სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 10 ივლისი, 2020
სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017, 2016, 2015, 2014

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია სახელმწიფო ვალის სახით მოზიდული ფულადი სახსრები, რომელიც 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით 21.29 მლრდ ლარს შეადგენდა.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საჯარო სერვისების ადმინისტრირების პროცესში სახელმწიფო უფრო აქტიურად იყენებს ინფორმაციულ სისტემებს. სახელმწიფო ვალის მოცულობის გათვალისწინებით იზრდება ინფორმაციული სისტემების როლი ვალის აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესშიც. აუდიტის პერიოდში სახელმწიფო ვალის აღრიცხვა და მართვა ხორციელდებოდა 3 ინფორმაციული სისტემის მეშვეობით.

2014 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობის აუდიტი, რომლის შესწავლის საგანი იყო სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების დანერგვისა და მართვის პროცესი. აუდიტის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების სტატუსი. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ აუდიტის შემდგომ პერიოდში სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

საჯარო ფინანსების მმართველობაში სახელმწიფო ვალის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო სისტემების კომპლექსურობა აუდიტის ჩატარების მთავარი მოტივაციაა. წინამდებარე აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ კვლავ აქტუალურია წინა აუდიტში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, ხოლო გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული არ არის. შემდგომი რეაგირების აუდიტში სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციულ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები გაანალიზდა გასული პერიოდის გამოცდილებასა და ახალ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლის შედეგებიც მოცემულია ქვემოთ:

საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიით განსაზღვრული მიზანი − 2018 წლისთვის სახელმწიფო ვალის ერთ სისტემაში გაერთიანება − მიღწეული არ არის. სახელმწიფო ვალის სხვადასხვა კომპონენტი (საგარეო ვალი, საშინაო ვალი, გადასესხებული ვალი, საინვესტიციო პროექტები, მიზნობრივი გრანტები) ისევ 3 განსხვავებულ ინფორმაციულ სისტემაში აღირიცხება და მათი ეტაპობრივი ინტეგრაციის კონკრეტული მიმდევრობა სამინისტროს ჯერ არ ჩამოუყალიბებია. კერძოდ, სამსახური და დეპარტამენტი 8 წლის განმავლობაში მუშაობენ სამინისტროს მიერ ვალის მართვისათვის შერჩეულ eDMS სისტემის შექმნასა და დახვეწაზე, თუმცა აუდიტის მსვლელობისას, სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის ზემოხსენებული კომპონენტების გაერთიანებასა და ბიზნესპროცესების ავტომატიზაციას, ხოლო დეპარტამენტი სხვადასხვა სისტემიდან ამოღებულ მონაცემებს ხელით ამუშავებს და იყენებს ისეთი მნიშვნელოვანი ანალიზის ჩასატარებლად, როგორიცაა, მაგალითად, ვალის მდგრადობის ანალიზი (რომლის განხორციელების პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სისტემაში ჩაშენებული ანალიტიკური მოდულების მიერ ავტომატურად გენერირებული მონაცემები).

  • eDMS სისტემის განვითარების ტემპი 2016 წლის შემდეგ საგრძნობლად დაეცა, რაზეც მეტყველებს როგორც სამინისტროს წლიურ სამოქმედო გეგმებში ასახული შეუსრულებელი აქტივობები, ასევე სისტემის დეველოპმენტის ფარგლებში გაცემული დავალებების დეტალური ანალიზი. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) მიერ შემუშავებული დავალებების უმრავლესობა (დაახლოებით, 95%) სსიპ − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის (შემდგომ − სამსახური) მიერ შესრულებულია, თუმცა პროცესში არ ხდება დავალებების პრიორიტეტიზაცია. კერძოდ, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო ვალის სხვადასხვა კომპონენტისთვის მოდულისა და შესაბამისი ფუნქციონალის შექმნაზე, რის გამოც, ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი მოდულების დროულად დასრულება.
  • eDMS სისტემის განვითარების პროცესის კლებადი ტემპი ასევე გამოწვეულია პერსონალის გადინებისა და ტექნოლოგიური გარემოს ცვლილების რისკების რეალიზებით. პროცესში ჩართულმა მხარეებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ზემოხსენებული რისკების მართვა და მათი სისტემის განვითარების პროცესზე ზეგავლენის მინიმიზაცია.
  • სისტემის განვითარების პროცესში უფლება-მოვალეობების გადანაწილების მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პოტენციალი არსებობს. ვალის მართვის ინფორმაციული სისტემის განვითარების პროცესში ჩართულ სამივე მხარეს შორის (თავად სამინისტრო, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი და სსიპ − საფინანსო-ანალიტიკური სამსახური) უფლება-მოვალეობათა განაწილება და მისი აღსრულება უზრუნველყოფილი არ არის. კერძოდ, სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტების მართვის სახელმძღვანელოსა და უკეთესი პრაქტიკის მიხედვით განსაზღვრული პროექტების მართვის ციკლის 7 საფეხურიდან, სამინისტროში მოქმედი პრაქტიკით გათვალისწინებულია მხოლოდ 4. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად:
  • სასიცოცხლო ციკლის პირველი 2 ეტაპი − მიზნობრიობის ანალიზი და საჭიროების განსაზღვრა, რომელშიც სამინისტროს ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საერთოდ არ განხორციელებულა. შესაბამისად, არ შეფასებულა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რესურსების საჭიროება და პროექტთან დაკავშირებული რისკები.
  • სისტემის განვითარებაზე ანგარიშვალდებული მხარეა სამინისტრო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს eDMS სისტემის განვითარების პროცესში ჩართული მხარეების − დეპარტამენტისა და სამსახურის ზედამხედველობა, თუმცა სამინისტროს არ განუხორციელებია დეპარტამენტის მიერ მომზადებული დავალებების რაოდენობის ანალიზი და ასევე არ მონაწილეობდა ამ დავალებების პრიორიტეტიზაციაში. შედეგად, სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სისტემის განვითარების კლებადი ტემპის იდენტიფიცირება და შედეგად, არ არის მიღწეული სახელმწიფო ვალის მართვის სისტემის სტრატეგიული მიზანი.
  • სამსახურის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. სამსახურს ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი და მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (შემდგომ − იუმს) დანერგვა საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა სამსახურს კვლავ შესასრულებელი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების დიდი ნაწილი.
  • უცვლელია სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების მაჩვენებელი. ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამინისტროში მდგომარეობა 2014 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა და შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების შესასრულებლად აუდიტის პერიოდში საქმიანობა არ ხორციელდებოდა. შესაბამისად, აღნიშნულს გავლენა აქვს არა მარტო სამინისტროს ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოებაზე, არამედ, სამსახურის უსაფრთხოების კონტროლებზეც. კერძოდ, სამინისტროსა და სამსახურის ორგანიზაციული მოწყობის გათვალისწინებით, სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (იუმს) უნდა ეფუძნებოდეს სამინისტროს იუმს-სა და მასში გაცხადებულ სამინისტროს პრიორიტეტებს, მოთხოვნებსა თუ სხვა საქმიანობის მაჩვენებლებს. ასევე სამინისტროს კვლავ არ გააჩნია ადეკვატური რესურსი უზრუნველყოს სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებების მონიტორინგი ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებისათვის.

 

რეკომენდაცია N1

სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების განვითარების ზედამხედველობა, რაც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს დავალებების მომზადების კონტროლსა და დეველოპმენტის პროგრესის კონტროლს. მიზანშეწონილია, აღნიშნული როლი და შესაბამისი პასუხისმგებლობა გაიწეროს პროექტების მართვის სახელმძღვანელოში.

რეკომენდაცია N2

სამინისტრომ განსაზღვროს eDMS სისტემის დასრულების თარიღი და უზრუნველყოს სახელმწიფო ვალის პორტფელის ინტეგრაცია ერთ სისტემაში.