სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული შესყიდვების და განაწილების პროცედურების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით ბინების კონკურსის წესით შესყიდვა
თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, მენაშენის მოთხოვნით, სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდის საფუძვლით, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება. ფასების ზრდის პერიოდისთვის, სააგენტოს მიერ 100%-ით იყო გადახდილი ავანსი, რომელიც სრულად ფარავდა მშენებლობის თვითღირებულებას. ამასთანავე, არ მომხდარა გარემოებათა სხვა არსებითი ცვლილება, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო. შედეგად, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა.
გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზებით (მიწოდების ვადის შეზღუდვის და მშენებლობის ნებართვის ვადის ამოწურვის გამო), უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არსებობდა შეძენის აუცილებლობა და დაფინანსების წყარო, ამასთანავე, არ არსებობდა მიწოდების ვადის შეზღუდვის აუცილებლობა, ხოლო კომპანია თანახმა იყო მიემართა შესაბამისი უწყებისთვის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილება
რიგ შემთხვევებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საჭიროების სრულყოფილი შესწავლისა და ასევე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, კრიტერიუმის გამოყენების გარეშე მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილება წარმოებდა შეფასების ჯამური ქულის გაუთვალისწინებლად.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცესში, დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც საკითხის განხილვის მომენტისთვის არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას. კერძოდ, რიგი დევნილი ოჯახებისა, ბინების განაწილების წინა პერიოდებში, მესამე პირებთან დებდნენ გარიგებებს, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების ჩუქების, თუ ნასყიდობის ფორმით, რამაც შექმნა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი სტატუსის კრიტერიუმის შეუსაბამოდ მიღების წინაპირობა.