სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 07 თებერვალი, 2020
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის რეფორმაში მიღწეული პროგრესის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013, 2012, 2011, 2010, 2009

2009 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროკავშირთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (შემდგომ − სსბასს) სრულად დანერგვის თაობაზე. აღნიშნული რეფორმის სტრატეგია აისახა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრით დამტკიცებულ N701 ბრძანებაში „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სამოქმედო გეგმა“, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას სსბასს-ის შესაბამისად.

სსბასს-ის დანერგვით მთავრობამ მიზნად დაისახა აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. აღნიშნული გააუმჯობესებდა ფინანსური ინფორმაციის ხარისხს, რომლის საფუძველზეც მთავრობა და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებებს რესურსების გადანაწილების თაობაზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც მიზნად ისახავდა სტანდარტების დანერგვის პროცესში მიღწეული პროგრესისა და მთავრობის მზადყოფნის შეფასებას, დაასრულოს აღნიშნული პროცესი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმით გაწერილ ვადებში. კერძოდ, შევისწავლეთ სტანდარტების დანერგვისას მიღებული გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების როგორც ხარისხი, ისე შესრულების დონე. ასევე ყურადღება გავამახვილეთ მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებსა და საჭირო რესურსებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში სტანდარტების დანერგვის პროცესს.

ფინანსთა სამინისტრომ ხელისუფლების ყველა დონეზე სსბასს-ის იმპლემენტაციის პროცესში გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა საკმაო მოცულობის სამუშაო კვლავაც შესასრულებელია. სსბასს-ის დანერგვის პროცესში დღეისათვის მიღწეული პროგრესით, ცენტრალური ხელისუფლების 2020 წლის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები არ იქნება სსბასს-თან სრულად შესაბამისი.

ავტონომიურ და მუნიციპალურ დონეზე სსბასს-ის დანერგვის პროცესში მიღწეული პროგრესი უფრო დაბალ დონეზეა და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოში სსბასს-ის დანერგვისათვის აუცილებელია პროცესის უკეთ დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულება.

რეკომენდაცია

იმპლემენტაციის ამჟამინდელი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გამოირჩევა მთელი რიგი ნაკლოვანებებით და საჭიროებს არსებით გაუმჯობესებას. ამ მიზნით სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები:

•  მოსამზადებელია შესაბამისი სტრატეგიული გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს: ხარჯებისა და მისაღები სარგებლის, ასევე ინფორმაციას იმპლემენტაციის შერჩეული მიდგომის შესახებ, შესრულების შეფასების ინდიკატორებს, რისკებსა და მათ შესამცირებლად გასატარებელ ღონისძიებებს.

•  მოსამზადებელია უფრო დეტალური ახალი სამოქმედო გეგმა, რეალისტური ვადებითა და თარიღებით, სადაც მოცემული იქნება უფლება-მოვალეობები, გასაწევი ხარჯები, მოსალოდნელი შედეგები და პროგრესის მონიტორინგის მექანიზმები.

•  უნდა განისაზღვროს სსბასს-ის დანერგვისათვის საჭირო რესურსები, რამაც უნდა მოიცვას პროცესისთვის აუცილებელი ფინანსური, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები.

•  საქართველოს მთავრობასა და სტანდარტების დანერგვაზე პასუხისმგებელ პირებს დროულად უნდა მიეწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია იმპლემენტაციის პროცესისათვის საჭირო რესურსების შესახებ.

რეკომენდაცია

 საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი მიდგომა იმპლემენტაციის პროცესთან დაკავშირებით ითვალისწინებს სტანდარტების სრულ დანერგვას. ამ მიზნით, მთავრობის მიერ გადასადგმელი ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

•  დასადგენია მომხმარებლები, სტანდარტების დანერგვით დაინტერესებული მხარეები და მათი მოლოდინები. განსაკუთრებით, მთავრობამ პროცესში უნდა ჩართოს საქართველოს პარლამენტი.

•  მიზანშეწონილია, სამინისტრომ განიხილოს ალტერნატიული მიდგომები, კერძოდ, სტანდარტების დანერგვის არაპირდაპირი მეთოდი, რომელიც უნდა იყოს სათანადოდ არგუმენტირებული და დასაბუთებული.

•  უნდა განისაზღვროს სტანდარტების იმპლემენტაციის შედეგად მისაღები სარგებელი, სარგებლის რეალიზაციის გეგმა და ჩასატარებელია ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, ასევე აუცილებელია პროცესის დოკუმენტირება და მომავალში გასატარებელ ღონისძიებებთან და მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია მიღებული შედეგები.                

რეკომენდაცია

წარმატებული იმპლემენტაცია მოითხოვს ეფექტიან მმართველობით პოლიტიკას. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს იმპლემენტაციის პროცესში გასატარებელ საზედამხედველო ღონისძიებებს და უზრუნველყოს შემდეგი:

•  საბჭოს უნდა მიენიჭოს სათანადო უფლებამოსილება იმპლემენტაციის პროცესის ზედამხედველობის განსახორციელებლად და მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად.

•  მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საბჭოს როლი, ამოცანები, პასუხისმგებლობები, უფლებამოსილებები და ანგარიშვალდებულება.

•  მნიშვნელოვანია განისაზღვროს მინიმალური მოთხოვნები საბჭოს საქმიანობისთვის, კერძოდ, სხდომების გამართვისა და მიღებული გადაწყვეტილებების დადოკუმენტირებისთვის.

•  საბჭომ, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ უნდა განიხილოს და დარწმუნდეს, რომ სამოქმედო გეგმა და დასახული მიზნები ურთიერთშესაბამისია.

•  საბჭომ მოითხოვოს სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშები, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ. აღნიშნული ანგარიშები უნდა ასახავდეს მიღწეულ შედეგებსა და საბჭოს მიერ გაცემული მითითებების საპასუხოდ განხორციელებულ ქმედებებს.

რეკომენდაცია

არსებობს სსბასს-ის დანერგვის მზადყოფნის რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი, რომლებიც უნდა შესრულდეს რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად. სამინისტრომ და საბჭომ უნდა უზრუნველყონ შემდეგი: 

•  აუდიტის შედეგების განხილვა, მათი კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გავლენის ხარისხის განსაზღვრა და ერთეულების დონეზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზების გათვალისწინება.

•  აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ სისტემური ხასიათის ხარვეზებზე შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება.

•  სტანდარტებში შეტანილი ცვლილებებისა და ახალი სტანდარტების თარგმნა და ასახვა კანონმდებლობაში.

•  ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკების შემუშავება და სსბასს-ის ფარგლებში ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გავრცელება.

•  თანამშრომლებისთვის, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგები სსბასს-ში, აუცილებელი იყოს გამოცდის ჩაბარება, რის საფუძველზეც მათ გადაეცემათ სერტიფიკატები. ასევე მსმენელების მიერ უნდა შეფასდეს ჩატარებული ტრენინგების ეფექტიანობა. ზემოაღნიშნული საშუალებას იძლევა ქვეყნის მასშტაბით შეფასდეს საფინანსო სამსახურების თანამშრომლების კომპეტენციის დონე, ორგანიზაციებს კი შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაეხმარება.

•  იმპლემენტაციის პროცესში ჩართული პერსონალისთვის ახალი დეტალური სახელმძღვანელოსა და საილუსტრაციო მაგალითების მომზადება, რაც საფინანსო სამსახურების თანამშრომლებს დაეხმარება დანერგილი სტანდარტების სათანადოდ გამოყენებაში და შეამცირებს სტანდარტების ინტერპრეტირების რისკებს. საილუსტრაციო მაგალითები დაგვეხმარება ასევე ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკების დაცვის უზრუნველყოფაში და სიცხადეს შეიტანს ისეთ საკითხებში, რომლებიც განმარტებებს მოითხოვს.

• სტანდარტების სრულ დანერგვამდე, მოსამზადებელია სსბასს-ის შესაბამისი საცდელი ფინანსური ანგარიშგებები. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს შეფასდეს, რამდენად სწორად გამოიყენება სტანდარტები და მომზადდეს სსბასს-ის სრულად ამოქმედების პერიოდისთვის სტანდარტების შესაბამისი საწყისი ნაშთები.

• იმპლემენტაციის განახლებული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს ბუღალტრული აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში როგორც ახალი სააღრიცხვო მოდულების შემუშავებისა და სისტემაში დანერგვის ეტაპებს, ისე აღნიშნული მოდულების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარების საკითხებს. საჭიროა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ახალი სააღრიცხვო მოდულების გამოყენებაში.

• საბჭოს ზედამხედველობით უნდა შემუშავდეს კონსოლიდაციის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა ჯგუფური ოპერაციების სათანადო აღრიცხვას და ელიმინაციას. კონსოლიდაციის დამტკიცებული გეგმის შესაბამისი მოდულები უნდა დაემატოს ფინანსების მართვის ინტეგრირებულ ელექტრონულ სისტემას და სსბასს-ის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმას.

• საკანონმდებლო ორგანოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ურთიერთქმედებით უნდა განისაზღვროს, ერთი მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად და, მეორე მხრივ, აუდიტის სამსახურის როლი აღნიშნული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად. ფინანსური ანგარიშგების მომზადების და აუდიტის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.