ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ს ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, GAO დაეხმარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში. თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-თან ერთად, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა გადამზადება გაიარეს GAO-ს დახელოვნების ცენტრში IT აუდიტის მიმართულებით. ასევე, სამსახურის თანამშრომლები გადიან ოთხთვიანი საერთაშორისო აუდიტორული პროფესიული მომზადების პროგრამას ვაშინგტონში. 2020 წელს აშშ-ს გენერალურ აუდიტორთან და USAID-ის მისიის დირექტორთან მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრების შედეგად, დაიწყო სამსახურების ახალი პროექტი - ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
2019 წელს გენერალური აუდიტორის ქ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრის შედეგად განახლებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო აუდიტის, მეთოდოლოგიისა და სტანდარტიზაციის საკითხებში გამოცდილების გაზიარებას, პარალელური აუდიტების ჩატარებას, ექსპერტული და ანალიტიკური აქტივობებისა და საერთო კვლევითი პროექტების განხორციელებას. 2020-2021 წლებში ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში აზერბაიჯანის საანგარიშო პალატას აუდიტის სამსახურმა გამოცდილება გაუზიარა აუდიტის მეთოდოლოგიების, შესყიდვების აუდიტის, საგარეო ვალის აუდიტის, IT აუდიტის, ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებზე.
ბელგია
2018 წელს ბელგიის აუდიტის სასამართლოში გენერალური აუდიტორის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად გამართული ვიზიტის ფარგლებში ბელგიის აუდიტის სასამართლოს პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრისა და გაფორმებული მემორანდუმით საფუძველი ჩაეყარა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმის ფარგლებში 2019 წელს ბელგიის აუდიტის სამსახურმა მიიწვია აუდიტის სამსახურის თანამშრომლები სტაჟირების პროგრამაზე, რაც EUROSAI-ს სტაჟირებისა და სამივლინებო პროგრამის ფარგლებში წარიმართება.
გერმანია
გერმანიის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. გერმანელი კოლეგები უზრუნველყოფდნენ სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკურ მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით: გარე საფინანსო კონტროლის სამართლებრივი ჩარჩოების გაუმჯობესება და უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტებთან (ISSAI) შესაბამისობაში მოყვანა, ეფექტიანობისა და ფინანსური აუდიტების გაძლიერება, სამსახურის წლიური ანგრიშების დახვეწა, სტრატეგიული და წლიურ დაგეგმვა, სამსახურის რეორგანიზაცია და აუდიტის მართვის პროგრამის (AMS-ის) დანერგვა.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია საჯარო აუდიტის სფეროში ექსპერტული ცოდნის ურთიერთგაცვლა. კერძოდ, 2018 წელს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს წარმომადგენლებმა აუდიტის სამსახურის აუდიტორებს ტრენინგენზე „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS)“ დანერგვაში ბრიტანული გამოცდილება გაუზიარეს. გარდა ამისა, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური ჩართული იყო „საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ დოკუმენტის მომზადებაში. მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში სამსახური მონაწილეობს დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილ EUROSAI-ის საპროექტო ჯგუფში COVID-19 პანდემიის რეაგირების აუდიტზე. ასევე, სამსახურის თანამშრომლებმა სერტიფიცირება გაიარეს ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტში IT აუდიტის მიმართულებით.
ისრაელი
ისრაელში უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო გაერთიანებების 2019 წელს გამართული EUROSAI-ASOSAI-ს ერთობლივი კონფერენციის ფარგლებში, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის ისრაელში ვიზიტის დროს, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ისრაელის სახელმწიფო კონტროლიორთან. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ორ ქვეყანას შორის დამყარებული ურთიერთობები აუდიტორულ ინსტიტუციებს შორის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
კორეა
2016 წელს კორეის აუდიტისა და ინსპექციის საბჭოში გამართული ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კორეის მხარეს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის მხარდაჭერას, მათ შორის, აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების მიმართულებით. საბჭომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია სამსახურს ვებ-პლატფორმა - ბიუჯეტის მონიტორის განვითარებაში, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ სანდო ინფორმაცია საჯარო ფინანსების საკითხებთან დაკავშირებით. მემორანდუმის ფარგლებში 2018 წელს კორეის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქმიანობის გაცნობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. სამსახურის მონაწილეობით დელეგაცია ასევე გაცნობითი სახით შეხვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის წევრებს.
ლატვია
ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან 2010 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას. ლატვიის აუდიტის სამსახურის მრავალწლიანი მხარდაჭერის ფარგლებში დაიხვეწა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების ჩატარების პრაქტიკა და გაუმჯობესდა აუდიტის დაგეგმვის პროცესში რისკების ანალიზი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლატვიის აუდიტის სამსახური 2015 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მხარდაჭერას გარე აუდიტის როლის გაზრდასთან დაკავშირებით. 2018 წელს ლატვიის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აუდიტის სამსახურს დაეხმარნენ ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავებაში. 2018 წელს, გენერალურ აუდიტორსა და ლატვიის რესპუბლიკის გენერალურ აუდიტორს შორის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეუერთდა EUROSAI-ს საკომუნიკაციო სამოქმედო ჯგუფს. ორმხრივი თანამშრომლობა გაღრმავდა 2019 წელს გამართულ აუდიტის სამსახურსა და საპარლამენტო დელეგაციის მაღალი რანგის შეხვედრებზე ლატვიის აუდიტის სამსახურში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და ლატვიის პარლამენტში. 2020 წელს გაიმართა გამოცდილების გაზიარების ონლაინ შეხვედრები ბიუჯეტის შესახებ წლიური ანგარიშისა და IT აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. 2022 წელს ლატვიის აუდიტის სამსახურის საბჭოს წევრი დაეხმარა სამსახურს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ეთიკისა და კეთილსინდისიერების (IntoSAINT – INTOSAI Self Assessment INTegrity) განმეორებითი თვითშეფასების განხორციელებაში.
ნიდერლანდები
ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოსთან 2012 წლიდან არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ქ. ჰააგაში 2014 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის EUROSAI IX კონგრესზე მონაწილეობის კვალდაკვალ, 2018 წელს გენერალურ აუდიტორისა და ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოს პრეზიდენტს შორის ორმხრივი შეხვედრის შედეგად საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, აუდიტის სამსახურში შეიქმნა აუდიტის ხარისხის კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა. 2020-2022 წლებში საოლქო პროგრამის ფარგლებში ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან აუდიტის სამსახურში რამდენიმე ვიზიტითა და ათამდე ონლაინ შეხვედრით მიმდინარეობს გამოცდილების გაზიარება ბიუჯეტის ანალიზის, აუდიტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და საგარეო ურთიერთობების კუთხით შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მოლდოვის, რუმინეთის და უკრაინის აუდიტორული ორგანიზაციებს მონაწილეობით. ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის მხარდაჭერით 2018 და 2022 წლებში აუდიტის სამსახურში ჩატარდა INTOSAI-ს ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით (IntoSAINT-ის მეთოდოლოგიით) მნიშვნელოვანი თვითშეფასება.
ნორვეგია
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით 2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისყიდა და დანერგა აუდიტის მართვის სისტემა (AMS). სისტემა უზრუნველყოფს აუდიტის ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას მთელი სამსახურის მასშტაბით, მნიშვნელოვნად ზრდის აუდიტის ხარისხსა და სამსახურის ეფექტიანობას.
პოლონეთი
2014 წელს პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სემინარების, კონფერენციების, სტაჟირებებისა და სხვა პროექტების განხორციელებას. პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურის პრეზიდენტის ინიციატივით, 2015 წელს, საქართველოს, მოლდოვის, პოლონეთისა და უკრაინის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს შორის ხელმოწერილ იქნა პარტნიორობისა და თანამშრომლობის მრავალმხრივი დეკლარაცია. თანამშრომლობის ფარგლებში, აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს პოლონეთის აუდიტის სამსახურის ტრენინგ ცენტრში არაერთი ტრენინგი.
საუდის არაბეთი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური აუდიტის სასამართლოს მიერ დაარსებული ფონდის საგრანტო კონკურსში მოიპოვა გრანტი 100,000 აშშ დოლარის ოდენობით. მიღებული დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა ვირტუალური სამუშაო მაგიდის ინფრასტრუქტურის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს სამსახურის IT სისტემების ცენტრალიზირებას, ოპტიმიზაციასა და უსაფრთხოების გაძლიერებას.
სომხეთის რესპუბლიკა
2018 წელს სომხეთის რესპუბლიკის აუდიტის პალატის წარმომადგენლობითი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ქვეყნებს შორის განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიის საკითხებში ცოდნის გაზიარებას, კონფერენციების მოწყობას და გამოცდილების გაზიარებას.
უკრაინა
უკრაინის საანგარიშო პალატასთან აუდიტის სამსახურს მჭიდრო ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონული ურთიერთობა გააჩნია. 2018 წელს უკრაინის საანგარიშო პალატის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში უკრაინის საანგარიშო პალატის თანამშრომლებმა 2019 წელს სტაჟირება გაიარეს აუდიტის სამსახურში ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტების მიმართულებით. იმავე წელს, რეგიონული ურთიერთობების ფორმატში, სამსახურმა უმასპინძლა აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებთან, ბელარუსის აზერბაიჯანისა და სომხეთის აუდიტის სამსახურებს GIZ პროექტის ფარგლებში პარალელური აუდიტის განსახორციელებლად. სამსახური ჩართულია უკრაინის ინიციატივით შექმნილ EUROSAI-ის კატასტროფებისა და უბედური შემთხვევებით გამოწვეული სახსრების აუდიტის სამუშაო ჯგუფში.
ფინეთი
2019 წელს ფინეთის ეროვნული აუდიტის სამსახურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ აუდიტორსა და ფინეთის გენერალურ აუდიტორს შორის ორმხრივი შეხვედრისას საქართველოსა და ფინეთის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. ორი ქვეყნის გენერალური აუდიტორების მიერ ქ. ჰელსინკიში ხელმოწერილი მემორანდუმი აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
შვედეთი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შვედეთის ეროვნულ აუდიტის სამსახურს შორის 2010 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა საჯარო მმართველობის სფეროში მისი როლის ეფექტურად შესასრულებლად. შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის მხარდაჭერით დაინერგა ეფექტიანობის აუდიტი. ამასთანავე, სამსახურმა შეიმუშავა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის სახელმძღვანელოები.