აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბალანსის მონაცემი წმინდა ღირებულების შესახებ, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სათანადო საფუძვლის გარეშე, არანაკლებ 261.7 ათასი ლარით არის შემცირებული;
- საბუღალტრო მონაცემების გათვალისწინებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს აქვს მოთხოვნები აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით 198.7 ათასი ლარის ოდენობით და მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით 256.7 ათასი ლარის ოდენობით, რაც დადგენილი წესით არ არის ასახული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ბალანსში;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბალანსის თანახმად, სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების საკასო ხარჯი შეადგენს 513.4 ათას ლარს, ხოლო ფაქტობრივი ხარჯი -1,649.8 ათას ლარს. სხვაობა საკასო და ფაქტობრივ ხარჯს შორის წარმოდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციით არ დასტურდება. აუდიტის ობიექტის განმარტებით, სხვაობა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზის გამო;
- საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის/ საკრებულოს ბალანსზე რიცხული ქონებიდან განხორციელებული იქნა მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების ქონების ინვენტარიზაცია, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 მუხლი;
- სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ფიქსირდება, მიმწოდებლების მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის დროს, პირგასამტეხლოს არასრულად დარიცხვის შემთხვევები.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.