სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ხულოს მუნიციპალიტეტის 2018- 2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში ჯამურად აუთვისებელი დარჩა 956,523 ლარი, რაც ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.
სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ხარვეზები
მუნიციპალიტეტში 1,515,901 ლარის მზა ბეტონის სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული მოთხოვნები დაუსაბუთებელია, რაც ზღუდავს კონკურენციას და წარმოშობს შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტებზე მისადაგების რისკებს.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში არსებული ხარვეზები
მუნიციპალიტეტში ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, რეგულარულად არ ხორციელდება შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, რის გამოც არ ხდება ნაკლოვანებების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
ხელშეკრულების პირობების დაუცველობა
მუნიციპალიტეტმა ვერ გამოიყენა შესყიდული სამუშაოების ხარისხის უზრუნველსაყოფად დანერგილი კონტროლის მექანიზმები. შესაბამისად, გზების მოწყობა რიგ შემთხვევაში განხორციელდა მოთხოვნილთან შედარებით დაბალი მარკის მზა ბეტონით, რისთვისაც გადახდილია 95,568 ლარი. ამასთანავე, არ იქნა განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მოქმედი წესების დაცვით, რის შედეგადაც ფარული სამუშაოების წარმოების დადასტურების გარეშე 4 შემთხვევაში გადახდილია 616,608 ლარი.
პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
მუნიციპალიტეტში, მიმწოდებლებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ბიუჯეტში გადახდის მიზნით, არ არის გატარებული სათანადო ღონისძიებები, რის შედეგად ბიუჯეტმა ვერ მიიღო 206,844 ლარის შემოსავალი.
ა(ა)იპ − ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯები
ა(ა)იპ − ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის მიერ, 2018-2019 წლებში ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვისათვის, სათანადო დასაბუთების გარეშე გახარჯულია 39,221 ლარი, რაც წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს და მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის მექანიზმების არსებით ნაკლოვანებაზე მიუთითებს.
საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება
ხულოს მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, გასცა სულ 104,915 ლარი.
შიდა აუდიტი
ხულოს მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გაწეული ხარჯის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის, ასევე მართვისა და კონტროლის მექანიზმების სათანადო შეფასებას.