და დებიტორული და კრედიტორული ვალდებულებების აღურიცხაობა;
აუდიტის პერიოდში, 2 თანამშრომელზე, თურქეთის რესპუბლიკაში მივლინებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების ნაწილში, მოქმედი მარეგულირებელი ნორმების დაუცველად, ზედმეტად იქნა ანაზღაურებული 3100 ლარი;
მუნიციპალიტეტმა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შპს ,,ბასმოტორს-ისგან’’ შეისყიდა, 2015 წლის გამოშვების ექსკავატორ-დამტვირთველი, ღირებულებით 170 000 ლარი, აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნული სპეციალიზირებული ტექნიკის საბაზრო ღირებულება შესყიდვის პერიოდისათვის შეადგენდა 139 700 ლარს, 30 300 ლარით ნაკლებს;
მუნიციპალიტეტმა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, განახორციელა მწვანე კონცხის დაწყებითი სკოლის რეკონსტრუქცია, ღირებულებით 101 288 ლარი, საგარანტიო ვადით 24 თვე, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ გამოვლინდა რიგი ხარვეზები სამუშაოებში, მიმწოდებელზე არ იქნა მოთხოვნილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.